განათლება,მთავარი,სიახლეები

რა უნდა შეიცვალოს „ბოლო ზარის“ ტრადიციაში და რატომ?

15.05.2023 • 23047
რა უნდა შეიცვალოს „ბოლო ზარის“ ტრადიციაში და რატომ?

ძვირადღირებული ტანისამოსი, წვეულება, ვიდეოგადაღება, ლიმუზინის დაქირავება და ბოლოს, ქუჩებში ავტომობილებით რბოლა საქართველოში „ბოლო ზარის“ შემადგენელ ნაწილად არის ქცეული. შვილის სკოლის დასრულება ბევრი მშობლისთვის სერიოზული ფინანსური ტვირთია.

ბოლოს ზარის წვეულების ტრადიცია ხშირად ხაზს უსვამს სოციალურ უთანასწორობასაც – სასწავლო წლის ბოლოს სოციალურ ქსელებში, ჯგუფებში ხშირად ნახავთ პოსტებს, სადაც მეთორმეტეკლასელი გოგონები დახმარებას ითხოვენ, – „იქნებ, შეღავათიან ფასად გამიკეთოთ შილაკი“, „იქნებ, ვინმეს ჰქონდეს კაბა“ და ასე შემდეგ.

რის შეცვლა არის საჭირო „ბოლო ზარის“ ტრადიციაში და რატომ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ „ვალდორფის“ სკოლის პედაგოგს ნინო ლომიძეს ესაუბრა.

მისი აზრით, ნებისმიერი ქმედების მიმართ უნდა გვქონდეს ცნობიერი, ფხიზელი მიმართება, თუ რატომ ვაკეთებთ ამას:

„არ ვიცი, ამას რამდენად შეიძლება ვუწოდოთ ტრადიცია, უფრო ინერციით არის გადმოცემული და წლიდან წლამდე მეორდება ერთი და იგივე.

იქნებ დასვან ახალგაზრდებმა კითხვები – რატომ კეთდება ეს ყველაფერი? რაში ვიღებთ მონაწილეობას? რას ვაორგანიზებთ? და საჭიროა იმის გაცნობიერება, რაც შემდეგ ამ ყველაფერს მოსდევს. მაგალითად, მე ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი ოჯახისთვის დღეს საქართველოში „ბანკეტი“ და „ბოლო ზარი“ მძიმე სიტყვებია, განაჩენივით ისმის.

იმიტომ, რომ ამ ოჯახებისთვის ეს არის ათასობით ლარი, ძვირფასი კაბები, ქუსლიანი ფეხსაცმელები, ბიჭებისთვის – შარვალ-კოსტიუმები, რესტორნის დაქირავება და ასე შემდეგ.

გარდა ამისა, არ ვიცი, ეს ბიჭები და გოგონები მათი ასაკისთვის აბსოლუტურად აცდენილ სამოსში რამდენად კარგად გრძნობენ ხოლმე თავს, ამ ყველაფრის რაღაც ილუზორულ წარმოდგენად გადაქცევა, რამდენად პასუხობს მათ ინდივიდუალიზმს.

ან რისთვის უნდა გასწიოს ამხელა ხარჯი ოჯახმა, კაბისთვის, რომელიც შემდეგ წლობით შეიკეტება კარადაში? რას გვაძლევს ეს ყველაფერი?“ – ამბობს ნინო ლომიძე.

ახალგაზრდები ხშირად ამბობენ, რომ წვეულება სკოლის დასრულების შემდეგ ერთგვარი დემონსტრირებაა იმის, რომ ბავშვობა დასრულდა და მათთვის  დამოუკიდებელი ცხოვრება იწყება.

ნინო ლომიძე ამბობს, რომ ეს, შესაძლოა, მართლაც იყოს ახალგაზრდების გულწრფელი პასუხი ამ კითხვებზე, მაგრამ რამდენად გამოხატავს ზრდასრულობაში გადასვლას და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას მშობლების მიერ გადახდილი სოლიდური თანხები, მეორე საკითხია.

„მშობლის ფულით, გაჭირვებით ნაყიდი კაბის ან პიჯაკის ჩაცმა, ღრეობა მშობლის მიერ დაქირავებულ რესტორანში, რამდენად გამოხატავს ზრდასრულობას? ზრდასრულობა ხომ, წესით, უნდა გამოიხატებოდეს უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებაში საკუთარ თავზე?

მშობლის მიერ ნაყიდი კაბა ან დაქირავებული რესტორანია ზრდასრულობის გამომხატველი? მაინც მრჩება განცდა, რომ ეს არის გაუცნობიერებელი.

თუ მართლა ამას მიიჩნევენ ახალგაზრდები ზრდასრულობად, მაშინ მართლა ძალიან ცოტა აქვს სკოლას გაკეთებული იმისთვის, რომ ადამიანს ჰქონდეს პირადი პასუხისმგებლობის განცდა. თუ ახალგაზრდებს ზრდასრულობაზე ასეთი მცდარი წარმოდგენა უჩნდებათ, ესე იგი, არ გვაქვს სწორად ნამუშევარი“ – ამბობს მასწავლებელი.

მისი აზრით, თუ ახალგაზრდებს სურთ ჰქონდეთ დამოუკიდებლობის შეგრძნება და რაღაც ნახტომის განცდა, მაშინ უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს – „რა შემიძლია გავაკეთო განსხვავებული, რაშია ჩემი ინდივიდუალიზმი?“

„ღრეობით და დაქირავებული ლიმუზინით, დაქირავებულ რესტორანში მისვლით, თუ რაღაც სხვაც შემიძლია გავაკეთო? მაშინ რა შეიძლება ეს იყოს?

რატომ უნდა იყოს ჩვენი მოგონებები ასეთ პომპეზურ გამოხატვასთან. წლების შემდეგ თბილად, სიხარულით და ბედნიერებით სხვა რამეც ხომ შეიძლება გაიხსენო, რაიმე საინტერესო აქტივობა, რომელიც კლასელებთან ერთად გააკეთე და რომელიც არის ახალგაზრდების დაგეგმილი და არა სხვისი თავსმოხვეული იდეა?!

გავიხსენოთ თუნდაც ლაშქრობა საინტერესო ადგილას, კოცონის ირგვლივ ამბების მოყოლა და არა ეს პომპეზურობა, რაშიც დღეს ახალგაზრდები მონაწილეობენ.

თუ ლაშქრობა არ მომწონს, დავსხდეთ და რაიმე საინტერესო მოვიფიქროთ, ის, რაც მოეწონება კლასს და გათვალისწინებული იქნება სურვილები და ინტერესები.

რატომ უნდა იყოს ეს ის, რასაც აკეთებს ყველა?! – ამბობს ნინო ლომიძე.

მისი აზრით, თუ ამ თემაზე დაიწყება სკოლაში, ახალგაზრდებში საუბარი, იდეას უფრო მეტი მომხრე გამოუჩნდება:

„ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება. მაგალითად, შეიძლება სკოლას შევძინოთ რაღაც, პატარა სივრცე მოვაწყოთ შემდეგი კლასისთვის, რაღაც განსხვავებული, საინტერესო გავაკეთოთ.

არის ასეთი შემთხვევებიც, როცა მოსწავლე უარს ამბობს ბანკეტებზე და ამბობს, რომ „არა, არ მივიღებ ამაში მონაწილეობას“, „ეს არ არის ჩემი ინტერესის სფერო“.

ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ 12 წლის განმავლობაში მოსწავლეები სკოლაში, ფაქტობრივად, არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებენ, არიან მორჩილი და შემსრულებელი იმის, რასაც მათ ნაცვლად გეგმავენ სხვები. თითქოს არსებობს თვითმმართველობები, მაგრამ რეალურად ესეც არ მუშაობს.

არ ვიცით, რამდენად აქვთ ბავშვებს მათი იდეების განხორციელების შესაძლებლობა, რამდენჯერ მიაკითხეს დირექციას მათი იდეებით და მიიღეს მხარდაჭერა.

მეტწილად, მაინც რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ სკოლებში 12 წლის განმავლობაში შინაარსების კონსერვირებით ვართ დაკავებული, რაც არასწორია. მაშინ, როცა ბავშვს სჭირდება კრიტიკული, თავისუფალი აზროვნება, ჯგუფური პროექტები და აქტივობები“. 

ნინო ლომიძის თქმით, ჩვენს რეალობაში ექსკურსიებიც კი არა ცნობიერების გაზრდას და ახლის შემეცნებას, არამედ ღრეობას უკავშირდება. ნაკლები მუშაობა მიდის იმაზე, შეისწავლოს ბავშვმა მის ირგვლივ არსებული ლანდშაფტი, გაიგოს, რომელი მთა მოჩანს თუნდაც მისი სახლიდან.

„სიარული, ფიზიკური აქტივობა კი ბავშვს ეხმარება დააკვირდეს საკუთარ სხეულს, გაიგოს რა აქვს სუსტი და აქვს გამოსასწორებელი, ავიდეს მთის მწვერვალზე და დატკბეს ამ პროცესით.

მოქმედება, მეტი აქტივობაა მნიშვნელოვანი და არა ოთხ კედელში გამოკეტილი მოსწავლე“ – ამბობს მასწავლებელი.

მისი აზრით, სწორედ ასეთი დამოკიდებულებების ნაკლებობის ბრალია ის, რომ ახალგაზრდები ხშირად მიჰყვებიან სწორედ დინებას და ნაკლებად არიან ინდივიდუალისტები.

მსგავსი წვეულებების დროს არის შემთხვევები, როცა ვიღაც ვერ მიდის წვეულებაზე უფულობის გამო, ან ექსკურსიას აკლდება მოსწავლე იმიტომ, რომ მშობელმა ფული ვერ გადაიხადა.

„ბევრ პრობლემას წამოჭრის ხოლმე ეს მანკიერი ტრადიცია და ჩვენც ინერციით მივყვებით და ვიმეორებთ წლიდან წლამდე.

ჩემთვის გამაოგნებელი იყო, როცა შარშან ითქვა, რომ პატრულის ეკიპაჟი დაჰყვებოდა ბოლო ზარის შემდეგ მეთორმეტეკლასელების ესკორტს და ეს რაღაცნაირად პოზიტიურად იყო აღქმული საზოგადოებისგან.

ასეთ დროს ხომ უნდა მივხვდეთ, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, არა?

დავსხდეთ, ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები და ისე ვიმოქმედოთ, საუკეთესო ცვლილებებისკენ“ – ამბობს ნინო ლომიძე.

ის იხსენებს კარგ მაგალითებსაც, როცა მეთორმეტეკლასელები შეთანხმდნენ და წვეულებისთვის გათვალისწინებული თანხა ქველმოქმედებას მოახმარეს.

მასწავლებლის აზრით, „ბოლო ზარის“ წვეულების შეცვლა მაშინ დაიწყება, როცა ახალგაზრდები და მასწავლებლები ერთად დაიწყებენ მსჯელობას.

„რაღაც აკრძალვებით კი არ უნდა მოხდეს, არამედ გააზრებული მსჯელობა უნდა იყოს. თვითონ უნდა მივიდნენ მოსწავლეები იმ აზრამდე, რომ არაფრისმომცემ ბანკეტებს რაღაც უფრო კარგის მოფიქრება სჯობს.

რაც შეიძლება მეტი უნდა ილაპარაკონ, რომ არაფერი ყრია აი, ამ რაღაც ილუზორულ ღრეობაში და შესაძლებელია მისი საპირწონე აქტივობის დაგეგმვა, რომ ა ის კოლოსალური თანხები და გაწეული ჯაფა არ ღირს იმად, რასაც ამდენ რესურს ახარჯავენ,“ – ამბობს ნინო ლომიძე.

საჯარო სკოლებში ბოლო ზარი მეთორმეტეკლასელებისთვის 20 მაისს დაირეკება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: