განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ ცდილობენ გოგოები ხელვაჩაურიდან შშმ ადამიანებს დაეხმარონ

07.03.2024
როგორ ცდილობენ გოგოები ხელვაჩაურიდან შშმ ადამიანებს დაეხმარონ

თიკო ვანაძე და ელისაბედ ბლაგიძე სალიბაურის საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასში სწავლობენ. გოგოები სასკოლო კლუბ „თემიდას“ აქტივისტებიც არიან, სადაც თანატოლებთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტზე მუშაობენ. ახლახან კი, გოგონებმა გადაწყვიტეს ინკლუზიური გარემოს გაჯანსაღებაზე უფრო მეტად იზრუნონ და ამ მიზნით პეტიციაც შეადგინეს.

გოგონების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ქალაქი შშმ ადამიანებისთვის ადაპტირებულია, სინამდვილეში, შშმ ადამიანები ბევრ პრობლემას აწყდებიან ყოველდღიურობაში, რადგან მოშლილი ინფრასტრუქტურა მათ უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს.

„ავტობუსში ვიყავით და შევამჩნიეთ, რომ ვიღაც კაცს მგზავრები ამოსვლაში ეხმარებოდნენ. მივხვდით, რომ უსინათლო ადამიანი იყო და მაშინ დავფიქრდით, როგორი პრობლემის წინაშე დგანან უსინათლო პირები ქალაქში გადაადგილებისას, რადგან ამ ადამიანს სპეციალური ხელჯოხიც კი არ ჰქონდა.

შემდეგ, როცა დავაკვირდით, აღმოვაჩინეთ, რომ უსინათლოთა ტაქტილური ბილიკებიც მოშლილია, ბევრ ადგილზე ქვაფენილი ამოვარდნილია ან ბოლომდე არ მიდის ბილიკი“, – ამბობს ელისაბედ ბლაგიძე.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის პრობლემა დგას, როგორც ქალაქში, ასევე სოფელშიც.

„ჩვენს სკოლაშიც სწავლობდა ეტლით მოსარგებლე ერთი გოგო და მისთვისაც სულ პრობლემა იყო გზებზე გადაადგილება, რადგან სკოლამდე მოსასვლელი გზა არ არის ასფალტირებული. გასაახლებელია ტრანსპორტიც, მაგრამ ამ ყველაფერს ყურადღება არ ექცევა.

პრობლემაა ისიც, რომ ბევრ ადგილას, სადაც ბავშვები გადაადგილდებიან, არ არის ზებრა, შუქნიშანი და ბავშვებს უჭირს ქუჩაზე უსაფრთხოდ გადასვლა.

მანქანები ნაკლებად გითმობენ გზას და თუ ვინმე არ გამოჩნდა, ვინც დაგეხმარება, ვერ გადაკვეთ გზას.

არსად შემხვედრია ქალაქში, სკოლებთან ნიშნულები, რომ ვთქვათ აქ ბავშვები გადაადგილდებიან. გვინდა, რომ ასეთი ნიშნულები იდგეს ქუჩებში.

ვფიქრობ, მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურის გამართვისას ყველა ჯგუფის ინდივიდუალურ საჭიროებაზე უნდა ფიქრობდნენ, იქნებიან ესენი ბავშვები, მოხუცები თუ შშმ ადამიანები“, – გვეუბნება ელისაბედი.

„სწორედ ამიტომ გვინდა, ინკლუზიური გარემოს თემა გავააქტიუროთ, რომ ადამიანებს უსაფრთხო გარემოში გვიწევდეს გადაადგილება“, – ამბობს თიკო ვანაძეც.

სწორედ ამ მიზნით დაიწყეს გოგოებმა პეტიციის შედგენა, რომელსაც უკვე აქვს 200-ზე მეტი ხელმოწერა. ისინი აპირებენ ამ პეტიციით, აჭარის უმაღლეს საბჭოს, შემდეგ კი ბათუმის მერიასაც მიმართონ. პეტიციაში ახალგაზრდები ინკლუზიური გარემოს შექმნას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოითხოვენ.

„უსინათლოთა ბილიკები გაკეთებულია ქალაქში, მაგრამ უსინათლო ადამიანები მაინც ბევრ ბარიერს აწყდებიან. ხშირად ამ ბილიკებზე ავტომანქანები დგას ან დაზიანებულია.

ჩვენ ასევე ვცდილობთ, ინფორმაცია მივაწოდოთ შშმ ადამიანებსა და თუკი ქალაქში ადაპტირებულ გარემოს, ადაპტირებულ სივრცეებს აღმოვაჩენთ, ამის შესახებ შშმ ადამიანებსაც ვაცნობოთ.

ასეთი ადგილია, მაგალითად, ბათუმის ტექნოპარკი, რომლის შესახებაც ნაკლებად აქვთ ინფორმაცია შშმ პირებს. მათ შეუძლიათ მივიდნენ ამ სივრცეში, დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრას და ისარგებლონ ინტერნეტით და კომპიუტერებით.

აქ იშვიათად ვხედავ შშმ ადამიანებს და მინდა, რომ უფრო მეტს ჰქონდეს ამ სივრცის შესახებ ინფორმაცია და ისარგებლონ ამ გარემოთი“, – ამბობს თიკო ვანაძე.

მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ნაკლებად ინკლუზიური გარემოს გამო, სმენადაქვეითებულ ადამიანებსაც პრობლემა ექმნებათ.

„მეგობრები მყავს სმენადაქვეითებული და თუკი ვთქვათ ტელეფონი არ აქვთ ხელში, ძალიან უჭირთ ქალაქში გადაადგილება, რადგან თითქმის არავის ესმის ჟესტური ენა, მათ შორის არც მძღოლებს და იძულებული არიან ფურცელზე დაწერონ თუკი რაიმეში დახმარება სჭირდებათ.

ჩვენს სკოლაში ვაპირებთ შევქმნათ ჟესტური ენის შემსწავლელთა ჯგუფიც, რომ უფრო მეტ მოქალაქეს შეეძლოს სმენისარმქონე ადამიანებთან კომუნიკაცია. ამით მათაც დავეხმარებით“, – ამბობს თიკო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: