სიახლეები

ნორვეგიაში მცხოვრებმა ქართველებმა საელჩოსთან აქცია გამართეს – „არა რუსულ კანონს“

29.04.2024
ნორვეგიაში მცხოვრებმა ქართველებმა საელჩოსთან აქცია გამართეს – „არა რუსულ კანონს“

დღეს, 29 აპრილს, ნორვეგიაში მცხოვრებმა ქართველებმა ოსლოში აქცია გამართეს რუსული კანონის წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეები საქართველოს საელჩოსთან საქართველოს დროშებითა და ტრანსპარანტებით მივიდნენ. მათ საქართველოს ელჩთანაც სურდათ შეხვედრა და კითხვების დასმა, თუმცა საქართველოს ელჩი ნორვეგიაში, ზურაბ ბერიძე მათ არ შეხვდა. აქციის მონაწილეებს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ ელჩი ადგილზე არ იმყოფებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორვეგიაში ვიზიტთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორვეგიაში ვიზიტთან დაკავშირებით

აქცია ოსლოში, საქართველოს საელჩოსთან

26 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ნორვეგიაში ვიზიტთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა ორგანიზაცია „კრებამ“, რომელიც ნორვეგიაში მცხოვრებ ქართველებს აერთიანებს. მიმართვა გადაეცა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნორვეგიის პარლამენტის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს.

„ჩვენ, ნორვეგიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და საქართველოსთან ახლო კავშირის მქონე ადამიანები, ვგმობთ მმართველი პარტიის ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის თავიდან ინიციირებას, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. შარშან, კანონის უკან გაწვევის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ დადო პირობა, რომ ისინი აღარ დაუბრუნდებოდნენ ამ კანონს. თუმცა, მათ პირობა დაარღვიეს და კანონპროექტში იცვლება მხოლოდ ტერმინი “უცხოეთის აგენტი” “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით”.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს კანონი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, დააბრკოლოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და საფუძველი ჩაუყაროს ავტორიტარული მმართველობის მოდელს ქვეყანაში. ჩვენ ნორვეგიაში ვხვდებით უამრავ ადამიანს ამ ქვეყნებიდან, რომლებიც მსგავსი კანონმდებლობის გამო დევნის, სტიგმატიზებისა და ჩაგვრის მსხვერპლი გამხდარან.

…ჩვენ მოვუწოდებთ ნორვეგიის წარმომადგენლებს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ესპენ აიდეს და პარლამენტის წარმომადგენლებს, მკაცრად დაგმონ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს აღნიშნული კანონის საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღება. ვიმედოვნებთ, რომ გამოიყენებთ თქვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა საქართველოს მთავრობამ უკან გაიწვიოს აღნიშნული კანონი.

კანონის მიღების შემთხვევაში კი, ვთხოვთ ნორვეგიის მთავრობას, დაიწყოს მსჯელობა, ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის, და კანონის მხარდამჭერი დეპუტატების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ“ – ნათქვამია განცხადებაში.

მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა დაიწყო რუსული კანონის განხილვა, საზღვარგარეთ, ევროპის სხვადასხვა ქალაქში, საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან არ წყდება აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ.

თბილისში ათი ათასობით ადამიანი გამოდის მოთხოვნით – „ოცნებამ“ უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც განადგურებით ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას.

  • რა ხდება?

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: