მთავარი,სიახლეები

საზღვაო აკადემიის ელიტა სტუდენტების გადასახადების ხარჯზე

30.05.2012 • 1906
საზღვაო აკადემიის ელიტა სტუდენტების გადასახადების ხარჯზე

ავტორი: ეთერ თურაძე

ილია ნარეკლიშვილი საზღვაო აკადემიის სტუდენტია და თავისი სოციალურად დაუცველი თანაკურსელებისგან თუნდაც იმით განსხვავდება, რომ სკოლის პერიოდში ორჯერ მოხვდა ციხეში. ციხიდან პირობითი სასჯელით გამოსულმა ბიჭმა დღე და ღამე ბეჯითად იმეცადინა და საზღვაო აკადემიაში ჩააბარა, მაგრამ თანხის გადაუხდელობის გამო მას აკადემიამ სტატუსი შეუჩერა.

„ბათუმელები” გასული ორი კვირის განმავლობაში იმის გარკვევას ცდილობდა, არის თუ არა პრიორიტეტული აკადემიისთვის იმ სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა თავისივე შემოსავლებიდან, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და ვერ ახერხებენ სწავლების საფასურის დაფარვას?

რას ხმარდება აკადემიაში 1700-მდე სტუდენტის მიერ შეტანილი სწავლის გადასახადი, რასაც აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებაც ემატება? როგორც საზღვაო აკადემიის თანამშრომლები არაოფიციალურად გვატყობინებენ, აკადემიის შემოსავლის სოლიდური ნაწილი ნიკოლოზ წიკლაურის რექტორად დანიშვნის შემდეგ თბილისიდან მოწვეული თანამშრომლებისთვის ბინების დაქირავებას მოხმარდა. საზღვაო აკადემია წელსაც დახარჯავს თანხას რამდენიმე თანამშრომლის ბინით უზრუნველყოფაზე. ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანებმა, ვისგანაც შარშან აკადემიამ ბინები იქირავა, რამაზ ხალვაშისგან განსხვავებით (აკადემიაში გასული წლის ტენდერის აპარატის წევრი), „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხელშეკრულება უკვე გააგრძელეს.

აკადემიაში დასაქმებული პროფესორების ჯგუფის აზრით (ისინი საკუთარი ვინაობის გამხელაზე უარს სამსახურის დაკარგვის შიშით ამბობენ), 2011 წელს ხუთი ადამიანის _ ნიკოლოზ წიკლაურის, გიორგი წიკლაურის, ეკატერინე სირაძის, მაია დონაძისა და გიორგი ჩხეტიანის –საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად აკადემიამ 175 ათასი ლარი დახარჯა. მაგალითად, აკადემიის თანამშრომლები ეჭვობენ, რომ ბიბლიოთეკარ მაია დონაძისთვის, რომელიც „აკადემიაში ნიკოლოზ წიკლაურის გარექტორებისთანავე მოიწვიეს და მისი მეგობარია, ბინის დასაქირავებლად აკადემია ყოველთვიურად 2 000 ლარს ხარჯავს“. „ბათუმელებმა” ამ ინფორმაციის დოკუმენტურად გადამოწმება ნაწილობრივ მოახერხა. მოპოვებული დოკუმენტების თანახმად,

აკადემია მაია დონაძისთვის ბინას თვეში 1 080 ლარად ქირაობს. ბიბლიოთეკარისთვის 65 კვადრატული მეტრი ბინა ბათუმში, რუსთაველის ქუჩის #57-ში, აკადემიამ თბილისში მცხოვრები ირმა ბერძენიშვილისგან იქირავა. გამქირავებელი ამბობს, რომ ხელშეკრულება იმავე პირობებით წელსაც გააგრძელეს.

მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ბინა, რომელშიც მაია დონაძე ცხოვრობს, უზრუნველყოფილია ევრორემონტით. ეს ბინა თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯითაც არის აღჭურვილი. საზღვაო აკადემია 950 ლარად კიდევ ერთ ბინას (აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილისთვის) ბათუმელი ვიტალი კიკაბიძისგან ქირაობს. ეს ბინაც რუსთაველის ქუჩის #57-ში მდებარეობს. გამქირავებელმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ საზღვაო აკადემიასთან ხელშეკრულებას წელსაც აგრძელებს. პირობები ამ შემთხვევაშიც უცვლელია.

„ხელშეკრულების საერთო ღირებულება 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეადგენს 41 355 ლარს… დამქირავებელი გამქირავებელს უხდის თვეში 4595 ლარს“, – ეს კი საზღვაო აკადემიასა და კერძო პირს შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობაა და ნიკოლოზ წიკლაურისთვის ბინის დაქირავებას ითვალისწინებს (მანამდე, ანუ 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის 31 მარტამდე, ნიკოლოზ წიკლაური ბათუმში, ძირითადად, ორ სასტუმროში _ „შერატონსა“ და „სანაპიროში“ –ცხოვრობდა. ამ სასტუმროებში 6 თვით ცხოვრებას 45 ათასამდე ლარი მაინც სჭირდება. სასტუმროს ხარჯების შესახებ „ბათუმელებმა“ გასულ წელს დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა).

308 კვადრატული მეტრი ბინა ნიკოლოზ წიკლაურისთვის საზღვაო აკადემიამ ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩის #6-ში, ანზორ ხარაზისგან დაიქირავა. წელსაც გადაიხდის თუ არა აკადემია იმავე რაოდენობის თანხას რექტორის ბინით უზრუნველყოფისთვის, ჯერჯერობით უცნობია.

ბინების დაქირავებისთვის გაღებული ხარჯები ერთ-ერთია, რაც აკადემიის თანამშრომლების აღშფოთებას იწვევს. ამ ჯგუფს რექტორის მიერ მიღებული ბევრი სხვა გადაწყვეტილებაც არ მოსწონს. მაგალითად, მათ არ მოსწონთ, როცა მივლინებით „მხოლოდ ის და მისი თანაშემწე სარგებლობენ და ამ საქმეს გასულ წელს 160 ათასი ლარი დაახარჯეს. მაშინ, როცა 2010 წლამდე აკადემიის ბიუჯეტში მივლინებაზე გათვალისწინებული ხარჯები 30 000 ლარი იყო“, მივლინებებს საგანმანათლებლო დაწესებულებები მეტწილად საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებისთვის იყენებენ. როდესაც ლევან ვარშალომიძემ აკადემიის რექტორის თანამდებობაზე საზოგადოებას ნიკოლოზ წიკლაური წარუდგინა, მაშინ ითქვა, რომ მას სწორედ აკადემიის საერთაშორისო იმიჯის გაზრდაზე უნდა ეზრუნა.

აკადემიის ვებგვერდზე, განყოფილებაში – აკადემიის საერთაშორისო კავშირები“, მართლაც მითითებულია ამ საგანმანათლებლო დაწესებულების საერთაშორისო კავშირებზე, ოღონდ იქვე წერია, რომ ეს კავშირები 2006 წელს დამყარდა, აქ არაფერია ნათქვამი ნიკოლოზ წიკლაურის მართვის წლებში აკადემიის მიერ დამყარებულ კავშირებზე.

თანამშრომლებს მოქმედი რექტორის მიმართ სხვა პრეტენზიებიც აქვთ. მათ არ მოსწონთ, „მოსვლისთანავე საკუთარი კომფორტის მოსაწყობად „მერსედესის“ მარკის ავტომობილი რომ შეიძინა, რომელშიც გადაიხადა 48 000 ლარი, მობილურ ტელეფონში – 4 097 ლარი, ხოლო საკუთარი კაბინეტის ავეჯში – 47 000 ლარი“. განსაკუთრებით კი ის არ მოსწონთ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ დააზუსტეს, „2011 წელს მანქანის რემონტსა და საწვავში მართლა 70 ათასი ლარი დაიხარჯა, თუ უფრო ნაკლები”.

ამ საკითხების დაზუსტება გასულ კვირას „ბათუმელებმა“ თავად ნიკოლოზ წიკლაურთან სცადა. ნიკოლოზ წიკლაურმა ითხოვა, რომ სიზუსტისთვის მისთვის წერილი გაგვეგზავნა და ტელეფონი გათიშა („ბათუმელები“ აკადემიის რექტორთან ბლიცინტერვიუს შემდეგ ნომერში გამოაქვეყნებს).

დაბოლოს, ნიკოლოზ წიკლაურის შემოსავალი შარშან, ყოველთვიურად, პრემიისა და ხელფასისი სახით 5 800 ლარი იყო. მაღალი ხელფასი და პრემია აქვს აკადემიის კიდევ რამდენიმე თანამშრომელს. აკადემიის თანამშრომლების აზრით, „მათ შორის იმათაც, ვისთვისაც აკადემია ბინებს ქირაობს და რომლებიც თითქმის არ დადიან აკადემიაში“.

მათი ყოველთვიური ხელფასი მინიმუმ 2000 ლარია, რასაც ამდენივე პრემია ემატება ყოველთვიურად.

ილია ნარეკლიშვილს კი, რომლის ისტორიითაც ეს სტატია იწყება და რომლის შესახებაც ქართულ მედიაში არაერთი სტატია თუ სიუჟეტი მომზადდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ თანამშრომელი ამბობს, „ბათუმის მერიამ ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში

1000 ლარი გამოუყო (დემოკრატიის ინსტიტუტმა თავის დროზე ნარეკლიშვილის ქცევაზე პასუხისმგებლობა აიღო და პირობითი სასჯელით გამოუშვეს საპატიმროდან). თუმცა ეს არ იყო საკმარისი თანხა სწავლის გადასახადის დასაფარად. ამიტომ სათანადო თანხის შესაგროვებლად (სწავლების საფასური და ფასიანი გამოცდები) ილია ნარეკლიშვილი თურქეთში წავიდა და დღემდე იქ მუშაობს“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: