მთავარი,სიახლეები

როცა დედობილი ხარ და ბავშვი სხვას მიაშვილეს – ინტერვიუ იურისტთან

18.05.2023 • 1396
როცა დედობილი ხარ და ბავშვი სხვას მიაშვილეს – ინტერვიუ იურისტთან

აქვს თუ არა დავას აზრი, როცა ბავშვი მინდობით აღზრდაში თქვენთანაა და ამ დროს სახელმწიფო სხვაზე აშვილებს? – იურისტი თამარ წულუკიძე ამბობს, რომ აქვს.

რა უპირატესობა აქვს მინდობით აღზრდას ბავშვის შვილად აყვანის დროს? –  ამ თემაზე იურისტ თამარ წულუკიძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით. იგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია.

  • ქალბატონო თამარ, ვიცით, რომ შვილის აყვანის დროს უპირატესობა აქვს იმ ადამიანს, ვისაც ბავშვი 6 თვეა ჰყავს აყვანილი მინდობით აღზრდაში. პრაქტიკულად რა ხდება ამ დროს?  

დიახ, კანონი ითვალისწინებს ამ პრიორიტეტს, ისევე, როგორც, მაგალითად, პრიორიტეტით სარგებლობენ ბავშვის ნათესავები.

არის შემთხვევები, როცა 6 თვეზე ნაკლები ვადით იყო ხელშეკრულება მინდობით აღზრდაზე გაფორმებული. ეს არის შემთხვევა, როცა გადაუდებლად აუცილებელია ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაყვანა და მას აქვს განსაკუთრებული საჭიროებები. ასეთ შემთხვევაში 90 დღით ფორმდება ხელშეკრულება.

ამ შემთხვევაში დედობილ-მამობილი ვერ სარგებლობს იმ პრიორიტეტით, რითაც სარგებლობს 6-თვიანი ხელშეკრულების პირობებში.

აქ პრობლემური საკითხია ის, რომ ამ დროის განმავლობაში აღმზრდელი მშობლები, რომლებიც ჩართული არიან ფსიქოლოგიურად ბავშვის აღზრდაში, აქვთ მატერიალური დანახარჯებიც… მინდობით აღზრდის შემთხვევაში, დღიური ანაზღაურება 35 ლარია, თუმცა რიგ შემთხვევაში ბავშვებს სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ხშირად ბიუროკრატიული სირთულეა შეთანხმება სააგენტოსთან იმაზე, რომ საჭიროა დაფინანსება ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით.

გვქონდა შემთხვევა, როცა მოვიდა მოქალაქე, რომელსაც 90 დღით ჰყავდა ბავშვი გადაცემული. ამ ადამიანს სურდა, აეყვანა ბავშვი აღსაზრდელად, თუმცა სააგენტოს პასუხი იყო, რომ იპოვეს ბავშვის ნათესავები, რომლებსაც შეუძლიათ ბავშვი იშვილონ.

შესაბამისად გამოსარკვევია: რამდენად რეალურად არიან ესენი ნათესავები? დგას თუ არა იმის აუცილებლობა, რომ გაშვილდეს ბავშვი სხვა პირზე, თუ არის საშუალება, კვლავ გაგრძელდეს მინდობით აღზრდის პერიოდი და შემდეგ ისარგებლონ ამ 6-თვიანი უპირატესობით მინდობით მიმღებმა ოჯახმა?

პრობლემა ამ შემთხვევაში იყო ისიც, რომ დაგვიანებით იყო ხელშეკრულება გაფორმებული. ხელშეკრულების დაგვიანებით გაფორმება პრობლემაა, რადგან არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს ეხება ეს. სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება და ვალდებულებები გადასცეს მინდობილ პირს.

  • კონკრეტული პირები სარგებლობენ უპირატესობებით შვილად აყვანის დროს, მათ შორისა ოჯახი, სადაც მინდობით იზრდება ბავშვი. როგორ დგინდება უპირატესობა ამ პირებს შორის, ვისაც კანონი პრივილეგიას ანიჭებს? 

სააგენტოს მიზანი ის უნდა იყოს, რომ ბავშვი იზრდებოდეს იმ გარემოში, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია ოჯახურ სივრცეს. თუ სააგენტო თვლის, რომ ნათესავები ქმნიან ამ გარემოს, ბუნებრივია, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ნათესავებს.

კანონი განსაზღვრავს უპირატესობის რიგითობას, მაგალითად, ინტერესი აქვს ბავშვის ბიოლოგიური მშობლის მეუღლეს [ვის ცოლს, ან ქმარს სხვა ქორწინებიდან ჰყავს ეს შვილი], შემდეგ დედმამიშვილებს, ნათესაურ კავშირში მყოფ პირებს, მინდობით აღზრდაში ვისთანაც არის…

საბოლოოდ, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი: სად არის ბავშვის ინტერესებისთვის საუკეთესო გარემო შვილად აყვანის შემთხვევაში. სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვის უფლება კი ყველას აქვს, ვისაც კანონი ანიჭებს უპირატესობას.

  • როცა ნათესავს აქვს უპირატესობა შვილის აყვანის დროს, ვის უნდა მიანიჭოს მოსამართლემ უპირატესობა – ბავშვის ნათესავს, თუ ოჯახს, სადაც ეს ბავშვი მინდობით აღზრდაშია? 

სასამართლომ უნდა შეაფასოს, რეალურად ვინ შეიძლება ჩაითვალოს ბავშვის საუკეთესო ინტერესის პირობის შემქმნელად.

სასამართლო ასევე ყურადღებას აქცევს ხანგრძლივობის საკითხს – რა დროის განმავლობაში იყო ბავშვი მინდობით აღზრდაში გადაცემული და როგორ გრძნობს ის თავს ამ გარემოში.

  • სად ირღვევა ყველაზე მეტად ბავშვის უფლებები, როცა ისინი მინდობით აღზრდაში არიან?  

მთავარი არის ემოციური მიჯაჭვულობის ნაწილი, როცა ბავშვი მამას და დედას ეძახის მინდობით აღმზრდელებს, ემოციური ჯაჭვია მათ შორის. რიგ შემთხვევაში აშკარაა, რომ ბავშვს უკვე არ შეუძლია მათ გარეშე – მას უნდა, გაღვიძების დროს მასთან დედობილი და მამობილი იყვნენ.

ზოგჯერ ბავშვებისთვის რთულია ნათესავებთან გადასვლაც. გარემოს შეცვლა ბავშვისთვის ყველაზე მტკივნეულია.

მიმღებ ოჯახსაც აქვს ფსიქოლოგიური გამოწვევა: ისინი ხშირად ამ ბავშვებს აღიქვამენ, როგორც საკუთარ შვილებს. იყო, მაგალითად, შემთხვევა, როცა მინდობით აღზრდაში აიყვანეს ტყუპები და მათ ამის შემდეგ შეეძინათ ტყუპები. მინდობით აყვანილი ტყუპების მიმართ განსაკუთრებული ემოციური მიჯაჭვულობა გაუჩნდათ.

ამ შემთხვევაში ჩვენ მივმართავთ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს განცხადებით და ვაფიქსირებთ, რომ სურთ, შვილად აიყვანონ ეს ბავშვები მინდობით აყვანის ხელშეკრულების დასრულების შემდეგ. ჯერ კიდევ ველოდებით ამ შემთხვევაზე პასუხს.

ხშირად ადამიანები არ არიან ინფორმირებული პროცედურულ ნაწილზე: როგორ შეიძლება მოითხოვონ შვილად აყვანა, როცა 6 თვე გავიდა და ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა? იყო შემთხვევა, როცა სააგენტომ პირდაპირ მიაწოდა ინფორმაცია, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ბავშვი აჰყავთ შვილად. ისე, რომ საერთოდ არ იცოდნენ, ვისზე იყო საუბარი. მინდობით აღმზრდელი ოჯახის ინტერესის დაცვა რატომ არ მოხდა, როცა მათაც აქვთ სურვილი, ბავშვი იშვილონ?

ჩვენ ვინც გვიკავშირდება, ყველას აქვს სურვილი, რომ ბავშვი დარჩეს მათთან. სააგენტოს რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული ბავშვი გადაეცემა თუ არა ოჯახს მინდობით აღზრდაში. იყო შემთხვევები, როცა საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში დაურეკეს მინდობით აღმზრდელ ოჯახს და უთხრეს, რომ ბავშვი უკვე მიჰყავთ. ბავშვის უფლებები ამ დროს ირღვევა, რადგან ის უნდა იყოს კონკრეტულ ოჯახში.

კანონი აწესებს დათქმას 10 წლამდე, როცა ბავშვის სიმწიფის გათვალისწინებით იზიარებენ მის მოსაზრებას, ხოლო 10 წელს ზევით ბავშვის სურვილი მნიშვნელოვანია, როგორც მინდობით აღზრდის, ისე გაშვილების ნაწილში. მეურვეობის და მზრუნველობის ორგანომაც ეს უნდა გაითვალისწინოს.

  • რა ფორმით ამოწმებს სახელმწიფო, როგორ გრძნობს თავს ბავშვი მინდობით აღზრდის პირობებში? 

სხვათა შორის, დედობილები და მამობილები, რომლებმაც ჩვენ მოგვმართეს, ამბობენ, რომ სააგენტოს საერთოდ არ შეუმოწმებია, რა მდგომარეობაში იყო ბავშვი მინდობით აღზრდის დროს. სოცმუშაკი ვალდებულია, პერიოდულად ადგილზე მისვლით გადაამოწმოს რა მდგომარეობაშია ბავშვი. ეს შეიძლება იყოს, როგორც დაგეგმილი, ისე დაუგეგმავი ვიზიტი.

არის შემთხვევები, როცა მინდობით აღზრდის 6-თვიანი ხელშეკრულების ვადა გავიდა, ახალი ხელშეკრულება არ ფორმდება, მაგრამ მაინც ურიცხავენ მინდობით აღზრდისთვის გათვალისწინებულ თანხას ოჯახს. შვილად აყვანისთვის შემთხვევაში კი პრიორიტეტს სხვა პირს ანიჭებს სააგენტო.

  • რატომ? 

ეს არის გაუგებარი, ამიტომაც მივმართეთ განცხადებით და ველოდებით პასუხს.

  • როგორ არჩევს სააგენტო ოჯახებს, რომლებსაც შესაძლოა მინდობით აღზრდაში გადაეცეს ბავშვი კონკრეტული ვადით? 

არსებობს რეესტრი, სადაც არჩევენ ამ ოჯახებს განაცხადების შესაბამისად. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია, შეიმუშაოს შესაბამისი დასკვნა, გადაეცეს თუ არა მინდობით აღზრდაში კონკრეტული ბავშვი, მაგალითად, რამდენად აქვთ შესაბამისი პირობები ბავშვის კარგ გარემოში გაზრდისთვის. მართალია, მათ სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხა გადაეცემათ პერიოდულად, თუმცა პრაქტიკაში ჩანს, რომ ხშირად ეს საკმარისი არ არის.

დედობილ-მამობილები ხშირად აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ბავშვს რთული აქვს.

  • როდის გადაჰყავთ ბავშვი მინდობით აღზრდაში? 

კანონი განსაზღვრავს ზუსტ შემთხვევებს, როცა, მაგალითად, ბავშვის ბიოლოგიური მშობლები უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა, ან მშობელი არის თანახმა, ბავშვი მინდობით აღზრდაში გადასცენ. ეს ეხება ასევე შემთხვევებს, როცა მშობელს შეჩერებული აქვს, ან შეწყვეტილი მშობლის უფლებამოსილება, ან მიტოვებულად არის ბავშვი აღიარებულია, ობოლია.

თუ ბიოლოგიური მშობელი გადაწყვეტს კონკრეტულ ეტაპზე, რომ თვითონ აღზარდოს საკუთარი შვილი, ბუნებრივია, მინდობით აღზრდის შეწყვეტის შემდეგ მას აქვს უპირატესობა. იყო შემთხვევა, როცა ადამიანს ჰყავდა 8 შვილი და რვავე გადასცეს მინდობით სხვადასხვა ოჯახს. თუ მისი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, შესაძლებელია, შვილების დაბრუნება.

  • რა შეგიძლიათ ურჩიოთ ადამიანებს, რომლებსაც ბავშვის შვილად აყვანა სურთ და მზად არიან მინდობით აღზრდის გზით მოიპოვონ ეს უპირატესობა? 

თუ გავა ეს 6-თვიანი ვადა, უნდა მიმართონ სასამართლოს ბავშვის შვილად აყვანის მოთხოვნით. რჩევა არის ის, რომ საკანონმდებლო რეგულაციებს იცნობდნენ ამ ნაწილში და მხოლოდ ის ფაქტი, რომ გამოჩნდა სხვა მშობელი, ვისაც სურს, ბავშვი აიყვანოს, საკმარისად არ მიიჩნიონ – თუ 6 თვე მათთან იყო ბავშვი, უნდა მოითხოვონ მათი პრივილეგირებული უფლებით სარგებლობა.

ამ თემაზე:

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვი იშვილო – ინტერვიუ იურისტთან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: