მთავარი,სიახლეები

სასულიერო პირების ჯარში გაწვევა გაუმართლებელია – სონღულაშვილი

20.12.2022 • 1238
სასულიერო პირების ჯარში გაწვევა გაუმართლებელია – სონღულაშვილი

12 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იქმნება ახალი სამხედრო კოდექსი, რომელიც ყველა პირს დაავალდებულებს გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური.

ახალ კოდექსში აღარ იქნება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირებს სამხედრო სამსახურის გადავადება შეეძლოთ.

პრემიერ ღარიბაშვილის მიერ სამხედრო კოდექსში დაანონსებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ჯარში წასვლის ვალდებულება მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს აღარ ექნებათ: დომინანტური რელიგიური ორგანიზაციის მსახურებს ჯარისგან სახელმწიფოსთან გაფორმებული კონკორდატი დაიცავს.

ღარიბაშვილმა სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა „გირჩის“ მიერ დაფუძნებულ „ბიბლიურ თავისუფლებაზე“, რომლის წევრებიც, სასულიერო პირის სტატუსით, თავიდან ირიდებდნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

„ანტიეროვნული, მავნებლური, უმსგავსო და მკრეხელური“, – ამ ეპითეტებით მოიხსენია „ბიბლიური თავისუფლება“ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე და თქვა, რომ ახალი კოდექსი „ბიბლიური თავისუფლების“ სასულიერო პირებს ამ უფლებას შეუზღუდავს.

ღარიბაშვილის თქმით, სასულიერო პირებთან დაკავშირებული ჩანაწერის ამოღება საპატრიარქოსთან შეათანხმა. სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს არ უხსენებია სხვა რელიგიური კონფესიები.

შეიცავს თუ არა დისკრიმინაციის ნიშნებს მთავრობის მიერ დაანონსებული ახალი სამხედრო კოდექსი და დაავალდებულებს თუ არა სახელმწიფო არამართლმადიდებელ სასულიერო პირებს მოიხადონ სამხედრო სამსახური, ამ თემაზე ღარიბაშვილს არ უსაუბრია.

„ცივილიზებულ სამყაროში ვერ  ნახავთ ვერცერთ ქვეყანას, სადაც სასულიერო პირებს აიძულებდნენ გაიარონ სამხედრო სამსახური, რადგან ეს განსხვავებული პროფესიაა, რომელიც გამორიცხავს მათ მონაწილეობას სამხედრო სამსახურში, თუ მათ არ აქვთ საგანგებო სასულიერო პასუხისმგებლობა და აქ იგულისხმება საკაპელანო სამსახური“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი.

მისი თქმით, საკაპელანო სამსახური გულისხმობს სასულიერო პირების არა ბრძოლებში ან საომარ მოქმედებებში მონაწილეობას, არამედ „ჯარისკაცების ემოციურ მხარდაჭერას ომისა თუ მშვიდობის დროს“.

„ამის მიღმა სასულიერო პირების ჩართვა სამხედრო სამსახურში არის სრულიად გაუმართლებელი და ვერ ნახავთ ვერცერთ ქვეყანას, სადაც სასულიერო პირი შეიძლება მიჰყავდეთ ჯარში“, – გვეუბნება ის.

მალხაზ სონღულაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ახალი სამხედრო კოდექსი მიმართული იქნება მხოლოდ რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ცალსახად დისკრიმინაციული.

„ეს იქნება ანტიკონსტიტუციური მიდგომა, თუ ხდება თანასწორობის დარღვევა მოქალაქეებს შორის რელიგიური ნიშნით. მე ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი ორგანიზაციის დევნა და შევიწროება გაუმართლებელია.

თუ ჩვენ გვაქვს შემთხვევა, რომ მოქალაქეები ეძიებენ თავშესაფარს, კონკრეტულად რომელიმე ორგანიზაციაში, არ აქვს მნიშვნელობა „ბიბლიური თავისუფლებაა“ ეს თუ სხვა ორგანიზაცია და ხელისუფლება ამაში ხედავს საფრთხეს, მაშინ უნდა შეისწავლოს, გამოიკვლიოს, რატომ არიდებს ადამიანი სამხედრო სამსახურს თავს.

რა არის მიზეზები, რა არის პრობლემები და რატომ აღმოჩნდა ეს შესაძლებლობა მოქალაქეების ერთი ნაწილისთვის, რომ მიაკითხოს „ბიბლიურ თავისუფლებას“. მე მგონი, ამის კვლევა უფრო საშურია და მნიშვნელოვანი, ვიდრე ვინმეს დასჯა და კუთხეში დაყენება, რაც სრულიად გაუმართლებელია“, – ამბობს მალხაზ სონღულაშვილი.

მისი აზრით, უფრო გამართლებული იქნება გაიმართოს საჯარო მსჯელობა, რატომ გაჩნდა სამხედრო სამსახურზე თავის არიდების საჭიროება, რა არის ამის მიზეზი. „ზოგადად, როგორი ფილოსოფიაა ამ ქვეყანაში სამხედრო სამსახურთან მიმართებაში, მოქალაქის პასუხისმგებლობასთან მიმართებაში“, – გვეუბნება ის.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ცხოვრობს ომის აჩრდილის ქვეშ, გვყავს მეზობელი, რომელიც რეგულარულად გვიქმნის საფრთხეს, ეს საქმე ნამდვილად არის მოსაწესრიგებელი და მოსაგვარებელი. მაგრამ ვიდრე მოწესრიგდება, ამას სჭირდება არა დევნა და დისკრიმინაცია, არამედ კარგი კვლევა, დაფიქრება და პასუხების გამონახვა“, – ამბობს მალხაზ სონღულაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ამ საკითხზე რელიგიურ უმცირესობებთან კონსულტაცია არ გაუვლია. „მე მსგავსი რამ არ ვიცი, ჩემთვის უცნობია. შეიძლება სხვა ვინმესთან გამართეს, მაგრამ ჩემთვის ეს უცნობია, არასდროს ჩვენთან არანაირ საკითხზე კონსულტაცია სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენელს, მაკო ღავთაძესაც ესაუბრა. მისი აზრითაც, ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული ახალი სამხედრო კოდექსი, რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის საფრთხეს შეიცავს.

„ჩვენ არ ვიცით, რას ჩაწერენ ახალ კოდექსში, საერთოდ ამოიღებენ თუ არა ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირებს უვადდებოდათ აქამდე სამხედრო სავალდებულო სამსახური. შესაბამისად, ბუნებრივია, დისკრიმინაციაზე საუბარი წინასწარ რთულია.

თუმცა, ის ფაქტი, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირები მთლიანად გათავისუფლებული არიან სამხედრო სამსახურიდან, ხოლო სხვა კონფესიების სასულიერო პირებს უვადდებათ სამხედრო სამსახური, ეს ისედაც იკითხება, როგორც დისკრიმინაციული კანონმდებლობა“, – ამბობს მაკო ღავთაძე.

მისი თქმით, რადგან აქამდე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ სასულიერო პირებს შეეძლოთ გადავადების უფლებით მაინც ესარგებლათ, ამ დისკრიმინაციული ჩანაწერის გამო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის აღარ მიუმართავთ.

„მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა გადავადების გარეშე მოუწევთ რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებს, მაშინ პრაქტიკაში, შედეგიც დისკრიმინაციული დადგება და შესაძლოა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში“, – ამბობს ღავთაძე.

დღეს მოქმედი კოდექსი მართლმადიდებელ სასულიერო პირებს არ ავალდებულებს სამხედრო სამსახურის გავლას, რადგან მართლმადიდებელი სასულიერო პირები კონკორდატის მიხედვით სრულიად გათავისუფლებული არიან ამ ვალდებულებისგან.

„სავარაუდოდ, ორი ვარიანტი აქვს მთავრობას, ან უნდა ჩაეწერათ კანონში და დაეზუსტებინა, რას ნიშნავს რელიგიური ორგანიზაცია ან სასულიერო პირი, რომ ვეღარ ჩამჯდარიყო „ბიბლიური თავისუფლება“ ამ კრიტერიუმებში, რაც ასევე ძალიან საშიშია, ან მეორე – ამოეღოთ კანონიდან ჩანაწერი სასულიერო პირების შესახებ, რაც ასევე პრობლემურია“.

რაც შეეხება რწმენის საფუძველზე კეთისლინდისიერ წინააღმდეგობას, ეს ცალკე საკითხია და არაა კავშირში მთავრობის მიერ აღნიშნულ სასულიერო პირების სამხედრო სამსახურში გაწვევასთან.

კეთილსინდისიერი წინააღმდეგობით კანონმდებლობით სარგებლობენ ის პირები, ვისაც საკუთარი მრწამსის გამო არ სურთ სამხედრო ფორმით გაიარონ სამსახური. ამ შემთხვევაში, მათთვის არსებობს ალტერნატიული სამსახური. ეს რწმენისა და რელიგიის თავისუფლების მნიშვნელოვანი ნაწილია.

კეთილსინდისიერ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში არსებული პრობლემური საკითხი 2011 წელს, სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოგვარდა“, – ამბობს მაკო ღავთაძე.

მთავრობის სხდომის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან ახსენა დისკრიმინაციის საფრთხე და თქვა, რომ გაიაზრეს საკონსტიტუციო სარჩელის რისკი. „კოდექსი მაქსიმალურად გამართული და სამართლიანი იქნება“, – განაცხადა მან.

ახალი სამხედრო კოდექსი 2025 წლიდან ამოქმედდება. მინისტრის თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახური 6-8 და 11-თვიანი იქნება. ვადები დამოკიდებული იქნება კონკრეტულ გარემოებებზე და ყველა პირი სამხედრო სამსახურს თავდაცვის უწყებაში გაივლის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: