მთავარი,სიახლეები

აქციებზე სამართალდამცავების იდენტიფიცირება ნომრებით უნდა ხდებოდეს – SJC

30.04.2024 •
აქციებზე სამართალდამცავების იდენტიფიცირება ნომრებით უნდა ხდებოდეს – SJC

არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი [SJC] მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებში სამსახურებრივი  ფორმებისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის სისტემის შემოღებას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პოლიციელების იდენტიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

„სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისთვის და ამ ორგანოების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პოლიციელების სამსახურებრივ ფორმებსა და სპეციალურ საშუალებებზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნების/ნომრების დატანა;

ასევე მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და სახალხო დამცველის აპარატს – აქტიურად განახორციელონ სამართალდამცავთა იდენტიფიცირების მექანიზმების საჭიროების ადვოკატირება” – წერია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად პოლიციელს აქტიური და პასიური სპეციალური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობას ანიჭებს. პასიურ სპეციალურ საშუალებებში მოიაზრება ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი და სხვა ისეთი საშუალებები, რომელიც პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს. გარდა ფიზიკური უსაფრთხოებისა, პასიური სპეციალური საშუალებები კონფიდენციალურობის დაცვის მიზანსაც შეიძლება ემსახურებოდეს.

„ბუნებრივია, რომ ფარის, ნიღბისა და სხვა საშუალებების გამოყენების განსაკუთრებული საჭიროება  საპროტესტო აქციების ფარგლებში ვლინდება, ვინაიდან ამ დროს მაღალია ქიმიური გამღიზიანებლებისა და სხვა საფრთხეებისგან სამართალდამცავის ფიზიკური დაზიანების რისკები.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ანგარიშვალდებულების, სავარაუდო დანაშაულის გამოძიებისა და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით, აუცილებელია, რომ სპეციალურ საშუალებებზე ან სამსახურებრივ ფორმებზე დატანილი იყოს მაიდენტიფიცირებელი ნიშანი/ნომერი. არაიდენტიფიცირებადი ფორმა მნიშვნელოვნად აფერხებს სამართალდამცავების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევების გამოძიებას და დაუსჯელობის განცდას იწვევს პოლიციელებში.

სამართალდამცავების იდენტიფიცირების შეუძლებლობას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც ასახელებს აქციის საქმეების გამოძიების მთავარ სირთულეებს შორის.

სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში მითითებულია, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები აღჭურვილნი არიან სპეციალური ფორმებით (ე.წ. „რობოკოპით“/ჩაფხუტით ან/და ნიღბით), რომელზეც არ არის დატანილი მაიდენტიფიცირებელი მონაცემი. შესაბამისად, ძალადობის ფაქტების თვითმხილველი პირების არსებობის შემთხვევაშიც კი თითქმის შეუძლებელია არაპროპორციული ძალის გამომყენებელი სამართალდამცველის იდენტიფიცირება და ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება.

სამართალდამცავების, განსაკუთრებით სპეცრაზმის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნიშნებით უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებითაც არის განმტკიცებული.  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო აღნიშნავს, რომ დამცავი საშუალებები პოლიციამ მხოლოდ აშკარა  წინააღმდეგობის რისკის პირობებში უნდა გამოიყენოს და ამ შემთხვევაშიც მას მოეთხოვება საიდენტიფიკაციო ნომრების თვალსაჩინოდ გამოჩენა.

პოლიციელების სპეციალურ ფორმებზე საიდენტიფიკაციო ნომრების დატანის ვალდებულება ევროპის არაერთი ქვეყნის [გერმანია, დანია, ნორვეგია და სხვა] კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. უმეტეს შემთხვევებში რეგულაციები ძირითადად მოიცავს ციფრებსა და სიმბოლოებს, რომლებიც დეკოდირების შემდეგ სასამართლოებსა და საგამოძიებო ორგანოებს, სამართალდამცავის იდენტიფიცირების საშუალებას მისცემს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: