განათლება,მთავარი,სიახლეები

„სამართლიანი არჩევნები“ ბსუ-ს რექტორის არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს

28.02.2025 •
„სამართლიანი არჩევნები“ ბსუ-ს რექტორის არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს

„სამართლიანი არჩევნები“ [ISFED] ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს.

ამის თაობაზე ორგანიზაციამ განცხადება დღეს, 28 თებერვალს გააკეთა.

„სამართლიანი არჩევნები“ სასამართლოში რექტორობის კანდიდატის არჩილ გუჩმანიძის ინტერესებს დაიცავს.

ბსუ-ს რექტორის ასარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი 21 თებერვალს წარადგინეს.

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 2025 წლის 21 იანვარს გაიმართა.

არჩევნებში ორი კანდიდატი, აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ წევრი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, არჩილ გუჩმანიძე მონაწილეობდნენ. აკადემიური საბჭოს წევრებმა, ერთის გარდა, მხარი დაუჭირეს ტიტე აროშიძის კანდიდატურას.

არჩილ გუჩმანიძემ არჩევნებამდე განაცხადა, რომ უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ, „ოცნების“ მაღალჩინოსნები დაემუქრნენ და სთხოვდნენ, მოეხსნა თავისი კანდიდატურა.

ISFED-ის განცხადებით, მათ შეისწავლეს რექტორის არჩევნებთან დაკავშირებული მასალები და გამოავლინეს არსებითი დარღვევები რექტორის არჩევნებთან მიმართებით.

„უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 21-ე მუხლის თანახმად, აკადემიური საბჭო თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, სიითი უმრავლესობის შემადგენლობით ირჩევს რექტორს.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოქვეყნებული მასალები შეისწავლა და გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები. არჩევნები არსებითი პრინციპების დარღვევით ჩატარდა.

დარღვეულია მნიშვნელოვანი პრინციპები, კერძოდ – გამჭვირვალობის და მიუკერძოებლობის, რადგან ამ არჩევნებში მონაწილეობდა დაინტერესებული პირი, ტიტე აროშიძის ძმა, პაატა აროშიძე, რომელიც იყო იმ აკადემიური საბჭოს წევრი, რომელმაც ახალი რექტორი აირჩია.

როგორც ბსუ-ში განაცხადეს, პაატა აროშიძის აცილებას არ ითვალისწინებდა დებულება, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს აცილების ვალდებულება გააჩნია.

კანონში წერია, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზნებისთვის კი ნათესავად ითვლება და ან ძმა.

აქედან გამომდინარე, პაატა აროშიძეს ვალდებულება ჰქონდა საკუთარი ძმის არჩევნებში აერიდებინა მონაწილეობა“- ამბობს ადვოკატი მეგი ბაკურიძე.

ISFED-ის განცხადებით, ბსუ-ის რექტორის ასარჩევად გამართულ კონკურსში, ასევე, დაირღვა კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპები.

ხმის დათვლის პროცესში დამსწრე პირებს, მედიის წარმომადგენლებს, კანდიდატებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს იმ მიზეზით დაატოვებინეს დარბაზი, რომ ხმის დათვლის პროცედურა ფარულად უნდა ჩატარებულიყო.

„საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია.

უნივერსიტეტი არ უნდა განიცდიდეს სოციალური, პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფებისა თუ პარტიების გავლენას. სახელმწიფოს ჩარევა უნივერსიტეტის ფუნქციონირებაში, სასწავლო -კვლევით და ადმინისტრაციულ საქმიანობაში დაუშვებელი უნდა იყოს, რადგან მის კომპეტენციას სცილდება სწავლების, სწავლისა და კვლევის პრინციპების განსაზღვრა.

შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, უნივერსიტეტებში პროცესები წარიმართოს გავლენებისგან თავისუფლად და სამართლიანად“.

არჩილ გუჩმანიძემ ბსუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც მის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები“ დაიცავს.

„წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ბსუ-ის რექტორის შესარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა“ – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.

არჩევნები სტუდენტების საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. სტუდენტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ რექტორად „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლის დანიშვნა უნივერსიტეტის მიტაცების მცდელობაა „ქართული ოცნების“ მხრიდან.

გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ტიტე აროშიძე აქტიურად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში. რუსული კანონის საპარლამენტო განხილვების დროს ის აქტიურად იყო ჩართული ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებაში, წინასაარჩევნოდ კი, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ტიტე აროშიძე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში ბავშვებს ომით აშინებდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: