გორში სტალინის სახლ-მუზეუმისა და მისი დამცავი ნაგებობის [პავილიონის/ფანჩატურის] რესტავრაცია იგეგმება.
„სტალინის ბავშვობის საცხოვრებელი სახლის და ფანჩატურის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოებზე“ ტენდერი „ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმმა“ 109 ათას 430 ლარით გამოაცხადა. სახლი ამ მუზეუმის ტერიტორიაზეა განთავსებული.
ტენდერში აღნიშნულია, რომ ხარჯები მუზეუმის საკუთარი შემოსავლებთ დაიფარება.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით:
- „სტალინის ბავშვობის დროინდელი სახლი [აგების თარიღი — XIX საუკუნე] რესტავრირებული და ადაპტირებულია 1936-37 წლებში და მოქცეულია არქიტექტორ მ. ნეპრინცევის მიერ აგებულ მარმარილოს სვეტებიან ფანჩატურში. თავდაპირველი სახლი იდგა ვიწრო ქუჩის პერიმეტრზე მწკრივულ განაშენიანებაში. ამჟამად ის მოქცეულია მუზეუმის ეზოში…
- 1950-იან წლებში სახლ-მუზეუმის ჩრდილოეთით, ქუთაისის ქუჩის პერიმეტრზე აშენდა სტალინის მუზეუმი, სამხრეთით კი ჩამოყალიბდა გორის ცენტრალური ხეივანი და მთელ ვექტორულ ღერძზე მოიხსნა განაშენიანება ცენტრალურ მოედნამდე, სადაც დაიდგა სტალინის ძეგლი.
- ისტორიული ცნობებით სახლი ეკუთვნოდა კერძო პირს, რომლის ერთ ოთახში ცხოვრობდა ჯუღაშვილების ოჯახი…“

ფანჩატური და სტალინის სახლ-მუზეუმი გორში / ფოტო: სტალინის მუზეუმი
სტალინის მუზეუმის მიერ გამოცხადებულ ტენდერს ახლავს პროექტიც, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს სამუშაოები სახლსა და ფანჩატურზე.
სახლის „ნებისმიერი სახეცვლილება, რეაბილიტაცია-კონსერვაცია მოითხოვს დიდ სიფრთხილეს და კორექტულ მიდგომას. ამიტომ რეაბილიტაცია-კონსერვაციის დარგში მომუშავე სხადასხვა სპეციალისტების რჩევები და რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ამავე ბარათის მიხედვით: „აღსანიშნავია, რომ მემორიალური სახლი შექმნის დღიდან, როგორც ყოფილი საბჭოთა, ასევე საზღვარგარეთელი ტურისტებისთვის, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენდა საქართველოში. აქტუალობა ამ ადგილს დღესაც არ დაუკარგავს, ამასთან საჭიროა იმის გათვალისწინებაც, რომ სპეციალისტების აზრით, ბოლო პერიოდში კომპლექსისადმი გაზარდილი მსოფლიო დაინტერესება უახლოეს მომავალში ახალი ნაკადების გაჩენის ტენდენციას ზრდის“.
ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება დასრულებულია, შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.
შპს „ბესტჰაუსი 2024“ სტალინის მუზეუმს სამუშაოების შესრულებას 107 ათას ლარად სთავაზობს.
პირობის მიხედვით სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 335 დღეში უნდა დასრულდეს.
სტალინის მუზეუმის ეზოში ასევე განთავსებულია სტალინის პირადი ვაგონი, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 დეკემბრის ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
____________________
თბილისში, მიმდინარე წლის 12 იანვარს, უწყვეტი პროტესტის 46-ე დღეს, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახის წევრების აქცია გაიმართა. მსვლელობა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ იყო ორგანიზებული.
- რა ხდება?
ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.
პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. აქციებზე – სადაც ხშირად ადგილი აქვს პროვოკაციებს პოლიციის მხრიდან – დაკავებულია და სასტიკად ნაცემია ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
„ქართული ოცნება“ პროტესტის ჩახშობას საჯარო სამსახურებშიც ცდილობს. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო სამსახურის შესახებ რეპრესიულ კანონმდებლობას მოაწერა ხელი, სამსახურებიდან იმ საჯარო მოხელეებს ათავისუფლებენ, რომლებმაც ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა ღიად გააპროტესტეს.
პოლიციამ და სპეცრაზმმა რამდენჯერმე სასტიკი ძალადობით დაარბია აქცია. მთლიანობაში დააკავეს 500-მდე ადამიანი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით 52 მოქალაქე. მათ შორის ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
უწყვეტი აქციების მთავარი მოთხოვნაა: ახალი არჩევნების დანიშვნა და რეჟიმის ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.