განათლება,მთავარი,სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია 6 მარტს დაიწყება – სამინისტრო

01.03.2023 • 1148
პირველკლასელთა რეგისტრაცია 6 მარტს დაიწყება – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2023 წლის 6 მარტს დაიწყება და გაგრძელდება 20 მარტის ჩათვლით.

პირველ ეტაპზე სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან.

ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას, ადმინისტრაცია კი ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს,“-ამბობს სამინისტრო.

პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2023 წლის 21 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს:

  • ფიზიკური შეზღუდვა
  • ინტელექტუალური განვითარების დარღვევა
  • სწავლის უნარის დარღვევა
  • სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის)
  • მეტყველების განვითარების დარღვევა
  • ქცევითი და ემოციური დარღვევა
  • გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება
  • სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს
  • აუტიზმის სპექტრი

იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.

II ეტაპზე რეგისტრაცია 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა  და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში, მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია, ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: