მთავარი,სიახლეები

ახალი მანქანა მერიას მთავრობისგან, რომელიც ირაკლი თავდგირიძეს ემსახურება

15.12.2022 •
ახალი მანქანა მერიას მთავრობისგან, რომელიც ირაკლი თავდგირიძეს ემსახურება

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ირაკლი თავდგირიძეს ახალი მანქანა – „დუსტერი“ მოემსახურება. „ბათუმელების“ ინფორმაციით ეს მანქანა აჭარის მთავრობამ მერიას გადასცა შემდგომში საკრებულოსთვის გადაცემის მიზნით. მთავრობის პრესსამსახური დაგვპირდა, რომ მოგვაწვდიდა მანქანის გადაცემასთან დაკავშირებულ ბრძანებას, თუმცა ის ამ დრომდე არ მიგვიღია.

ჩვენთვის უცნობია მთავრობის რომელმა უწყებამ შეისყიდა მანქანა, როდის და რა ფასად. შესაბამის ვებგვერდებზე არსებული ინფორმაციით კი, ამ მარკის მანქანის ფასი 17 000 დოლარიდან იწყება.

თავად ირაკლი თავდგირიძის ინფორმაციითაც, მანქანა მთავრობამ მერიას გადასცა, მერიამ კი საკრებულოს.

„მანქანა გადმომცა საკრებულომ ჩვეულებრივად, მეც მემსახურება, სხვებსაც ემსახურება. სამართლებრივად, როგორ მოხდა და რა მოხდა არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ის, რომ მერიამ გადმოგვცა ჩვენ. მე ისეთ კომუნიკაციებში ვერ შევდივარ, ვინ ვის რატომ გადასცა. იცით, რომ დიდი ხანია საკრებულოს ავტოპარკი არ განახლებულა. ამიტომაც ამ მანქანას მეც ვსარგებლობ და სხვებიც. გარდა ამისა, ჩემი პირადი ავტომანქანით ვსარგებლობ ხშირად, რომელიც დეკლარაციაშიც მითითებული მაქვს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი თავდგირიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, კანონის შესაბამისად მძღოლიც ემსახურება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თავად საკრებულოს თავმჯდომარეს, რამაზ ჯინჭარაძეს ემსახურება „კია სერატო“, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში პირველ მოადგილეს, თამაზ სალუქვაძეს ემსახურებოდა.

ირაკლი თავდგირიძის თქმით, ამ ეტაპზე საკრებულო ავტოპარკის განახლებას არ გეგმავს.

____

ირაკლი თავდგირიძე ბათუმის საკრებულოს წევრი გახდა გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“. თუმცა მან პარტია საკრებულოში შესვლის წინ დატოვა იმ მოტივით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებდა. მისი ამ გადაწყვეტილების შემდეგ საკრებულოში ბალანსი შეიცვალა: ირაკლი თავდგირიძის ამ გადაწყვეტილებამდე „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 16 წევრი შეჰყავდა, ხოლო ოპოზიციას – 19.

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგების მიუხედავადა, დღეს ბათუმის საკრებულოს უმრავლესობაში მაინც „ქართული ოცნებაა“ – საბოლოოდ ეს შედეგი მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი თავდგირიძის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში ენმ-ს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა,

ხელახალ არჩევნებში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა.

მართალია, „ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე“ გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე პროკურატურას შედეგი არ დაუდია. ფუტკარაძეს „ნეიტრალურის დაჭერას“ სთხოვდნენ იმ აუდიოჩანაწერის მიხედვით, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, 24 ნოემბერს გაავრცელა.

პარტიიდან ირაკლი თავდგირიძის წასვლის შემდეგ გახარიას გუნდმა განაცხადა, რომ „გასაყიდი უნდა გაიყიდოს“.

ირაკლი თავდგირიძე ამ დროისთვის დამოუკიდებელი წევრია, თუმცა საკრებულოს უმრავლესობამ ის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც აირჩია.

2022 წლის 30 მაისს, ირაკლი თავდგირიძემ საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატს – რამაზ ჯინჭარაძეს დაუჭირა მხარი.

გახარიას პარტიიდან წასული დეპუტატი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: