„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ზღვაში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულ სააგენტოში დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინა.
პროექტის გზშ [გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში] 2024 წლის აპრილში კომპანიას სააგენტოში დაუხარვეზეს და 2 თვის ვადა მისცეს ხარვეზების გამოსასწორებლად.
სააგენტო „ამბასადორს“ ასევე წერდა, რომ კომპანიას წარმოედგინა დეტალური ინფორმაცია იმ საკითხებსა თუ შენიშვნებზე, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით აქვს საზოგადოებას თუ სპეციალისტებს.
ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშთან დაკავშირებით სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ხელოვნური კუნძულის მშენებლობის დასაწყებად ასეთი გადაწყვეტილება აუცილებელია.
აქვე აღსანიშნავია, რომ ხელოვნური კუნძულის გარდა „ამბასადორმა“ ზღვაში 2 ხელოვნური ნახევარკუნძულიც უნდა ააშენოს. ნახევარკუნძულის მშენებლობა კი უკვე მეორე წელია მიმდინარეობს.
„2024 წლის 19 აპრილის წერილის პასუხად წარმოგიდგენთ დამატებით დოკუმენტაციას. ამასთან, გთხოვთ, საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე გარემოზე ზემოქმედების ანგარიში განიხილოთ ორი ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის მოწყობის ჭრილში, ვინაიდან ამავე ტერიტორიაზე მოსაწყობი ინფრასტრუქტურის და მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანია სტრატეგიულ გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს ამზადებს და შესაბამისი პროცედურების გავლის მიზნით წარმოგიდგენთ უახლოეს პერიოდში.
შესაბამისად, მიმდინარე წარმოების ფარგლებში, გთხოვთ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცეთ ხელოვნური კუნძულის და ორი ნახევარკუნძულის მოწყობის პროექტზე. განაშენიანებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენა და შეთანხმება მოხდება დამოუკიდებელი პროცედურით“ – აღნიშნულია 2024 წლის 14 ივნისით დათარიღებულ წერილში, რომელიც „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ დირექტორმა ირინა ფაილოძემ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გაგზავნა.
წერილს თან ახლავს შესაბამისი დანართები, რომლებიც სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზების დაზუსტებას ეხება. მათ შორისაა:
- ხელოვნური კუნძულის ნაპირდამცავი ნაგებობის დეტალური პროექტი; ჰიდროლოგიური მიდგომები; ჰიდროდინამიკური და წყლის განახლების ანგარიში; მონიტორინგის გეგმა; ჰიდროლოგია – საპროექტო აკვატორიაში ჩამდინარე ზედაპირული წყლების; 100 მ სიღრმის ჭაბურღილის ლითოლოგიური სვეტი; კუმულაციური ზემოქმედება ხელოვნური კუნძულის ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე; ზდჩ-ს ნორმების პროექტი; გეოტექნიკური ანგარიში; მოლების გეგმები და ჭრილები; ინფორმაცია საჯარო განხილვის პროცესში შემოსული შენიშვნებზე და წინადადებებზე რეაგირების შესახებ; კუნძულის და ნახევარკუნძულის გენერალური გეგმა.
წერილს ცალკე დანართად ერთვის ასევე კომპანიის პასუხები გარემოს ეროვნული სააგენტოს შენიშვნებზე.
პროექტის გზშ-სთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებზე რეაგირების შესახებ ინფორმაციაში კომპანია „ამბასადორი“ შენიშვნებს უმეტეს შემთხვევაში არ ეთანხმება, თუმცა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს შენიშვნები და წინადადებები სამომავლოდ გათვალისწინებული იქნება.
„ამბასადორის“ პოზიცია ზოგიერთ საკითხზე:
- „შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის მიერ დაწყებულია ხელოვნური კუნძულის განაშენიანების პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტაციის მომზადება და უახლოეს პერიოდში წარედგინება სსიპ „გარემოს ეროვნულ სააგენტოს“.
- სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში გათვალისწინებული იქნება ქალაქის გენერალური გეგმით გათვალისწინებული დებულებები და მიდგომები, ასევე საჯარო განხილვის პროცესში შემოსული შენიშვნები და წინადადებები.
- უახლოეს პერიოდში ჩატარდება ასევე პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის ანგარიშის და შემდეგ შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები.
- კუნძულის შემდგომი განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმება დაგეგმილია პროექტის შემდგომ ეტაპზე.
- ექსპლუატაციის ფაზაზე სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედების შეფასება მოცემული იქნება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში, რომელიც ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია.
- პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სადაც განსაზღვრულია ინვესტორი კომპანიის ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე. როგორც გზშ-ს ანგარიშშია მოცემული, კუნძულის ექსპლუატაციის ფაზაზე ქალაქის შესაბამის სამსახურებთან გაფორმდება ხელშეკრულებები ინფრასტრუქტურის მართვასთან დაკავშირებით, რაზედაც ყველა სამსახურთან არსებობს წინასწარი შეთანხმება.
- გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება ქალაქის ინფრასტრუქტურაზე ზეწოლა, კომპანია თავის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში.“
კომპანიაში აცხადებენ, რომ ხელოვნური კუნძული ზემოქმედებას არ მოახდენს ბათუმის ნავსადგურის მუშაობაზე:
„ხელოვნური კუნძულის პროექტირების პროცესში ჩატარებული კვლევების და პროგრამული მოდელირების შედეგების მიხედვით, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელება არავითარ ზემოქმედებას არ მოახდენს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ექსპლუატაციის პირობებზე.
რაც შეეხება ნავსადგურის გაფართოებასთან დაკავშირებულ პერსპექტივას, ხელოვნური კუნძულის საპროექტო აკვატორია ხელსაყრელი არ არის, რადგან კვლევის შედეგების მიხედვით წყალქვეშა ფერდი მცირე დახრილობისაა და დიდი მანძილითაა დაცილებული წყალქვეშა კანიონიდან, რაც არსებული ნავსადგურისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დიდი გემების მიღების თვალსაზრისით.
საპროექტო აკვატორიაში ნავსადგურის მოწყობა და ექსპლუატაცია დაკავშირებული იქნება ძალიან მაღალ ხარჯებთან. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნავსადგურის მოსაწყობად ტერიტორიების შერჩევის პროცესში, არასდროს ყოფილა განხილული საპროექტო აკვატორიის ალტერნატივა“ – მიიჩნევს „ამბასადორი“.
„ამბასადორის“ მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში ბოლოს წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, „ამ ეტაპისათვის პროექტის მიზნებისათვის უკვე დახარჯულია 20 მილონზე მეტი თანხა, რაც განაპირობებს პროცესის შეუქცევად განვითარებას. დაგეგმილ საქმიანობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ განესაზღვრება ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე კუნძულის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე პროექტის ყველა ეტაპზე“.
კომპანიაში ასევე თვლიან, რომ „ქალაქის [ბათუმის] მოსახლეობის ზრდა და ურბანული განაშენიანება შეუქცევადი პროცესია და დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაშიც ექნება ადგილი. ახლად შექმნილ, ქალაქის ურბანული ზონისაგან დამოუკიდებელ ტერიტორიაზე განვითარებული განაშენიანება კი შედარებით ნაკლებ ზემოქმედებას მოახდენს ქალაქის ინფრასტრუქტურაზე“.
„როგორც გზშ-ს ანგარიშშია მოცემული, ხელოვნური კუნძულის პროექტის განხორციელება ბათუმის სანაპირო ზოლში მიმდინარე ეროზიული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებული არ იქნება. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო ზოლში ადგილი აქვს ხმელეთის ინტენსიურ წარეცხვას, ქალაქისათვის 84 ჰა ფართობის ტერიტორიის შემატება მნიშვნელოვან დადებით ზემოქმედებად უნდა ჩაითალოს.“ – აცხადებს „ამბასადორი“.
ამასთან, „დაგეგმილი საქმიანობის განხორციელება, ხელს ვერ შეუშლის ეკონომიკური სექტორების დივერსიფიკაციას, კერძოდ: ტურიზმის განვითარება არ შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკის სხვა დარგების ხელშემშლელ ფაქტორად. როგორც გზშ-ს ანგარიშშია აღნიშნული, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შემცირდება ქალაქის ისტორიულ უბნებში ჭარბი განაშენიანების პროცესი“ – აღნიშნულია „ამბასადორის“ წერილში.
ამავე წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „შენიშვნის გათვალისწინებით, იქთიოპლანქტონის ფონური მდგომარეობის კვლევის სამუშაოები ჩატარებული იქნება მონიტორინგის გეგმით განსაზღვრული ზღვის ბიოლოგიური გარემოს წინასამშენებლო კვლევის პერიოდში, ხოლო შესაძლო ზემოქმედების კვლევა და შეფასება მოხდება მშენებლობის და ექსპლუატაციის ფაზებზე დაგეგმილი მონიტორინგის ფარგლებში შედეგების მიხედვით.“
კომპანიაში კვლავ იმეორებენ, რომ „ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაკავშირებულია გარემოზე ზემოქმედების რისკებთან და მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაშიც მოსალოდნელია ზღვის ბიოლოგიურ გარემოზე ზემოქმედება,“ თუმცა, „ამბასადორი“ ირწმუნება, რომ ეს ზემოქმედება „შეიძლება შემცირდეს [გზშ-ს] ანგარიშში მოცემული შემარბილებელი ღონისძიებების გათვალისწინებით“.
შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოსაწყობად კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სახელმწიფომ ზღვაში 1 443 223 კვ/მ ტერიტორია 65 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა.
ხელოვნური ნახევარკუნძულის, როგორც „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა „ამბასადორმა“ 2022 წელს გზშ-ს გარეშე დაიწყო.
ხელშეკრულებით, კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, პროექტის ფარგლებში შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამავე ხელშეკრულებით, „ამბასადორმა“ არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
„ამბასადორს“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაბამისად, ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს საქართველოს მთავრობა საბოლოოდ საკუთრებაში სიმბოლურ 1 ლარად გადასცემს.
მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, რომელიც ბათუმში ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს აშენებს, ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადა 18 თვით გადაუვადა.
ამავე თემაზე:
ხელოვნური კუნძულის გზშ-ში ხარვეზებია – სააგენტო „ამბასადორს“ 2 თვეს აძლევს გასასწორებლად