ერთ-ერთ საქმეზე, რომლის შესახებაც ამ მასალაში წაიკითხავთ, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის ხელის გარტყმა, რომლის შემდეგაც პოლიციელს ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“], რომელსაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, არის?!
სასამართლომ კონკრეტულ შემთხვევაზე, სადაც პოლიციელს ხელის დაარტყეს, დაადგინა შემდეგი:
„პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს განყოფილების უფროსი [გ.ჯ] და ამავე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი სამსახურებრივი ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსით“ ახორციელებდნენ ქუჩების შემოვლას, რა დროსაც მათ უკნიდან დაეჯახათ „ვაზ 2106“ მარკის ავტომანქანა, რის შემდეგაც ალკოჰოლით მთვრალი დ.ფ გადმოვიდა დაზიანებული ავტომანქანიდან, თავს დაესხა სიტუაციაში გარკვევის მიზნით მასთან მისულ რაიონული სამმართველოს განყოფილების უფროსს [გ.ჯ-ს] და სახის არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ამავე საქმეში არსებული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულმა პოლიციელმა მიყენებული დარტყმის შედეგად მიიღო ტუჩის შესივება, ნახეთქი და ირგვლივ სისხლნაჟღენთი. [საქმე №967აპ-21].
ბრალდების შესახებ დადგენილებით დ.ფ-ს ბრალი წაუყენებს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 -ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავდასხმას პოლიციელზე მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა ბრალდებული დ.ფ 3531-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და დაადგინა, რომ მითითებული ქმედება არ წარმოადგენს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეში სასამართლომ ბრალდებულს პოლიციელისათვის მიყენებული ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების გამო თავდაპირველად სასჯელის სახით შეუფარდა ჯარიმა 2800 ლარის ოდენობით, რომელიც 800 ლარით შეამცირა სააპელაციო სასამართლომ და საბოლოოდ განუსაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.
უზენაესი სასამართლოს ეს და სხვა გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.
მითითებულ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2022 წლის 4 აპრილს.
- რა ხდება?
ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.
გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.
მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მან შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.
მზია ამაღლობელი ამ ეტაპზე კლინიკა „ვივამედში“ რჩება.
ამ თემაზე:
პოლიციელისთვის მუშტის დარტყმაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს თავდასხმა არ არის. სილის გაწვნა არის?






