დღეს, 7 თებერვალს, ბაქოს ქუჩაზე სახელმწიფოს ბალანსზე არსებული შენობიდან თვითნებურად შესახლებული ოჯახები გამოასახლეს.
„დილის ხუთ საათზე დაგვიბრახუნეს კარზე და გვითხრეს, რომ შენობა უნდა დაგვეცალა. როცა გამოვიხედეთ გარეთ, მუნიციპალური ინსპექციისა და პოლიციის წარმომადგენლებით იყო გადავსებული აქაურობა. დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, ნორმალურად იქცეოდნენ, მოგვცეს საშუალება, რომ ჩვენი ნივთები აგველაგებინა“, – გვიყვება მოქალაქე, რომელიც კიდევ რამდენიმე ოჯახთან ერთად ბაქოს ქუჩაზე სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში იყო შესახელებული.
ამ მოქალაქეს სურს, რომ მისი სახელი არ დავასახელოთ: „მომავალში პრობლემა რომ არ შემექმნას“, ის ტელეფონით გვესაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ბაქოს ქუჩაზე, სახელმწიფოს შენობაში შესახლებულებიდან 8 ოჯახი გამოასახლეს, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.
გამოსახლებულები ურეხის თავშესაფარში გადაიყვანეს.
მოქალაქე, რომელიც „ბათუმელებს“ ესაუბრა აცხადებს, რომ თავშესაფარში საცხოვრებლად კარგი პირობები დახვდათ. აქ რამდენ ხანს დარჩებიან ამ ეტაპზე არ იციან. ერთ-ერთი ამბობს, რომ აქედან საკუთარ ბინებში უნდა გადავიდნენ:
„სავარაუდოდ ოზთურქის აშენებულ ბინებში გადაგვიყვანენ, ვისაც უსახლკაროს სტატუსი გვექნება.“
მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და წლების განმავლობაში ქირით ცხოვრობენ, ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობას სთხოვენ ისინი ბიზნესმენ გალიფ ოზთურქითვის ჩამორთმეულ კორპუსებში შეასახლონ.

ფოტო: „მაუწყებელი“
აჭარის ჯანდაცვის არალეგიტიმურმა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მოქალაქეებს აქციაზე დაუდასტურა, რომ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები სამთავრობო კომისიამ უნდა შეისწავლოს. მოქალაქეებმა განცხადებით ბათუმის მერიას უნდა მიმართონ.
გარდა ამისა, არალეგიტიმურმა მინისტრმა განმარტა, რომ ოზთურქის კორპუსები ამ ეტაპზე საცხოვრებელი ბინის პირობებს არ აკმაყოფილებს:
„საჭიროა დამატებითი სამუშაოების ჩატარება, რასაც სჭირდება გარკვეული დრო. ამ დროის განმავლობაში მოხერხდება ყველა იმ განცხადების განხილვა, რომელიც დღემდე არის მერიაში დარეგისტრირებული“, – თქვა მან.
ნინო ნიჟარაძეს არ დაუზუსტებია, დაახლოებით რა ვადა დასჭირდება კომისიას განცხადებების შესასწავლად. „არ ვიცი რამდენი განაცხადია უკვე მერიაში და რამდენი კიდევ შევა“, – აღნიშნა მან.






