სიახლეები

ამუშავდა შავ-ბნელი ძალები და ცდილობენ ქვეყნის გახლეჩას – ზურაბიშვილის მიმართვა ჯარს

30.04.2024 •
ამუშავდა შავ-ბნელი ძალები და ცდილობენ ქვეყნის გახლეჩას – ზურაბიშვილის მიმართვა ჯარს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 30 აპრილს ქართულ ჯარს მიმართა საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე და „დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში, თუ კონფრონტაციაში“, რაც „დიდი ტყუილი და მავნებლობა“.

„მოგმართავთ ქართულ ჯარს, როგორც ქვეყნის საგუშაგოზე მდგარს და ჩვენს საიმედო ფარს.

დღეს მოვედი თქვენთან, რამეთუ თქვენ ხართ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის სიმბოლო. ამ მიზანს ემსახურებით 33 წელია, იმავე მიზანს, რომელსაც ემსახურებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარი 1918-1921 წლებში, ემსახურებოდნენ იუნკრები, რომელსაც საუკუნეების მანძილზე უკლებლივ ყველა საქართველოს გუშაგი ემსახურებოდა და რამაც მოგვიყვანა დღემდე!

მტერმა კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს.

საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე; ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები.

საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ღირსეულად ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს – ტერორიზმთან ბრძოლას.

დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში, თუ კონფრონტაციაში. ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა!

ჩვენ, და პირველ რიგში თქვენ, ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა XIX საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას.

იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა!

ვინ, თუ არა ქართულმა ჯარმა, იცის – ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში, ვინ გაგვამხნევა როცა გვიჭირდა, როცა გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ და დღესაც ვინ დგას ჩვენს გვერდში.

სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა გზაგასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს – იყოს ან არ იყოს, რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა არსებობა არაა. ჩვენ ყველას გვევალება მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართების და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი, ხოლო ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგიც არის, ვინც ქადაგებს ერთობას ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: