მთავარი,სიახლეები

ადგილს და შენობას, სადაც კაფე „ნეოკაა“ ბათუმის მერია აუქციონზე ასხვისებს

22.04.2026
ადგილს და შენობას, სადაც კაფე „ნეოკაა“ ბათუმის მერია აუქციონზე ასხვისებს

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, #1-ში მდებარე მიწის ნაკვეთს და შენობას ბათუმის მერია ელექტრონულ აუქციონზე საიჯარო წესით გასასხვისებლად გაიტანს.  ბოლო წლების განმავლობაში აქ კაფე „ნეოკა“ ფუნქციონირებდა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ყოფილ მოიჯარეს შპს „აჭარა ბათუმს“ საიჯარო ხელშეკრულების ვადა 2025 წლის ივლისამდე ჰქონდა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნინოშვილის ქუჩის #1 ში მდებარე ქონებას აუქციონზე ამ ქონების საბაზრო ღირებულების 5 პროცენტის ფასად გაიტანს.

საერთო ჯამში 990 კვ.მეტრ ტერიტორიას და შენობას საიჯარო წესით გასასხვისებლად აუქციონზე 361 600 ლარად გაიტანენ, ამას დაემატება ბიჯის ოდენობაც.

ამ დრომდე ნინოშვილის ქუჩაზე, #1-ში მდებარე მუნიციპალური ქონებით სარგებლობაზე მერიასთან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული შპს „აჭარა ბათუმს“. კომპანია 2011 წელს არის დაფუძნებული და მისი მესაკუთრე თურქეთის მოქალაქე ერჩიმ ტოსიალია.

აუქციონზე გასატანად მომზადებულ მიწის ნაკვეთთან ახლოს გაყიდვების ოფისი აქვს სამშენებლო კომპანია „გუმბათს“. ადრე აქ კაფე „გარდენსი“ ფუნქციონირებდა. ამ შემთხვევაში მოიჯარე შპს „აჭარგანათებაა“, მერიის ექსკლუზიური კონტრაქტორი ქალაქის განათებისა და სადღესასწაულოდ მორთვის სამუშაოების მიმართულებით. „გუმბათი“ ქვემოიჯარედ ფიქსირდება.

ადგილი, სადაც „გუმბათის“ ოფისია განთავსებული, აჭარის მთავრობას ეკუთვნის, შესაბამის უწყებასთან „აჭარგანათებას“ 2018 წელს 10 -წლიანი საიჯარო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: