მალვინა ზაქარაძე 8 წლის შვილს მარტო ზრდის. ქმრის ოჯახიდან ოთხი წლის წინ წამოვიდა და შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს. „ვმუშაობ ნახევარფაბრიკატებში, 12 საათი ვდგავარ ფეხზე, დღეში 50 ლარი ხან გამოდის, ხან – არა. თუ გინდათ გადაამოწმეთ, ყოველ დღე ვმუშაობ, კვირაში ერთი დღეა დასვენება. ბავშვს გეფიცები დღეს ქირა მაქვს გადასახდელი – 500 ლარი. არ მაქვს. უფროსს ვთხოვე ავანსის სახით და ქირა მაინც ვერ გადავიხადე, მამაჩემს წამლები ვუყიდე“, – ჰყვება ახალგაზრდა ქალი.
მალვინას მარტოხელა დედის სამართლებრივი სტატუსი არ აქვს და არც სოციალური შემწეობა მისცეს, სახელმწიფოსგან იგი მხოლოდ ბავშვისთვის დანიშნულ 200-ლარიან დახმარებას იღებს: „სოციალურშიც მივედი, მერიაშიც მივედი, ვერ ვუმტკიცებ, რომ მარტოხელა ვარ, ან მკვდარი უნდა იყოსო… ისე ვერ მოგცემთ მარტოხელობის სტატუსსო, მაშინ უნდა გადაახდევინო ალიმენტიო“. ალიმენტი არ გადაიხადა“.
მარტოხელა მშობლების ოჯახები, საზოგადოების ფინანსურად ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორისაა, სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის განსაკუთრებულად მომატებული რისკის ქვეშ არიან მარტოხელა მშობლები მცირეწლოვანი, ანუ მშობელზე დამოკიდებული შვილებით, რომლებიც მუშაობას ვერ ახერხებენ და შემოსავლის გარეშე რჩებიან.
მალვინა: „ჩემი ძმა სამჯერ ნაავარიებია, რძალი შშმ პირია, მათაც მე ვეხმარები, დედა მყავს ავადმყოფი. წინა თვეში მამაჩემს ოპერაცია გავუკეთე სიმსივნური გამონაზარდი ჰქონდა. ოპერაცია მთლიანად არ დამიფინანსეს, 700 ლარი გადავიხადე, თანამშრომლებმა ამიკრიბეს ფული და იმით გადავიხადე. ყველა ერთად არ ვცხოვრობთ, მე და ჩემი შვილი ვცხოვრობთ ქირაში, მშობლები ხელვაჩაურში ცხოვრობენ, მათი სახლი გაბზარულია. ვითხოვეთ დახმარება, ყურადღება არ მოგვაქციეს. ფაქტობრივად, მე ვზრუნავ ყველაზე“.
საქართველოში დაახლოებით 8000 ადამიანს აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი, მათი სრული უმრავლესობა დედაა, მხოლოდ 168 არის მამა.
მარტოხელა მშობლის სამართლებრივი სტატუსის საკმაოდ შეზღუდული კრიტერიუმების გამო [ბავშვი არის დედის გვარზე, მეორე მშობელი გარდაცვლილია ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად], სტატუსის გარეთ რჩება ყველა ის მშობელი, რომელსაც ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის გვარი უწერია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო [მაგალითად, დაშორება, პარტნიორის პატიმრობა] მარტო ზრდის შვილს.
საქართველოს მთავრობას მარტოხელა მშობლების მხარდაჭერის ერთიანი სტრატეგია არ გააჩნია. ექნება თუ არა ამ სტატუსის მქონე მშობელს რაიმე სახის მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, თითოეული მუნიციპალიტეტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს. ძირითადად ეს მხარდაჭერა ფულადი შემწეობაა, ისიც ზოგან ერთჯერადი. მაგალითად ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მარტოხელა მშობელზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 400 ლარის ოდენობით.
ბათუმის მუნიციპალიტეტში მარტოხელა მშობლების ყოველთვიური დახმარების პროგრამა 6 წლის წინ ამოქმედდა. მაშინ დახმარების თანხა 60 ლარი იყო. 2015 წლიდან თანხა გაორმაგდა, მას შემდეგ, დღემდე – 120 ლარია.
ხულოს მუნიციპალიტეტში ეს პროგრამა მხოლოდ 2023 წელს ამოქმედდა, სადაც დახმარების თანხა, აჭარის სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტების [ქედა, შუახევი და ქობულეთი] მსგავსად – 100 ლარია; ხელვაჩაურში მარტოხელა მშობლები წელიწადში ერთხელ, დედის დღეზე იღებენ 1000-ლარიან დახმარებას.
სახელმწიფოსგან ერთადერთი საყოველთაო შეღავათი, რაც მარტოხელა მშობლებისთვის არის დაწესებული, საგადასახადო შეღავათია, კერძოდ მათთვის, წელიწადში 3000 ლარამდე [ანუ 300 ლარამდე ხელფასი] მიღებული შემოსავალი არ იბეგრება.
სხვა სახის შეღავათები და მხარდამჭერი პროგრამები, როგორიცაა მაგალითად შეღავათები კომუნალურებზე [ბათუმში ვრცელდება სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლებზე], ან განვითარებასა და დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამები – საქართველოს მთავრობას არ აქვს.
„როგორც ვიცი, წელიწადში ერთხელ 200-ლარიანი სააფთიაქო ვაუჩერიც მეკუთვნის“, – ამბობს ბელა შანავა, რომლის შეფასებითაც 120-ლარიანი შემწეობა, ბავშვის მინიმალურ საჭიროებებსაც ვერ ფარავს, განსაკუთრებით იმ დედებისთვის, ვისაც მასავით ქირით უწევს ცხოვრება.
„თუ ანგარებაში არ ჩამომერთმევა, მუნიციპალიტეტი უნდა გასცემდეს იმხელა შემწეობას, რამდენსაც სახელმწიფო მეორე მშობელს ალიმენტის სახით დააკისრებდა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით – ქირით ცხოვრობს ეს ადამიანი თუ რა. ალბათ 800 ლარი მაინც უნდა გასცეს სახელმწიფომ, რომ დააკმაყოფილოს ბავშვის საჭიროებები, რომელიც საკვებისა და ტანსაცმლის გარდა ბევრნაირია, მათ შორის სხვადასხვა წრეები, ექსკურსია“, – ამბობს ის.
მალვინა, რომელიც კვირაში 6 დღე, 12 საათიანი გრაფიკით მუშაობს, ამბობს, რომ მისი მოუცლელობის გამო, ზოგჯერ ბავშვი ავადმყოფ ბებიას მიჰყავს სკოლაში. „ხან ცუდად ხდება და იქიდან მე მომყავს“, – ამბობს ის. – „მე რომ ვმუშაობ ის 200 ლარიანი დახმარება, რაც ბავშვს აქვს დანიშნული, გადავანაწილე იმაზე, რომ ბავშვს მასწავლებელი ავუყვანე და ცეკვაში დამყავს, ცეკვაში 30 ლარია გადასახადი, ქართული და მათემატიკა – 70 ლარია ერთ საგანი.
ძალიან კარგი იქნებოდა უფასო რომ იყოს ასეთი რამ, მე რომ ახლა ეს 200 ლარი გადასახდელი არ მქონდეს, რაღაცას მაინც გავაკეთებდი, მამაჩემს წამლებს ვუყიდდი… მაგრამ უნდა გადავუხადო იმიტომ, რომ ბავშვს გაჭირვება გაჭირვებად ხომ ვანახე ეს ოთხი წელი… ყველანაირი გაჭირვება ვანახე. მეტი გზა არ მქონდა… ახლაც ბიძაშვილს უნდა ვთხოვო ფული, რომ დავამატო და ქირა რამენაირად ავათავო“.
სკოლის შემდგომი [გახანგრძლივებული] და კლასგარეშე აქტივობების ხელმისაწვდომობა ევროკავშირში, მხარდაჭერის მექანიზმად განიხილება მარტოხელა მშობლებისთვის, რომლებიც ცდილობენ ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობები, სამუშაოსთან დააბალანსონ.
ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკაა ნანტის ნორდში, საფრანგეთის ქალაქის რაიონში, სადაც მარტოხელა ოჯახები მოსახლეობის 40 პროცენტია. იქ 2011 წელს შეიქმნა სპეციალური მომსახურების პუნქტი, „Relais Nord“, რათა განეხილა ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებული ყველა განცხადება და გამოევლინა ყველაზე შესაფერისი სერვისი თითოეული ოჯახისთვის.
ამ სერვისის ფარგლებში, ქალაქმა შექმნა ბავშვთა მოვლის მულტიფუნქციური ცენტრები („multi accueils“), რომლებიც გვთავაზობენ მრავალფეროვან სერვისებს, მათ შორის გრძელვადიანი, მოკლევადიანი, მოქნილი, ერთჯერადი და გადაუდებელი ზრუნვის დანიშნულებებით.
აქ მარტოხელა მშობლები სარგებლობენ სოციალური დახმარებით, იღებენ სპეციალური მხარდაჭერას, რათა ხელი მიუწვდებოდეთ დასაქმებაზე. მათთვის ადგილები ბავშვთა მრავალფუნქციურ ცენტრებში, ასევე ბავშვებისთვის განკუთვნილი შინ ზრუნვის სერვისები წინასწარ არის დაჯავშნილი.
ევროკავშირი სხვადასხვა ინიციატივით ცდილობს გააძლიეროს მარტოხელა მშობლების – განსაკუთრებით დედების – ეკონომიკური დამოუკიდებლობა. წევრი ქვეყნების ეროვნული მთავრობები პასუხისმგებელნი არიან სოციალურ დაცვაზე.
მარტოხელა მშობლებისთვის არსებული საოჯახო შეღავათები მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროპის მასშტაბით, ამიტომ ევროკავშირი ცდილობს გააუმჯობესოს ეს მდგომარეობა ევროკავშირის სოციალური დაცვის სისტემების კოორდინაციის წამოწყებით“, – ვკითხულობთ ევროპარლამენტის მიერ შექმნილ საინფორმაციო პორტალზე.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა გარკვეული სახის ფინანსურ დახმარებას უწევს მარტოხელა მშობლებს, თუმცა ეს მხარდაჭერა ყოველთვის მიზნობრივი პოლიტიკის ნაწილი არ არის. ევროკავშირის ანგარიშში მარტოხელა მშობლების მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ წერია, რომ დახმარების სხვადასხვა ფორმა შეიძლება მოიცავდეს როგორც სპეციფიკურ დახმარებას ან შეღავათებს მარტოხელა მშობლებისთვის, ისე ოჯახის შემწეობის უფრო მაღალ მოცულობას, ვიდრე ორ-მშობლიანი ოჯახები.
სპეციფიკური დახმარება ან შეღავათები მარტოხელა მშობელთა ოჯახებს: ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა, უზრუნველყოფს დამატებით შემწეობას ან საგადასახადო შეღავათს მარტოხელა მშობლებისთვის – მაგალითად, ავსტრია და ირლანდია;
ოჯახის შემწეობის უფრო მაღალია მარტოხელა მშობელთა ოჯახებისთვის: ევროკავშირის წევრი ზოგიერთ ქვეყანაში, მარტოხელა მშობლებს შეიძლება არ ჰქონდეთ სპეციფიკური დახმარება, მაგრამ მათი ოჯახის შემწეობა უფრო მაღალია, ვიდრე ორ-მშობლიანი ოჯახების – მაგალითად, იტალიასა და პორტუგალიაში;
საერთო სოციალური დახმარების უფრო მაღალი ოდენობა შემოსავლის მიხედვით: მარტოხელა მშობელთა ოჯახებს შეიძლება ჰქონდეთ უფლება სხვა სახის დახმარებაზე, რომელიც განისაზღვრება მათი შემოსავლის მიხედვით და არა მათი, როგორც მარტოხელა მშობლის სტატუსის მიხედვით – მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში.
ქვეყნებმა შესაძლოა ამ ინსტრუმენტების კომბინაციაც გამოიყენონ. მაგალითად, საფრანგეთში მარტოხელა მშობლები სარგებლობენ როგორც სპეციალური დახმარებით, ისე საგადასახადო შეღავათებით. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში სხვა ტიპის სოციალური დახმარებაც მოქმედებს. მაგალითად, ესპანეთში ახალი სტრატეგია, რომელიც ბავშვებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფს, პრიორიტეტს ანიჭებს მრავალშვილიან და მარტოხელა მშობელთა ოჯახებს.
ესპანეთის ზოგიერთი ავტონომიური გაერთიანება აღიარებს მარტოხელა მშობლობას, როგორც ლეგალურ სტატუსს. მარტოხელა მშობლებს ისეთ რეგიონებში, როგორიცაა კატალონია ან ვალენსია, შეუძლიათ მიიღონ მარტოხელა მშობლის ოჯახის სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს ოჯახის ფინანსურად მხოლოდ ერთ ადამიანზე დამოკიდებულის სტატუსს. სერტიფიკატი უზრუნველყოფს გარკვეულ შეღავათებსა და ფასდაკლებებს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. კატალონიაში ეს მოიცავს სოციალური საცხოვრებლის შესყიდვაში მხარდაჭერას, სატრანსპორტო ფასდაკლებას, ქონების სუბსიდირებულ გადასახადს და ასევე რეგიონის სასტუმროებში ფასდაკლებას.
მარტოხელა მშობლის მხარდაჭერის მექანიზმია მეორე მშობლისთვის ალიმენტის დაკისრება, თუმცა საქართველოში კონტროლისა და აღსრულების მექანიზმი, რითაც გაკონტროლდება ალიმენტის კეთილსინდისიერად გადახდა – არ არის ეფექტური.
მაგალითად, მზია მეგრელიშვილი, კიდევ ერთი მარტოხელა დედაა, სამართლებრივი სტატუსის გარეშე, რომელიც 8 წელია ქირით ცხოვრობს და მარტო ზრდის 14 წლის შვილს. „ბათუმელებთან“ თავის გამოცდილებაზე საუბრისას ქალი ამბობს, რომ მან, სააღსრულებო ბიუროსაც მიმართა, მაგრამ მისი ყოფილი ქმარი, დღემდე არ იხდის ალიმენტს.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს ასევე შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ მარტოხელა მშობლებმა მიიღონ ფინანსური დახმარება მეორე მშობლისგან, ან, საჭიროების შემთხვევაში, თავად გასცენ ასეთი დახმარება მეორე მშობლის მაგივრად“, – წერია ევროკავშირის ანგარიშში.
ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში ალიმენტის გადახდა კანონით სავალდებულოა და მისი არგადახდა იწვევს ჯარიმებს, რაც მოიცავს იძულებით გადახდას, ხელფასის შემცირებას ან პატიმრობას. ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა ავსტრია ან ესტონეთი, როდესაც მეორე მშობელი ვალდებულებას არ ასრულებს, მთავრობა გასცემს ალიმენტს წინასწარ. სხვა ქვეყნები, როგორიცაა ხორვატია ან საფრანგეთი, ბავშვის ალიმენტს გადასცემენ სპეციალური სააგენტოების მეშვეობით. ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა ფინეთი, ეს დახმარება გაიცემა მაშინაც კი, თუ მამა უცნობია.
მარტოხელა მშობლების მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ ევროკავშირის ანგარიშში მოყვანილია ესტონეთის პრაქტიკა ალიმენტთან დაკავშირებით. მაგალითად, ესტონეთის სასამართლო სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს ესტონელი მარტოხელა მშობლების დაახლოებით მეოთხედმა არ გადაიხადა ბავშვის ალიმენტი.
2017 წლის იანვარში ამოქმედდა ახალი კანონი საოჯახო შეღავათების შესახებ, რომელიც ერთ მშობელს დახმარებას უწევს იმ შემთხვევაში, თუ მეორე მშობელი ვერ ასრულებს ფინანსური უზრუნველყოფის სამართლებრივ ვალდებულებას. ამ სქემის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ალიმენტის გადახდას და შემდგომში სხვადასხვა ზომით უკან მოითხოვს დანახარჯებს მოვალე მშობლისგან. ამ ზომებში შედის მართვის მოწმობის ჩამორთმევა, მეწარმეობის მხარდაჭერის შეზღუდვა და მოვალეთა სახელების გამოქვეყნება.
მარტოხელა მშობლების მხარდაჭერის კიდევ ერთი პოლიტიკა ევროკავშირში მიზნად ისახავს მარტოხელა მშობლებისთვის შრომის ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მარტოხელა მშობლებს ასევე სთავაზობს შვებულების სპეციალურ პირობებს, რათა დაეხმაროს მათ მშობლობისა და შრომითი პასუხისმგებლობების შეთავსებაში.
ზოგიერთი ქვეყანა მარტოხელა მშობლებისთვის შვებულების უფრო მეტ პერიოდს ითვალისწინებს. მაგალითად, სლოვაკეთი მარტოხელა დედებს სთავაზობს დეკრეტული შვებულების გახანგრძლივებულ პერიოდს. საბერძნეთში, მშობლის შვებულების პერიოდი ორმაგია მარტოხელა მშობლებისთვის. ჩეხეთის რესპუბლიკა მარტოხელა ოჯახებს სთავაზობს გრძელვადიან (საბიულეტინო) შვებულებას 10 წლამდე ასაკის ბავშვის მოვლისთვის.
___
ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.