განათლება,მთავარი,სიახლეები

როცა 12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს, სახელმწიფო კი ისევ დუმს სქესობრივ განათლებაზე

24.11.2022 • 2691
როცა 12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს, სახელმწიფო კი ისევ დუმს სქესობრივ განათლებაზე

12 წლის ბავშვმა ბავშვი გააჩინა. ფაქტი გუშინ, 23 ნოემბერს, დაფიქსირდა თბილისში; მანამდე, სამი დღით ადრე, 14 წლის გოგოს მამამ სასტიკად სცემა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მის შვილს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მასზე ბევრად უფროს კაცთან; 6 წლის გოგო ბიძის მხრიდან გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ეს შემთხვევაც ამ დღეებში მოხდა.

შარშან 13 წლის გოგომ გააჩინა ბავშვი გორის ერთ-ერთ სოფელში; 14 წლის გოგომ თავი მოიკლა იმის გამო, რომ მასზე ჯერ სექსუალურად იძალადეს, შემდეგ კი ამის გამო ოჯახის წევრების მხრიდან ის გახდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

2021 წელს ორი ბავშვის გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ბავშვის მამა.

2022 წლის მარტო იანვრის თვეში ბავშვების წინააღმდეგ 37-ჯერ განხორციელდა სხვადასხვა სახის სექსუალური და სქესობრივი დანაშაული. მათ შორის: გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება, სექსუალური ძალადობა, ადევნება, მუქარა და ასე შემდეგ.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვზე ხშირად ძალადობენ ასევე ოჯახის წევრები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, რადგან ოჯახი და საზოგადოება მას ადანაშაულებს იმაში, რომ მასზე იძალადეს.

ჩვენ საქართველოს პარლამენტის 7 დეპუტატს მივწერეთ და ვკითხეთ, ხედავენ თუ არა სკოლებში სქესობრივი განათლების დანერგვის აუცილებლობას, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გაზრდილი სტატისტიკიდან გამომდინარე, ხომ არ აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ ეს საკითხი და განათლების სამინისტროსთან დასვან კითხვები ამ თემაზე.

ამ კითხვებს ტარიელ ნაკაიძის გარდა არცერთმა დეპუტატმა, მათ შორის, ქალებმა, არ უპასუხა. ესენი არიან: ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, ელისო ბოლქვაძე, გიორგი ამილახვარი, მიხეილ სარჯველაძე, მარიამ ლაშხი.

აქციიდან 1000 მშობლის მარში: „ასწავლეთ ბავშვებს სქესობრივი ძალადობისგან თავის დაცვა“ ფოტო: „ნეტგაზეთი“

რატომ არ არის ბავშვი დამნაშავე, როცა მასზე სექსუალურად ან სხვა ფორმით ძალადობენ, როგორ უნდა დაიცვას ბავშვმა თავი ძალადობისგან და რა უნდა იცოდეს, როგორც თავისი სხეულის, ასევე ძალადობის ფორმების შესახებ? – სწორედ ამ და სხვა საკითხებს მოიცავს სქესობრივი განათლება, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ისწავლება.

საქართველოს განათლების სამინისტრომ კი ამ საგნის სკოლებში დანერგვა და მისი მნიშვნელობის წარმოჩენა ამ დრომდე ვერ შეძლო.

გასულ წელს ერთი მშობლის პეტიციაც კი გავრცელდა, სადაც მშობელი სამინისტროს სთხოვდა, დროულად დაენერგა სკოლებში სქესობრივი განათლება, რაზეც მშობლის თქმით, სამინისტრომ უპასუხა, რომ „2021- 2022 წლიდან დაგეგმილია არჩევითი კურსის პილოტირება, მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე, საბოლოო სასწავლო პროგრამის ჩამოყალიბება,“ – წერს სამინისტრო.

თუმცა სამინისტროს არც 2022 წლის მიწურულს დაუნერგავს საპილოტე პროგრამა და არც რაიმე ანალიზი გვინახავს ამ საკითხზე მათგან.

სქესობრივი განათლების აუცილებლობაზე „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი მშობელი, თეონა აბაშიძე თავის გამოცდილებაზე გვიყვება: „სიტყვა „სქესობრივ განათლებას“ ვახსენებ თუ არა, მაშინვე აგრესია მოდის, არა მხოლოდ ნათესავებისგან, არამედ მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგანაც კი. მიიჩნევენ, რომ ამ გაკვეთილებში პირდაპირ სექსის სწავლება იგულისხმება.

რეალურად, ამ ადამიანებისთვის არავის მიუწოდებია სწორი ინფორმაცია.

ჩემს შვილს მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით მოუწია ინფორმაციის გაზიარება კლასელთან, რის გამოც სერიოზული აგრესია წამოვიდა ბავშვის მშობლებისგან, ბებია-ბაბუისგან ჩემი შვილის მიმართ – ისინი მიიჩნევდნენ, რომ ამაზე ხმამაღლა არ უნდა ისაუბრო.

ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო ის, რომ ეს ადამიანები მენსტრუალურ ციკლს ეძახდნენ „ბინძურ სისხლს“ და ბავშვსაც იმდენად დაბალი ცნობიერება ჰქონდა ამ საკითხზე, ამბობდა, რომ ამ დროს ქალი არის ბინძური.

გაოგნებული ვიყავი, როცა 13-14 წლის გოგონებს დაეწყოთ ციკლი და ამაზე მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. ეს არ იყო ერთეული შემთხვევა.

წარმოიდგინეთ, ეს ხდება დღეს, როცა თითქოს ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია. ეს გვაჩვენებს საზოგადოების რა ნაწილი აზროვნებს სწორად“, – გვეუბნება თეონა აბაშიძე.

თეონა აბაშიძე

თეონას სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და ამბობს, რომ მათი ასაკის შესაბამის ინფორმაციას ჯერ სანდო წყაროებში იძიებს, შემდეგ კი მათ უზიარებს.

„ძალიან კარგი ვიდეორგოლებია ბევრი სანდო და კვალიფიციური ორგანიზაციის მიერ დამზადებული სქესობრივ საკითხებზე, youtube-ზეც არის განთავსებული და ყველა მშობელს შეუძლია მოიძიოს, თუკი ამის შესახებ მივაწვდით ინფორმაციას.

თუმცა ჩემ ირგვლივ ჯერ კიდევ უამრავი ქალი, დედა არსებობს, ვინც ფიქრობს, რომ ამ ინფორმაციის მოძიება და შვილისთვის გაზიარება მიუღებელია.

როცა ჩემი შვილის კლასში ბიოლოგიის გაკვეთილზე ეს თემა დახურეს, ჩემმა შვილმა სთხოვა, რომ ესაუბრათ ამ საკითხზე, რადგან მისთვის საინტერესო იყო. მე ამის გამო მასწავლებელი წავახალისე და მადლობაც კი ვუთხარი, რომ ამ თავს არ გადაახტა და ჩაატარა გაკვეთილი“, – ამბობს თეონა.

მისი აზრით, ბევრი მშობელი დღემდე სტიგმებით აზროვნებს და გაუცნობიერებლად იმეორებს ფრაზას: „ჩვენთვის არავის უსწავლებია (სექსი), მაგრამ რა, შვილები ვერ გავაჩინეთ?“

„ბრმად ენდობიან გაგონილს და არც კი ცდილობენ საპირისპირო აზრის მოსმენას. არც ერთ დონეზე არ სურთ გაიგონ, რომ სქესობრივი განათლება ისევ ჩვენი შვილების ძალადობისგან დაცვისთვის არის საჭირო.

შენმა შვილმა უნდა იცოდეს, რომ მისი სხეული ხელშეუხებელია, უნდა იცოდეს, რომ მას აქვს უფლება ითხოვოს დახმარება, თუ მის რომელიმე ორგანოს უცხო პირი, ან ზრდასრული კაცი შეეხება. როცა ამას ვუხსნი, ამაზე საერთოდ გიჟდებიან. „ჩემს შვილს თვითონ ვასწავლი, თუ საჭიროა“, – მეუბნებიან, მაგრამ რეალურად მათ რცხვენიათ შვილებთან ამ თემაზე საუბარი.

ამდენი გარყვნილი ქმედება და ძალადობა რომ გვაქვს ბავშვებთან, ეს ხომ ნიშნავს, რომ არავინ იცავს ამ ბავშვებს და არც ასწავლიან, როგორ დაიცვან თავი“, – გვეუბნება თეონა.

ქეთი პაპავა, მასწავლებელი

რატომ ვერ გაიგო საზოგადოებამ, რას ნიშნავს ბავშვის სქესობრივი აღზრდა, რა განათლებას უნდა ვაწვდიდეთ ბავშვს, როგორ და რისთვის?  – ინგლისური ენის მასწავლებელი ქეთი პაპავა დარწმუნებულია, რომ ამ საკითხზე სახელმწიფომ რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს საუბარი და, პირველ რიგში, ცნობიერება უნდა ამაღლდეს საზოგადოების, მშობლების.

„ვფიქრობ, დაგვიანებულიც კია ამაზე საუბრის დაწყება. ვფიქრობ, მშობლების განათლება ამ საკითხში ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაიწყოს, სანამ ისინი მშობლები გახდებიან.

თავი და თავი ოჯახია, მაგრამ სკოლასაც აქვს პასუხისმგებლობა ამაზე, რადგან როდესაც ოჯახებში მზაობა არ არის და არა თუ საუბარი, ამის გაჟღერებაც კი სირცხვილად, აუგად მიიჩნევა, სკოლამ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა. სხვა შემთხვევაში, კიდევ უარესი სიტუაცია გვექნება.

მშობლების აღზრდა, განსაკუთრებით კი ბიჭების აღზრდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, დედის დანაშაულია, როდესაც ბიჭებს და გოგონებს არ ესაუბრებიან ამ თემებზე.

რატომ  მხოლოდ დედის? ცალსახა კვლევები არ გვაქვს, თუმცა თუ მოვუსმენთ რეპორტაჟებს, გადავხედავთ სოციალურ ქსელებში გამოთქმულ შეფასებებს, ქალებისგან გაცილებით უფრო დიდი აგრესია მოდის ამ საკითხზე, ადანაშაულებენ გოგონებს, რომ გამომწვევად იცვამენ, თუკი გაუპატიურებაზეა მსჯელობა და თავიანთ ბიჭებში პრობლემას ვერ ხედავენ“, – ამბობს ქეთი.

მისი თქმით, პრობლემა შეიძლება ჰქონდეს გოგოსაც და ბიჭსაც, რადგან ისინი არ იცნობენ საკუთარ სხეულს.

„ჩვენი მშობლების უმრავლესობას მიზეზად რელიგია მოჰყავთ, ზოგიერთს ტრადიციები და საერთოდ გაურბიან ამ თემაზე საუბარს“.

სხვადასხვა დროს ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, სკოლებში სქესობრივი განათლება დაენერგა, თუმცა რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან თავდასხმების შემდეგ ეს საგანი სკოლებში აღარ შეიტანეს. სამინისტრო არც ძალადობის პრევენციაზე საუბრობს.

„დიახაც, უნდა ჩატარდეს გაკვეთილები სქესობრივ განათლებაზე, რადგან ასიმილაცია მიდის, ახალგაზრდები უფრო სწრაფად იზრდებიან, უფრო სწრაფად მწიფდებიან, ამის ბევრი მიზეზი არსებობს როგორც ბიოლოგიური, ასევე ინფორმაციული.

ბავშვს რაც არ უნდა აუკრძალო, რაც არ უნდა გადაუკეტო გზა, ის მაინც მიიღებს რაიმე გზით ინფორმაციას, ირანი ხომ არ ვიქნებით, რომ ინტერნეტი გავუთიშოთ?

მათი სხეულის შესახებ ინტერესი მათივე ბუნებაშია და ამ ინტერესს მშობელმა უნდა უპასუხოს.

როდემდე შეიძლება ვზარდოთ შვილები „წეროს მოჰყავს ბავშვი“ და „კომბოსტოში გიპოვე“ მენტალიტეტით. ის, რომ ადამიანებს სქესობრივი განათლება სექსუალური აქტის სწავლება ჰგონია, არის დაბალი ინტელექტის ბრალი და აღრევა ტერმინების“, – ამბობს ქეთი პაპავა.

მისი აზრით, ის დამოკიდებულება, რომ „ადრეც ვმრავლდებოდით“, არაჯანსაღი და მსჯელობასმოკლებულია.

„თუ გავმრავლდით, ესეც არასწორად გავმრავლდით, რადგან 90-იან წლებში 21 წლის გოგო შინაბერად ითვლებოდა. ახლაც როგორ ვვითარდებით? როცა ჯერ ისევ არსებობს კითხვები, „როდის ელოდები?“ და „აქამდე რატომ არ გყავს?“.

ამ მახინჯი მენტალობის გაძლიერებას სახელმწიფოც უწყობს ხოლმე ხელს, რადგან არ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს „ოჯახის სიწმინდის“ დღე. ოჯახი რომელიმე ქვეყანაში უწმინდურია?“ – ამბობს ქეთი პაპავა.

მისი თქმით, სქესობრივ და სექსუალურ თემატიკაზე ჯანსაღ მსჯელობას იმდენად ადევს ტაბუ, რომ სიტყვა sexist-ის ხსენებაც კი ახალგაზრდებში ღიმილს იწვევს. „რადგან მხოლოდ სექსთან ასოცირდება“.

„ეს არის განათლების ნაკლებობა, ცნობიერების არქონა. სასწრაფოდ დასაძრავია ეს საკითხი სახელმწიფოს მხრიდან: III-IV-V-კლასელი მოსწავლეები უნდა იცნობდნენ საკუთარ სხეულს, რადგან, პირველ რიგში, სხეულის შეცნობით იწყება სამყაროს შეცნობა. თუ ამაზე სათანადო ცოდნა არ აქვთ, მერე იწყება ეს ე.წ „გარყვნილება“, როგორც ამბობენ ხოლმე ზოგიერთები.

ჩემი თაობის ბევრი ადამიანი დაავადდა იმიტომ, რომ არ ჰქონდათ სათანადო ცოდნა თავის სხეულის განვითარებაზე“, – ამბობს ქეთი.

საქართველოში თითქმის ყველაფერი კონტექსტის, გააზრებისა და ანალიზის გარეშე ისწავლება, რისი შედეგიც არის დაუძლეველი სტერეოტიპები, თუნდაც სქესობრივი განათლების თუ სხვა მიმართულებით.

„ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ძალადობის მსხვერპლს სცემენ და ადანაშაულებენ. გაუცნობიერებლობის ბრალია, როცა ამბობენ, რომ თურმე „თამარ მეფეც 12 წლის გაათხოვეს“ და რა პრობლემაა. ტყუილების სწავლებით იწყება ჩვენი ლიტერატურაც და ისტორიაც, როცა ამბობენ, რომ თუნდაც ქართული ენა 14 დამწერლობას შორის ერთ-ერთია და ასე შემდეგ.

მთელი ქვეყანა ორიენტირებული ვართ ტყუილის სწავლებაზე. ბუნებრივია, ამ ყველაფრის შედეგი არის ძალადობის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, მათ შორის ბავშვებთან მიმართებაში. არაფრის ანალიზი არ ხდება“, – ამბობს ქეთი პაპავა.

საქართველო არის „ბავშვის უფლებათა დაცვის“ არაერთი საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერი და აღებული აქვს ვალდებულება, მიმართოს ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას, რათა ბავშვი დაიცვას.

საქართველოს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიზნებში წერია, რომ ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, ჩაგვრისგან, იძულებისგან, წამებისგან, ექსპლუატაციისგან და ძალადობის ნებისმიერი სხვა ფორმისგან.

აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.

ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს სექსუალური ექსპლუატაციისგან და ნებისმიერი სხვა ფორმის სექსუალური ძალადობისგან, აკრძალულია ბავშვის იძულება, ჩაებას რაიმე სექსუალურ მოქმედებაში.

„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ზომები სექსუალური ექსპლუატაციისგან ან სხვა სექსუალური ძალადობისგან ყველა ბავშვის, მათ შორის, გოგონებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასაცავად.

„ბათუმელებმა“ დღესაც მიმართა საქართველოს განათლების სამინისტროს და ჰკითხა, აპირებს თუ არა რაიმე ღონისძიების გატარებას იმისთვის, რომ დაინერგოს სკოლებში სქესობრივი განათლება და გატარდეს პრევენციული საქმიანობა ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ? სამინისტრო ამჯერადაც დუმს.

დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე, კი რომელსაც დღეს დაუკავშირდა „ბათუმელები“ ამბობს, რომ სკოლებში სექსუალური აღზრდის შესახებ შესაბამისი განათლების მიღების აუცილებლობას ხედავს და მომხრეა.

„ვფიქრობ, აუცილებელია და ძალიან ხმამაღლა საუბარია ყველა დონეზე საჭირო. უნდა გავააქტიუროთ ეს თემა. ვფიქრობ, რამდენიმე თანამოაზრესაც ვიპოვი ამისთვის პარლამენტში“, – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

მოგვიანებით (სტატიის გამოქვეყნების შემდეგ) ჩვენს კითხვას მარიამ ლაშხმაც უპასუხა წერილობით. მისი თქმით, ის რაც განსაკუთრებით ბოლო დღეებში ხდება „არის წარმოუდგენელი, რომ ამ საუკუნეშიც კიდევ ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ“ და ის, რაც ამ პრობლემის პრევენციისთვის კეთდება „ზღვაში წვეთია“.

„თუმცა წინ მივიწევთ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების კუთხით. გაეროს ორგანიზაციის – UNFPA-ს მხარდაჭერით Youth Wellbeing- ის პროექტით არსებობს საპილოტე სკოლები, სადაც იტესტება ინიციატივა.

თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე და ალბათ მზაობიდან გამომდინარე, ამის ფართო აფიშირება და ღია, საჯარო დისკუსიები არ ხდება, ალბათ იმიტომ, რომ უკურეაქცია არ გამოიწვიოს და მთავარია, შედეგზე გავიდეთ.

ინიციატივების მასშტაბირებაა გასაკეთებელი და სხვადასხვა ტიპის კამპანია, რომ, პირველ რიგში, აზროვნება შეიცვალოს და დამოკიდებულება საზოგადოებაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესდება,“- მოგვწერა მარიამ ლაშხმა.

„როცა ტრაგედია მოხდება, შემდეგ ვტირით და ვგლოვობთ. ასე მოხდა ქობულეთში 14 წლის ბავშვის თვითმკვლელობის დროსაც, როცა სახელმწიფომ არაფერი გააკეთა მის დასაცავად.

ყველა გაჩუმდა. დღესაც უამრავი მოსწავლე, უამრავი არასრულწლოვანი არის უუფლებო და მათი უფლებები სრულიად უგულებელყოფილია.

როცა ვსაუბრობთ განათლების უფლებაზე, ამის ნაწილია სქესობრივი განათლებაც და როცა ვამბობთ, რომ დღეს სკოლა დაცლილია რელიგიისა და პოლიტიკური გავლენებისგან, მაშინ აღარ უნდა ხდებოდეს რადიკალური ჯგუფების მოსაზრებების გათვალისწინება და ვერც ოჯახი ჩაერევა საათობრივ ბადეში“, – ამბობს ქეთი პაპავა.

მისი თქმით, ძლიერ სახელმწიფოს შეუძლია სწორად იმუშაოს საზოგადოებასთან ცნობიერების ამაღლების კუთხით, რომ „სიტყვა „სქესობრივი“ ან „სექსუალური“ აღარ იყოს უხერხული და შეურაცხმყოფელი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: