ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის 17 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინა საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული დემონსტრაციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ სისტემურ წამებას, არასათანადო მოპყრობასა და სხვა დარღვევებს.
საია საჩივარში ამტკიცებს, რომ განხორციელებული ქმედებები არის პროტესტის მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის კოორდინირებული ადმინისტრაციული პრაქტიკა.
ასევე, საია დავობს, რომ სახელმწიფოს ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, არამედ, ეს არის ძალაუფლების სასტიკი ბოროტად გამოყენება, რომელიც მიმართული იყო პრო-ევროპული პროტესტების ჩახშობისკენ და სცდება დემოკრატიული წესრიგის ფარგლებს (კონვენციის მე-17 მუხლი).
„საჩივრის მთავარი სტრატეგიაა, სასამართლომ დაინახოს და შეაფასოს, რა მოხდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს. კერძოდ, ეს არ იყო მხოლოდ ინდივიდუალური გადაცდომა ან არასათანადოდ ჩატარებული აქციის დაშლის ოპერაცია, არამედ, აქციის დარბევა იყო ორგანიზებული ძალადობა და საწყისი ათვლის ნიშნული იმ მწვავე ადამიანის უფლებების კრიზისისა, რომელიც სწორედ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არის ქვეყანაში შექმნილი. ამის გაკეთება სასამართლოს კონვენციის მე-17 მუხლისა და მის მიღმა, სხვა სადავო მუხლების ქვეშ არსებული არგუმენტაციის გათვალისწინებით შეუძლია“ – წერს საია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მტკიცებულებებით დასტურდება ნიღბიანი ოფიცრების მიერ განხორციელებული მიზანმიმართული სისტემური წამება/არასათანადო მოპყრობა, კერძოდ:
- აქციების დარბევის პარალელურად, როგორც წესი, სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეებს უსაფუძვლოდ აკავებდა, სცემდა, ხშირად ჯგუფურად, შემდეგ კი გადაჰყავდა პოლიციის კორდონის მიღმა, მედიის კამერებისგან მოშორებით, სადაც ძალადობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდებოდა.
- ძალადობა, როგორც წესი, გრძელდებოდა სპეციალურად მოწყობილ სადამსჯელო მიკროავტობუსებში. სპეცრაზმის წევრები, სპეციალური ხელთათმანების საშუალებით, ფეხით, ზოგ შემთხვევაში, კეტით ან სხვა ხელსაწყოს გამოყენებით, ჯგუფურად სცემდნენ მსხვერპლებს.
- ფიზიკურ ძალადობას, როგორც დაკავების შემდეგ, ისე მიკროავტობუსში, თან ახლდა ნივთების წართმევა, შეურაცხყოფა, დამცირება და მუქარა, მათ შორის, გაუპატიურებით დამუქრება. როგორც წესი, სპეცრაზმელები მსხვერპლებს მიზანმიმართულად ურტყამდნენ თავისა და სახის არეში.
- მიკროავტობუსში ცემის შემდეგ, რაც, ხშირად, რამდენიმე ეპიზოდად მიმდინარეობდა, მსხვერპლებს გადასცემდნენ საპატრულო ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც ისინი პოლიციის განყოფილებებში მიჰყავდათ და დაკავების შესახებ ყალბ ოქმებს აფორმებდნენ.
- ხშირად, ფსიქოლოგიური ძალადობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკური ძალადობა გრძელდებოდა როგორც ტრანსპორტირების დროს, ასევე პოლიციის განყოფილებაში.
„ის, რომ ეს არ იყო ინდივიდუალური გადაცდომა, არამედ მიზანმიმართული სახელმწიფო სტრატეგია, დასტურდება მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის განმახორციელებელთა საჯარო დაჯილდოებითა და დამნაშავე ოფიცრების დაუსჯელობითაც“ – წერს საია და მიუთითებს, რომ დაუსჯელობას ხელს უწყობს გამოძიების პროცესში გამოვლენილი სხვადასხვა დარღვევაც, მათ შორის:
ინსტიტუციურ დონეზე საგამოძიებო ორგანოს გაუქმება და საქმის პროკურატურისთვის გადაცემა, დანაშაულზე არასწორი კვალიფიკაციით გამოძიების წარმოება, მტკიცებულებების მოპოვებისთვის შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები და ა.შ.
საიას ცნობით, გასაჩივრებულია:
ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) (არსებითი და პროცედურული ნაწილი);
მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება);
მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-3 მუხლის არსებით ნაწილთან და მე-11 მუხლთან ერთობლიობაში;
მე-17 მუხლი (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა) და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების დაცვა).
___________________________
ფოტოზე: ბრიფინგი საიაში, 2026 წლის 20 აპრილი.






