მთავარი,სიახლეები

„ყველა, ვინც ივანიშვილის მიღმა დარჩება, იქნება რეპრესირებული“ – ინტერვიუ

30.04.2024 •
„ყველა, ვინც ივანიშვილის მიღმა დარჩება, იქნება რეპრესირებული“ –  ინტერვიუ

„რუსეთი მტერია! არა რუსულ მთავრობას“ – ამ შინაარსის პლაკატები გამოჩნდა დღეს, 30 აპრილს ქუთაისის ქუჩებში. პლაკატები გაავრცელა ორგანიზაციამ – „ევროპა ჩვენი სახლია“.

„წნეხი ხელისუფლების მიმართ არის გასაზრდელი, რადგან რუსული კანონი ვერ უნდა მიიღონ. ივანიშვილი პირდაპირ ემუქრება ყველას, ვინც მისი აზრით მოპირდაპირე ბანაკშია“ – ამბობს თორნიკე ბარათაშვილი, „ევროპა ჩვენი სახლიას“ ხელმძღვანელი ქუთაისში. „ბათუმელები“ მას ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე ესაუბრა.

  • ბატონო თორნიკე, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ უარს ამბობს დასავლურ კურსზე, მიუხედავად იმისა, რომ „ღირსებით ევროპაში“ ბანერი აიფარეს წინ. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დაუყოვნებლივ, რომ ამ ქვეყანაში ვერ განხორციელდეს კრემლის გეგმა?

მგონია, რომ ეს საკითხი თითქმის კულმინაციას უახლოვდება, რადგან ივანიშვილმა დეკლარირება გააკეთა საკუთარი კურსის, გამიჯნა, სეგრეგაცია გაუკეთა საზოგადოებას. ის მოწინააღმდეგე ბანაკს პირდაპირ ემუქრება არჩევნების შემდეგ, ნაცებად იხსენიებს ყველას ვინც დარჩება წყალგამყოფს მიღმა.

ყველამ დავინახეთ რაც ხდებოდა ჩვენს რეგიონებში გუშინ, რა ფინანსური და ადამიანური რესურსების ფასად ჩამოიყვანეს ხალხი იმ აქციაზე და როგორ დარბოდნენ სიებით დღეების განმავლობაში.

ძალიან სევდიანი და ტრაგიკულია ის სურათი, რაც გუშინ ვნახეთ ივანიშვილის, დიქტატორობისკენ გადახრილი ხელისუფლების მხრიდან, თუ როგორ მოექცნენ თუნდაც მათ მხარდამჭერ ხალხს.

მკვეთრი წითელი ხაზია უკვე გავლებული ივანიშვილის ხელისუფლებასა და იმ საზოგადოებას შორის, რომელიც მის პოლიტიკას არ იზიარებს და ამ ადამიანებს პირდაპირ ემუქრება რეპრესიებით.

ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ევროპას უარს და გუშინდელი აქცია იყო მანიფესტი რუსული გზის.

თორნიკე ბართაშვილი

შედეგს რაც შეეხება, სასაცილოა, რადგან ერთი ადამიანის ანგარიშებს პუტინის ხელისუფლებასთან ვერ გადაჰყვება ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ირჩევს დასავლურ კურსს, ირჩევს ევროპას, რომელზეც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ოჯახი და ჩვენი სახლია.

რა უნდა გაკეთდეს ამის შემდეგ? – რა თქმა უნდა, აუცილებელია გაგრძელდეს საზოგადოების პროტესტის გამოხატვა იმ სტანდარტით, რაც გვაქვს ეს დღეები.

მე მგონი საზოგადოება არის მოწოდების სიმაღლეზე, იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც უნდა ჰქონდეს ევროპაზე ორიენტირებულ, ცივილიზებული სამყაროსკენ შეტრიალებულ ქართულ საზოგადოებას, მაგრამ მეორე ნაწილია აქ ასევე მნიშვნელოვანი – საზოგადოება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, პოლიტიკურ პროცესში საჭიროა პოლიტიკოსების არსებობა, განსაკუთრებით იმ პროცესის შემდეგ, რასაც ჰქვია რუსული კანონის ხელმეორედ შემოტანა.

ამიტომ, მგონია, რომ არცერთ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსს აღარ უნდა ჰქონდეს შინაგანი ენერგია იმისთვის, რომ იჯდეს ბიძინას „ბუტკაში“ და იქიდან რაღაც პროცედურულ ბრძოლებში იყოს ჩართული იმ ფონზე, როცა ამ ბრძოლებს არანაირი ტურბულენტობის უნარი არ გააჩნია.

  • მაშინ როგორ უნდა მოხერხდეს რუსული კანონის გაწვევა, თუ აღარც ოპოზიცია იქნება პარლამენტში?

ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში, ვხედავთ უკვე, რომ [განსაკუთრებით მეორე მოსმენის ფონზე] არის არაეფექტური. ჩემი აზრით, პოლიტიკური ოპოზიცია ახლა არის ვალდებული საკუთარ თავში ნახოს რესურსი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არ არის მეგობრული დამოკიდებულება, მაგრამ ერთმანეთს შორის სინერგიის პოვნის შესაძლებლობით უნდა შეძლონ უფრო დიდი ბოროტების, უფრო დიდი წინაღობის დაძლევა.

ვფიქრობ, ახლა მთავარია დაძლეული იქნას რუსული გავლენები საქართველოში, შემდგომ დემოკრატიულ პროცესს რაც შეეხება, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს მმართველობა საქართველოში, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ვინ მართოს ეს ქვეყანა – ეს იქნება შემდეგი ეტაპის საქმე.

ერთადერთი შანსი, რომ ოქტომბრის არჩევნებზე რუსეთმა აქ დათმოს ხელისუფლება, არის ოპოზიციის გაერთიანება. თუკი ბიძინას წინააღმდეგ მისივე ტრიუკი იქნება გამოყენებული 12 წლის თავზე და ყველა ერთის წინააღმდეგ შევა არჩევნებში.

არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუპირისპირდეს მთელი პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრი, მაგრამ თუ ამ არჩევნებზეც შევდივართ დანაწევრებულად, მგონია, რომ ეს იქნება ძალიან არაეფექტური იმ მიზნის მისაღწევად, რაც ახლა უნდა დავისახოთ.

  • თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდება?

არსად ბუნებაში, დედამიწაზე, რუსს თავისუფალი არჩევნები არ ჩაუტარებია. რა თქმა უნდა, ჯერ მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქეთ, რომ ვერ მიიღონ რუსული კანონი, შემდეგ კი, მე, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, ოპოზიციის გაერთიანებაში ვხედავ გზას.

თუ ივანიშვილი მეოთხედ დარჩება ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ივანიშვილის აღქმით მტრულ ბანაკში აღმოჩნდება, იქნება განადგურებული.

ამიტომ ვერ ვხედავ ოპოზიციის პარლამენტში დარჩენის აზრს, რადგან ვხედავდით გუშინ კომიტეტის სხდომაზე როგორ პანტაპუნტით ყრიდა ოპოზიციონერ დეპუტატებს ოხანაშვილი. ეს არ არის ეფექტური პროცესი, ასე რომ ყველაზე კარგი საშუალებაა დიდ დემონსტრაციაზე ხალხისთვის მანდატების დაბრუნება.

ქუჩის პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

ქუჩიდან, საერთო ორგანიზებით, საკოორდინაციო რგოლის შექმნის საფუძველზე განისაზღვროს ყოველდღიური მოქმედების სტრატეგია.

  • როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის ღია რუსული პოლიტიკის შემდეგ, მისი მხარდამჭერების დამოკიდებულება შეიცვლება თუ არა იმის შემდეგ, რაც გუშინ ვნახეთ რუსთაველზე?

ივანიშვილს და მის შეგირდებს, რომლებიც აქციაზე გამოდიოდნენ, თითქოს უნდათ სხვაგვარი ევროპა, ისეთი ევროპა, რომელიც არ არსებობს.

ევროპა არის კონკრეტული სივრცე, კონკრეტული ოჯახი, რომელსაც შენ თუ უერთდები, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ მოსთხოვ რაღაცების შეცვლას. ევროკავშირის წევრები იღებენ მათ ოჯახში სხვისი შემოერთების გადაწყვეტილებას და ამ პირობებში, როცა შენ მიდიხარ რუსეთისკენ და თან იძლევი დაპირებას, მაინც გავხდებით ევროკავშირის წევრიო, რა თქმა უნდა, ეს იმთავითვე დიდი სიცრუეა.

ასე რომ ივანიშვილის ეკლექტური ამომრჩეველიც, თუკი აქამდე ფიქრობდა, რომ ივანიშვილი პროდასავლური მიმართულების ბელადია, გუშინდლის შემდეგ, უნდა დაფიქრდნენ, რადგან ივანიშვილის ყველა წინადადების მიღმა იყო ის განწყობა, რაც ნიშნავს ქვეყნის ძალიან სწრაფ დაბრუნებას რუსულ სივრცეში.

ამიტომ იყო ფსევდო ის პატრიოტული გზავნილები რაც გაჟღერდა გუშინ. რადგან ყველამ იცის, რომ ეს ხელისუფლება შორს დგას პატრიოტიზმისგან. ამაზე მეტყველებს თუნდაც მათი დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.

„არა რუსულ მთავრობას, რუსეთი მტერია“ – პლაკატი ქუთაისში

ჩვენ ვიცით მათი დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ, მტრის მიმართ და თუკი ვინმე ხელს უშლის ქართულ სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას საფუძველს უთხრის, ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც არის დეკლარირებული მტერი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთელი ისტორიის მანძილზე.

ამ ფონზე სასაცილოა ვისაუბროთ ბიძინას ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროინტეგრაციაზე.

ფაქტია, რომ ყველა, ვინც ივანიშვილის წყალგამყოფს მიღმა დარჩება, იქნება რეპრესირებული, თუკი რუსული ხელისუფლება დარჩება ამ ქვეყანაში.

უკვე ვხედავთ, რომ უბრალოდ გამოხატვის თავისუფლებაც კი აღარ არის ამ ქვეყანაში, ადამიანებს პირდაპირ ქუჩებიდან იტაცებენ და შემდეგ სასამართლოზე დადგმული სპექტაკლებით დამნაშავედ აცხადებენ. მეც, ჩემი ორგანიზაციის წევრებიც და სხვა არაერთი ადამიანი უკვე გახდა ამ სისტემის მსხვერპლი და კიდევ უფრო მძიმე სასჯელები აქვთ ადამიანებს მიღებული წლების მანძილზე.

ივანიშვილი უფრო ღრმად შევიდა იმ საქმეში, რასაც „ვა ბანკზე“ წასვლა ჰქვია და რა თქმა უნდა, ერთადერთი ფარი, რაც მას ამ პროცესში შეიძლება ეგულებოდეს, ეს არის რუსეთი, მისი პატრონები მოსკოვში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: