მთავარი,სიახლეები

გოგოს რა გინდა ჯარში, ბიჭები აღარ მიდიან – რატომ წავიდა რეზერვში 20 წლის მეზღვაური ქალი | ვიდეო

30.01.2024 •
გოგოს რა გინდა ჯარში, ბიჭები აღარ მიდიან – რატომ წავიდა რეზერვში 20 წლის მეზღვაური ქალი | ვიდეო

„ბიჭები აღარ მიდიან ჯარში და გოგოს რა გინდა, – ბევრმა ასე მითხრა, როცა რეზერვში წავედი. მაგრამ, ვფიქრობ, მინიმალური თავდაცვის უნარები ნებისმიერ მოქალაქეს უნდა გააჩნდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამშობლოს დაცვაც შევძლოთ და საკუთარი თავისაც“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 20 წლის მარი აბაშიძე.

მარი ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ეუფლება. ახლა მესამე კურსზეა და სურვილი აქვს, გემის კაპიტანი გახდეს.

სწავლის პარალელურად კი, გადაწყვიტა სამხედრო საქმეც შეესწავლა.

მარი აბაშიძე გემზე

„ჩემს ასეულში 20-მდე ქალი ვირიცხებით. უმრავლესობა სტუდენტები ვართ და მიხარია. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიც არიან, მათ შორის მასწავლებლები და ექიმებიც.

ერთი წელია, რაც რეზერვში ვმსახურობ და ბევრი რამ ვისწავლე. მაგალითად, აქამდე არ ვიცოდი როგორ დამეცვა თავი, როგორ შევიარაღებულიყავი, ახლა კი ყველაფერი ვისწავლე.

ვიცი იარაღის აწყობა, გამოყენება. ვისწავლე, როგორ უნდა ამერჩია სამიზნე და მესროლა ისე, რომ არ დამეზიანებინა საკუთარი თავი.

დილა ფიზიკური ვარჯიშით იწყება და შემდეგ გავდივართ წვრთნებს.

პრაქტიკა გემზე

თავდაცვის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურობას, რადგან უფრო ტაქტიკურად გადაადგილდები, სწავლობ შენიღბვას, რომ ადვილად შესამჩნევი არ გახდე და არ აღმოჩნდე მტრის სამიზნე. ვფიქრობ, მსგავსი უნარები ყველა ახალგაზრდამ უნდა გამოიმუშაოს, რადგან აქ მიღებული ცოდნა საჭირო დროს გამოიყენო.

რუსეთ-უკრაინის  ომის დროს ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის უნარების ქონა და როგორ გამოიყენა ეს უნარები მოსახლეობამ მტერთან ბრძოლის დროს.

ამიტომ საჭიროა, რომ საკუთარი თავიც დაიცვა და სამშობლოც“, – გვეუბნება მარი აბაშიძე.

მისი აზრით, დღეს ახალგაზრდებს ნაკლები მოტივაცია აქვთ ჯარში წასასვლელად, ამიტომ სახელმწიფომ მიდგომები უნდა შეცვალოს.

„ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ჯარში წასვლა დროის კარგვაა, რადგან დღეს, რეალურად, ახალწვეულები ძირითადად ადმინისტრაციული შენობების სადარაჯოდ მიჰყავთ ჯარში. ეს ასე არ უნდა იყოს. ახალგაზრდებს მოძრაობა გვიყვარს, ენერგიული ცხოვრება მოგვწონს და არა მოდუნებული დგომა შენობების წინ“, – ამბობს მარი.

მარის თქმით, დღეს სტუდენტური ცხოვრება ძალიან რთულია, რადგან სტუდენტებს სწავლის გარდა არსებობისთვის ბრძოლაც უწევთ. ამიტომ მუშაობას არჩევენ და არა – სამხედრო სამსახურს.

„მე სოფელ სხალთიდან ვარ. ამიტომ ქალაქში ბინის ქირაობა მიწევს. ეს, რა თქმა უნდა, რთულია. ბიჭებიც, ვინც მსგავს მდგომარეობაში არიან, მუშაობენ, რომ ყოფითი საჭიროებები დაიკმაყოფილონ.

ამიტომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტებს და ისეთი პროგრამები შეიმუშაოს, რომლებიც უფრო მოსახერხებელი იქნება სტუდენტების ან დასაქმებული პირებისთვის. მაშინ დაინტერესებაც უფრო გაიზრდება“, – ამბობს მარი.

მისი აზრით, ჯარი და პოლიცია ქვეყანაში სამაგალითო უნდა იყოს, „მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ცოტა სხვანაირი ვითარებაა“, – გვეუბნება ის.

„მაგალითად პოლიცია ავიღოთ, როცა ახალგაზრდები ხედავენ, რომ პოლიცია მიკერძოებულია, არასწორად იქცევა, ეს ასუსტებს პოლიციის მიმართ ნდობას და სამართლიანობის განცდა აღარ აქვთ ადამიანებს. არადა, პოლიცია და ჯარი ქვეყნის საყრდენი უნდა იყოს. ჯარმაც და პოლიციამაც უნდა აჩვენოს მოსახლეობას თავისი მნიშვნელობა“, – ამბობს მარი.

მარი აბაშიძე გემზე

რა შეეხება საზღვაო საქმეს, მარი ამბობს, რომ ამ საქმიანობით ჯერ კიდევ მე-5 კლასიდან დაინტერესდა. „ალბათ იმიტომ, რომ აქტიური ადამიანი ვარ და მიყვარს ექსტრემალური თავგადასავლები და სირთულეები“-ამბობს ის.

მარის თქმით, მისი არჩევანი ოჯახში არ გაჰკვირვებიათ, თუმცა აქა-იქ მაინც ესმოდა სტერეოტიპული ფრაზა – „ქალს რა უნდა გემზე“.

„ქალებს ყოველთვის უწევდათ კარიერული წინსვლისთვის ბრძოლა და ეს არც დღეს არის მარტივი. თუმცა დამოკიდებულება, რომ „ქალი ხარ და სუსტი ხარ“, საგრძნობლად შეცვლილია. დღეს ქალები თითქმის ყველა სფეროში არიან, სადაც ადრე მხოლოდ მამაკაცები იყვნენ და ეს ჩემთვისაც დიდი სტიმულია“-ამბობს მარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: