მთავარი,სიახლეები

„ეს უკანონოა“ – პარლამენტთან სამართალდამცველები მშვიდობიან აქციას შლიან

08.03.2023 • 802
„ეს უკანონოა“ – პარლამენტთან სამართალდამცველები მშვიდობიან აქციას შლიან

„მოწოდება – დაიშალოს აქცია, შესაძლოა მაშინ გახდეს საჭირო, როცა კანონი ირღვევა. როცა კანონდარღვევა არ არის გამოხატული და ხელისუფლებას სურს შეწყვიტოს მოქალაქის შეკრებების და მანიფესტაციების უფლება, ეს უკანონოა,“ – ამბობს იურისტი, ორგანიზაციის „მედიაომბუდსმენის“ დირექტორი ნათია კაპანაძე. მას ვთხოვეთ შეფასება – რამდენად სამართლიანია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველების მოწოდება, აუდიოჩანაწერი, რაც პერიოდულად ირთვება და ხმამაღლა მოუწოდებენ დაშლისკენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს.

აქციაზე „არა რუსულ კანონს“ ამ დრომდე პოლიციელები უკანონოდ აკავებენ ადამიანებს, მათ შორის, ფიზიკური ძალის გამოყენებით. პოლიციელებმა აქციაზე წყლის ჭავლი, მხუთავი აირი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

„გადამეტება არაერთხელ გამოვლინდა, როგორც მშვიდობიანი შეკრების პროცესის შეწყვეტაში, შეწყვეტისათვის გამოყენებული უთანასწორო ძალის გამოყენებაში სათანადო საფუძვლების გარეშე, ასევე უკანონო დაკავებაში, როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიტიკოსის მიმართ…

და ტრადიციულად, სამართალდამცავ ორგანოებს მედიის მუშაობის უსაფრთხოებისთვის არც ერთი ზომა არ მიუღიათ,“- აღნიშნა ნათია კაპანაძემ „ბათუმელებთან“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ აზუსტებს, რამდენი ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. პოლიციის მაღალჩინოსნები ჟურნალისტებთან არ განმარტავენ, რის გამო აკავებენ ადამიანებს.

00:40 საათზე შსს-ს პრესცენტრში გვითხრეს, რომ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს.

03:30 საათზე საპროტესტო აქცია პარლამენტთან „არა რუსულ კანონს“ გრძელდება.

  • რა ხდება?

საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა დღეს, 7 მარტს, სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: