„ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონმდებლობას, რომელიც მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრების თავისუფლებას უზღუდავს.
იურისტების შეფასებით, მშვიდობიანი შეკრების უფლება, გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად, ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს. „ქართული ოცნება“ კი გეგმავს ეს უფლება შეუზღუდოს საქართველოს მოქალაქეებს.
დაგეგმილი ცვლილებებით პროტესტის გამოხატვისას გზის გადაკეტვა ან დროებით კონსტრუქციის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
„ქართული ოცნება“ ცვლილებებს პროევროპული პროტესტის ჩასახშობად იღებს, თუმცა კანონად ქცევის შემთხვევაში, ის გავრცელდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე და ხელისუფლებას მისცემს ბერკეტს, დააპატიმროს ყველა, ვინც კი პროტესტს გამოხატავს და გზას გადაკეტავს.
როგორ შეეხება ეს რიგით ადამიანებს?
„ბათუმელებმა“ აჭარაში გასულ წლებში გამართულ საპროტესტო აქციებს გადაავლო თვალი და საარქივო მასალებზე დაყრდნობით გაჩვენებთ, რას ვეღარ გააპროტესტებთ, თუკი „ქართული ოცნება“ კანონს შეცვლის.
2025 წლის 25 სექტემბერს აჭარის მთავრობის სახლის წინ სოფელ ბობოყვათში მცხოვრებლები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. საპროტესტო აქციაზე გამოსულთა ნაწილი ტროტუარზე იდგა, ნაწილი კი ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე. ცნობისათვის, ბობოყვათის მოსახლეობა აჭარის მთავრობისგან ითხოვს დაუბრუნოს ე.წ. „მამაპაპისეული მიწები“ ან მისცეს კომპენსაცია. ეს მიწა თავის დროზე ინვესტორებს გადასცეს.
ბობოყვათში მცხოვრებლები წლებია მიწების გასხვისებას აპროტესტებენ. მათ არაერთი აქცია აქვთ დღემდე გამართული.
ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელსაც „ქართული ოცნება“ გეგმავს, თუ ბობოყვათში მცხოვრებლები აქციას ისევ გამართავენ და გზას გადაკეტავენ, მათ 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ.

ბობოყვათელების საპროტესტო აქცია ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ. ფოტო: IPN
2021 წლის 21 მარტს ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებმა ფრიდონ ხალვაშის გამზირი გადაკეტეს, ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი მაგისტრალი.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვდნენ იმ კრიტერიუმების დადგენას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებოდა თუ ვინ მიიღებდა ბინას „ოცნების ქალაქში“ მშენებარე საცხოვრებელ კორპუსებში.
მოსახლეობას გზა დაახლოებით 2 საათი ჰქონდა გადაკეტილი.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა ფროდონ ხალვაშის გამზირი გადაკეტეს / 21.03.2021
„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ახლაც გრძელდება. თუ მოსახლეობა ისევ გადაწყვეტს, რომ აქცია გამართოს და გზა გადაკეტოს, აქციის მონაწილეებს ახალი საკანონმდებლო ცვლილებით მინიმუმ 15 დღით დააპატიმრებენ.
2018 წელს ბათუმში იპოთეკით დაზარალებულმა მოქალაქეებმა ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს. ამ ფორმით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობას დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხების დაპირება შეახსენეს. ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, მოქალაქეებს მსგავს საპროტესტო აქციის გამართვისთვის 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ელით.

იპოთეკით დაზარალებულებმა ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს
18/04/2018
2018 წლის 8 ივნისს ხულოში, სოფელ ბოძაურში, მოსახლეობამ გზა გადაკეტა. პროტესტის მიზეზი კომპენსაციაა, რომელიც, მოსახლეობის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა გადაეხადა მათთვის.
თუ რომელიმე სოფლის მოსახლეობა მათი პრობლემებისათვის ყურადღების მისაქცევად გზის გადაკეტვას ეცდება, საკანონმდებლო ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ელით.

მოსახლეობამ ხულოში საავტომობილო გზა გადაკეტა
- რას ითვალისწინებს “ქართული ოცნების” ახალი საკანონმდებლო ინიციატივა
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 13 ოქტომბერს წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.
მისი თქმით, ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. კერძოდ:
- შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბის დაფარვის, ცრემლსადენი ანდა მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის, ან დროებით კონსტრუქციის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
- იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენილი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას 1 წლამდე ვადით. ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება გამოიწვევს 2 წლამდე ვადით პასუხისგებაში მიცემას.
- სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. ამასთანევე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი.






