მთავარი,სიახლეები

„არც ერთი საათი არ უმუშავია“ – ბათუმის მერიამ ჩაიბარა შადრევანი, რომელიც 2 წელია არ მუშაობს

20.12.2023 • 2297
„არც ერთი საათი არ უმუშავია“ – ბათუმის მერიამ ჩაიბარა შადრევანი, რომელიც 2 წელია არ მუშაობს

„როგორც კი დაიწყო ამის გაკეთება, ჩართეს ერთი, გასინჯეს და მის მერე საერთოდ არ უმუშავია, არც ერთი საათი არ უმუშავია, წყალიც არ გაუშვიათ შიგ,“ – მოქალაქე სულიკო აბუსერიძე ბათუმის ცენტრში, ლორიასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთასთან და პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ მდებარე პატარა სკვერში მოწყობილ შადრევანზე გვესაუბრება.

მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 2 წლის წინ ამ შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმის მერიამ ჩაიბარა, შადრევანი ჩართული არავის უნახავს.

ბათუმის მერიაში ვერ გვიპასუხეს, რატომ მიიჩნიეს შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაო შესრულებულად, როცა შადრევანი არ მუშაობს. აქ ვერც ის თქვეს, როდის ამუშავდება შადრევანი.

„გარედან მოაპირკეთეს შადრევანი, მაგრამ არ უმუშავია საერთოდ, არ ვიცი, რა სახის პრობლემა ჰქონდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გოჩა გურგენაძემ. ისიც აბუსერიძისა და ლორიას ქუჩების კვეთასთან ცხოვრობს.

აქ მცხოვრები ადამიანები გვიყვებიან, რომ პატარა სკვერი ქუჩების კვეთასთან ჯერ კიდევ 90-იან წლებში მოეწყო, 2010 წლამდე კი შადრევანიც გაკეთდა, რომელიც დაახლოებით ერთი წელი მუშაობდა. მწყობრიდან გამოსულ შადრევანს რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდა, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად.

გოჩა გურგენაძე

„მახსოვს, მანამდე, წლების წინ თევზებიც იყო შიგ, უყურადღებობის გამო გასაწმენდი დარჩა და აღარ მუშაობდა… ახლაც მიზეზი უყურადღებობაა, თორემ შადრევნის პრობლემის მოგვარებას რა უნდა? თუ ადამიანს რაღაც უნდა, ყოველთვის ყველაფერს მიაღწევს,“ – გვეუბნება დალი გორგაძე,მას იქვე, ლორიას ქუჩაზე, ძველი და ორსართულიანი კორპუსის ასასვლელთან შევხვდით და ხელით მიგვანიშნა ახალ, მაღალსართულიან კორპუსებზე.

„სახლები ხომ ხედავთ, როგორ შენდება? წაიღო ყველაფერი მშენებლობებმა. თუ კორპუსები ასე სწრაფად შენდება, ამის გაკეთებას რაღა უნდოდა?“- კითხულობს დალი გორგაძე.

დალი გორგაძე

„სუსტად მუშაობს მერია, თორემ მაგის სამსახურები კი არსებობს, რომ მიაქციონ ყურადღება.

სკვერი ყველას გვინდა, აქ ახალგაზრდობა ჯდება, ჩვენც დომინოს ვთამაშობთ, ნარდს,“ – შადრევნის გვერდით მიწყობილ სკამებს გვაჩვენებს სულიკო აბუსერიძე, ადგილს, სადაც აქ მცხოვრები ადამიანები საღამოობით იკრიბებიან.

სულიკო აბუსერიძე

„ჩემს ქუჩაზე, ლორიას ქუჩისა და აბუსერისძის კვეთაში რომ სკვერი კეთილმოეწყო და ფანტანი გაკეთდა, 110 ათასი ლარი დაიხარჯა, როგორც ვიცი. ერთი დღეც არ უმუშავია ამ ფანტანს,“ – ამ საკითხზე მოქალაქე მერაბ ცინცაძემ ბათუმის მერიის თანამდებობის პირებს 2023 წლის 8 დეკემბერს მიმართა, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის დროს.

ამ შეხვედრაზე მოქალაქეს ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, სერგი კაკაბაძემ უთხრა: „შეცდომაში შეგყავთ მოსახლეობა… კომპანიამ გააკეთა თავისი ხარჯებით“, – განაცხადა სერგი კაკაბაძემ.

ეს იყო საჩუქარი, თუ კომპანიის ვალდებულება კონკრეტული სარგებლის მიღების სანაცვლოდ? – საკითხის დაზუსტება „ბათუმელებმა“ იქვე სთხოვა ბათუმის მერიის წარმომადგენელს.

„ვალდებულება აუცილებლად ექნებოდა. დავუკავშირდებით ჩვენ ამ კომპანიას,“ – განაცხადა 8 დეკემბერს სერგი კაკაბაძემ.

რა გაარკვია ბათუმის მერიამ შადრევანთან დაკავშირებით, რომელიც არ მუშაობს? – ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს პრესცენტრში დღეს, 20 დეკემბერს, გვიპასუხეს, რომ „ელექტროენერგიის ხაზია შესაცვლელი და მიმდინარეობს მუშაობა“.

ამ უწყებაში ვერ გვიპასუხეს, რატომ დასჭირდა ამ სამუშაოს 2 წელი.

კეთილმოწყობის სამმართველოში დაგვიდასტურეს, რომ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაო ბათუმის მერიას უკვე ჩაბარებული აქვს.

პრესცენტრის განმარტებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია რის გამო ჰქონდა კომპანიას სკვერის კეთილმოწყობის ვალდებულება.

„ბათუმელები“ ამ სკვერის რეაბილიტაციაზე 2021 წელს წერდა – მაშინ გაირკვა, რომ სკვერს კომპანია DS Group თავისი ხარჯით მოაწყობდა და ბათუმის მერია ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 ათას ლარს დაზოგავდა.

კომპანიის ეს ვალდებულება ბათუმში, ზუბალაშვილის #37-ში პირობიანი აუქციონით გასხვისებულ ნაკვეთს უკავშირდება. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ 2021 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს:

ზუბალაშვილის #37-ში 3392 კვ/მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში შპს „კ.მ. გრუპმა“ მიიღო და შემდეგ ვალდებულებიანად [გარიგების საფუძველზე] „DS Group“-ს გადასცა. ამავე ნაკვეთზე კომპანიას სკვერის მოწყობის ვალდებულება ჰქონდა, თუმცა აქვე, სარეკრეაციო ზონაში მდებარე სკვერი [ზუბალაშვილისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში] სამშენებლო სამუშაოების შედეგად განადგურდა და არც ახლის მოსაწყობად დარჩა ადგილი.

„ჩაბარებულია შადრევანი და 2 წელია გასული მაგის შემდეგ,“ – გვიპასუხა დავით სალაძემ, კომპანიის DS Group-ის დირექტორმა. სხვა დეტალების დასაზუსტებლად კი, სალაძემ კომპანიის იურისტებთან გასაუბრება გვირჩია.

სკვერი ტბელ აბუსერიძისა და ლორიას ქუჩების კვეთაში

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა შადრევნების მიმართ ბათუმის მერიასთან კითხვები ჩნდება. ნახეთ ამ თემაზე:

დაჭაობებული სკვერი ბათუმში, რაშიც მერიამ ნახევარი მილიონი დახარჯა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: