არჩევნები,მთავარი,სიახლეები

რომელი პარტიები მონაწილეობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – სია

15.09.2024 •
რომელი პარტიები მონაწილეობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – სია

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში [უსკო] 14 პარტიაა დარეგისტრირებული. უმაღლესი საბჭოს არჩევნები 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება. უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატს აირჩევენ პროპორციული წესით.

უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიების ჩამონათვალი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, უსკოსთვის პარტიების მიერ პარტიული სიის წარდგენის ბოლო დღე 26 სექტემბერია.

უსკოში წარდგენილ პარტიულ სიას „უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი;

ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე;

უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ ის თანამდებობის პირები, რომლებიც სიაში იქნებიან;

თანამდებობებიდან გადადგომისა და განთავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს უმაღლეს საარჩევნო კომისიას.“

საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას უფლება აქვს უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც 2024 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განცხადებით უნდა მიმართონ უსკოს.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში [ცესკო] 27 პარტიაა დარეგისტრირებული.

ცესკოს ინფორმაციით, აჭარაში ამომრჩევლებს, საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად სასურველი პარტიებისთვის ხმის მიცემა ერთ ბიულეტენზე შეეძლებათ. ბიულეტენზე ცალკე სვეტში იქნება პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების ჩამონათვალი [სავარაუდოდ მწვანე ფერში], ხოლო მის გვერდით იმ პარტიების ჩამონათვალი [ყვითელ ფერში], რომლებიც უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობენ.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის აჭარის საარჩევნო ოლქებში, ჯამში, 312 328 ამომრჩეველია საერთო სიაში.

ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება [ასევე ცვლილების შეტანა, უბნის შეცვლა და სხვა] 2024 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.

არჩევნები აჭარაში 66 უბანზე ძველი წესით ჩატარდება, ხოლო სხვა დანარჩენ უბნებში კი – ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.

ამავე თემაზე:

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონით:

„უმაღლესი საბჭო შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 21 დეპუტატისაგან.

უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 25 წელი და რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც. უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: