მთავარი,სიახლეები

გაყალბებული „სტუდენტობა“ – ბათუმში სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმეს

21.11.2022 • 2427
გაყალბებული „სტუდენტობა“ – ბათუმში სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმეს

„სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა ავტორიზაციის საბჭოსთვის, მთლიანი სისტემისთვის და ქვეყნისთვის, საჭიროა ფიქრის დაწყება,“ – უთქვამს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარეს, ნანა ყუფუნიას იმ სხდომის დასასრულს, რომელზეც „ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელს“ ავტორიზაცია გაუუქმეს.

პირველ ნოემბერს გამართული სხდომის ოქმის ჩანაწერების მიხედვით, ამ სასწავლებელში რამდენიმე სახის კანონდარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: რამდენიმე სტუდენტი სტუდენტი არ აღმოჩნდა, ანუ მათ შესაბამისი პროფესიული პროგრამისთვის საჭირო გამოცდები არ ჩაუბარებიათ და არც პროფესიული სტუდენტების ერთიან ელექტრონულ ბაზაში იყვნენ რეგისტრირებულნი.

პროფესიულ სასწავლებელში მონიტორინგი სახელმწიფო უწყებამ მას შემდეგ ჩაატარა, როცა ერთ-ერთი სტუდენტის სოციალურად დაუცველ დედას პრემიერისთვის სწავლის გადასახადის დაფარვაში დახმარება უთხოვია, ეს სტუდენტი კი ერთიან ელექტრონულ ბაზაში ვერ იპოვეს.

ავტორიზაციის საბჭოს სხდომის მონაწილეებისთვის „ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ წარმომადგენელს, მანანა ხაბაძეს ეს შეუხსენებია: „აღნიშნული კოლეჯი აჭარის საგანმანათლებლო სივრცეში 30 წელია ფუნქციონირებს, არაერთი თაობა გავზარდეთ“.

„2020 წელს ჩავაბარე საექთნო საქმეზე, მესამე კურსზე ვარ. მე არ მიწევდა გამოცდების ჩაბარება,“ – გვიყვება მარიამ ქომეთიანი, „ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ ერთ-ერთი ყოფილი სტუდენტი, – „როგორც ვიცი, პრობლემა შექმნა იმან, რომ უკვე გასული წლიდან კონკრეტულ სპეციალობებზე საჭირო იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, რაც ჩაბარებული არ ჰქონდათ პირველკურსელებს და ისე მიიღეს“.

მარიამ ქომეთიანს სხვა პრობლემა აქვს: შესაბამის საფეხურზე სწავლის დამადასტურებელ ცნობას არ აძლევს სასწავლებელი, რომელსაც ავტორიზაცია გაუუქმეს.

„გვითხრეს, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და შემდეგ 72 საათი გავიდესო. ველოდებით, ამ ცნობის გარეშე მობილობას ვერ შევძლებ, რომ სხვაგან განვაგრძო სწავლა. სწავლის გადასახადი 1500 ლარი იყო წელიწადში,“ – გვითხრა მარიამ ქომეთიანმა.

ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ ამ საქმეზე გამოძიებაც დაუწყია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. სწორედ ამ სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს გამომძიებლის წერილისა და კონკრეტული მოქალაქის საჩივრის შემდეგ შეიკრიბა ავტორიზაციის საბჭო ამ საქმის განსახილველად.

„…დადასტურებულია, რომ შპს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე (3 პროგრამა) დაშვებულია 4 პირი, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული ემისის ბაზაში, თუმცა დაწესებულების მიერ ამ პირებისათვის გაცემულია ცნობები, სადაც ასახულია, რომ ისინი ნამდვილად სწავლობენ საექთნო განათლების, ფარმაციის (სააფთიაქო), საბაჟო საქმის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ერთი ასეთი პირის მშობელმა, რომელიც იყო სოციალურად დაუცველი და უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაში, განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სთხოვა, მისი შვილის სწავლის საფასურის დაფინანსება, რომელიც სწავლობდა შპს ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში.

პირი, რომელზეც კოლეჯს გაცემული აქვს ცნობა პროფესიული სტუდენტის სტატუსის შესახებ, არ იძებნება პროფესიული განათლების მართვის სისტემაში,“ – ვკითხულობთ სხდომის ოქმში.

„შორენა ხუბუნაიას [ექსპერტი, რომელმაც ავტორიზაციის საბჭოდან ამ საქმის შესწავლაში მონაწილეობდა] განცხადებით, მშობელს სახელმწიფო არ შეჰყავდა შეცდომაში, თვითონ იყო შეცდომაში შეყვანილი, იმდენად, რამდენადაც დაწესებულება უდასტურებდა კანონიერ წარმომადგენელს დირექტორის მიერ გაცემული დოკუმენტით [ცნობაში წერია, რომ აღნიშნული პირი – ნ.დ. ნამდვილად სწავლობს შპს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის საექთნო განათლების პროგრამაზე].

ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმით ირკვევა, რომ საბჭოს ექსპერტთა ჯგუფს, ამ კონკრეტული შემთხვევის გაგების შემდეგ, არაგეგმური მონიტორინგი ჩაუტარებია. დასკვნის მიხედვით, „დაწესებულების ყველა წარმომადგენელი ფლობდა ინფორმაციას კანონმდებლობის დარღვევით დაწესებულებაში არსებულ პირებზე/პროფესიულ „სტუდენტებზე“, რომლებიც ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს, იღებდნენ შეფასებებს და იხდიდნენ სწავლის საფასურს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე“.

ექსპერტებისთვის სასწავლებლის პერსონალს უთქვამს, რომ კონკრეტულმა პირებმა ვერ მიიღეს სათანადო ქულა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის და ისინი მეცადინეობებს ესწრებოდნენ თავისუფალი მსმენელის სტატუსით.

ავტორიზაციის საბჭოს შეუსწავლია „ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ საბაჟო საქმის, საექთნო საქმის და ფარმაციის პროფესიული, საგანმანათლებლო პროგრამების პორტფოლიოები და დაუდასტურებია, რომ კონკრეტულ პირებზე, ვინც „თავისუფალ მსმენელებად“ მოიხსენია სასწავლებელმა, გაცემული იყო ცნობა მათი სწავლის შესახებ.

ექსპერტებისთვის ამ საკითხის ადგილზე შესწავლის დროს მოსაზრება ერთ კონკრეტულ მასწავლებელს, ნ.უ.-ს მიუწოდებია: თავისუფალი მსმენელები იყვნენ და ეს პროცესი გაუადვილებდა მათ სასურველ პროგრამაზე ჩარიცხვასო.

„ნ.უ-მ ექსპერტთა ჯგუფთან ინტერვიუებისას დაადასტურა მოცემული პირების სასწავლო პროცესში მონაწილეობის ფაქტი და აღნიშნა, რომ მათ სურდათ დასწრებოდნენ სასწავლო პროცესს და ესწავლათ კოლეჯში, რაშიც ისინი  იხდიდნენ შესაბამის თანხას. ამასთან, ეს გააადვილებდა პროგრამაზე მათი ჩარიცხვის პროცესს მომდევო სასწავლო წელს და არ დაეკარგებოდათ წელი. ექსპერტთა ჯგუფმა იკითხა, რა გზით ჩაეთვლებოდათ ამ პირებს აღნიშნული ერთი წელი? ამაზე კოლეჯის არც ერთ წარმომადგენელს პასუხი არ ჰქონდა.

აქვე გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი – ნ.დ. დაშვებულ იქნა მეხუთე დონის საექთნო საქმის პროგრამაზე საბაზო განათლების ატესტატით,“ –  კიდევ ერთ კანონდარღვევაზე აკეთებს აქცენტს ავტორიზაციის საბჭო.

ექსპერტებს ამოუღიათ კიდევ ერთი დოკუმენტიც – სამხედრო აღრიცხვის სამსახურში წარსადგენად მომზადებულ ცნობაში ეწერა, რომ, მაგალითად, ლ.კ. „ნამდვილად სწავლობს შპს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის ინფორმაციული ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროგრამაზე და პროგრამის დასრულების ვადაა 2022 წლის 25 სექტემბერი“.

მონიტორინგის ჯგუფის წევრებს სასწავლებელში სხვა სტუდენტებთანაც უსაუბრიათ:

„…სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ ისინი 2020 წელს ჩაირიცხნენ და წელს დაასრულეს სასწავლო პროცესი ფარმაციის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ახლა კოლეჯში მოვიდნენ, რადგან დარჩენილი ჰქონდათ ცალკეული ტესტები დასაწერად და ხვალ, 20 სექტემბერს, მიენიჭებოდათ პროფესიული კვალიფიკაცია, ხოლო მოკლე დროში აიღებდნენ დიპლომს.

ექსპერტთა ჯგუფმა პროფესიულ სტუდენტებს ჰკითხა, როდის, სად და როგორ გაიარეს პრაქტიკული კომპონენტი. მათ აღნიშნეს, რომ პრაქტიკული კომპონენტი არ გაუვლიათ აფთიაქში, კოლეჯის ლაბორატორიაში ასრულებდნენ ცალკეულ პრაქტიკულ დავალებებს, პრაქტიკა იმიტომ ვერ გაიარეს, რომ მათ ჰქონდათ პირადი პრობლემები და კოლეჯი დაჰპირდა, რომ ოქტომბრიდან გაივლიდნენ პრაქტიკას.

ერთ-ერთმა სტუდენტმა აღნიშნა, რომ თავის ახლობელთან დადიოდა აფთიაქში და იქ ეცნობოდა ცალკეულ აქტივობებს, თუმცა ეს კოლეჯის მიერ ორგანიზებული პროცესი არ ყოფილა.

ექსპერტთა ჯგუფმა ჰკითხა პროფესიულ სტუდენტებს, თუ მათ ხვალ მიენიჭებოდათ პროფესიული კვალიფიკაცია, ოქტომბერში რა სტატუსით გაივლიდნენ პრაქტიკას, მათ ამის შესახებ პასუხი არ ჰქონდათ. ასევე, ექსპერტთა ჯგუფმა დასვა კითხვა, მათი ინფორმაციით, როგორ ხორციელდება კოლეჯში პრაქტიკული კომპონენტი ფარმაციის პროგრამაზე, რამდენ ხანს გრძელდება ან რა პერიოდულობით. პროფესიულმა სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ პრაქტიკა 6-თვიანია, ხოლო თუ ადვილად დაძლევდნენ, 3 თვეშიც დაასრულებდნენ,“- უთხრეს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ავტორიზაციის საბჭოს.

ექსპერტებს ეჭვი გაუჩნდათ ხელწერის გაყალბებაზეც, რადგან რამდენიმე სასწავლო მოდულის გავლაზე იმ სტუდენტების ხელმოწერა იპოვეს, რომლებმაც თქვეს, რომ კონკრეტული მოდულები არ გაუვლიათ.

„…ჩნდება ეჭვი, რომ დაწესებულებამ გააყალბა პროფესიული სტუდენტების ხელწერა და მათ ნაცვლად შექმნა შეფასების მტკიცებულებები იმ მოდულის ფარგლებში, რომელიც პროფესიულ სტუდენტებს არ გაუვლიათ. დაწესებულების წარმომადგენელს – ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს აღნიშნული არ უარუყვია და განაცხადა, რომ ეს მათი ყოფილი თანამშრომლის ი.ხ-ს შემოქმედებაა,“ – ვკითხულობთ ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში.

კიდევ ერთი დეტალი: სასწავლებელში მონიტორინგის ჯგუფის წევრებს ორი სტუდენტი შეხვედრიათ, რომლებსაც „ხელში ეჭირათ ფული და სურდათ ადგილზე გადახდა. მათი თქმით, გადასახდელი ჰქონდათ დიპლომის გადასახადი,“ – აღნიშნავენ ექსპერტები და დასძენენ, რომ ამ საკითხის გამორკვევა მათი უფლებამოსილება არ არის და ეს უბრალოდ ინფორმაციის სახით დაამატეს.

„ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ იურისტს, რეზო ფუტკარაძეს ავტორიზაციის საბჭოს სხდომის მონაწილეებისთვის უთქვამს, რომ ეს არ იყო „მიზნობრივი დარღვევები“.

„არ არსებობს რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ სასწავლებელს გაცემულ ცნობებში ჰქონდა პირებზე ჩანაწერი „სტუდენტი“, იურიდიულად არ წერია ცნობებში, რომ აღნიშნული პირები იყვნენ სტუდენტები… ცნობები, რომლებიც გაიცა, არ უნდა გაცემულიყო, ეს იყო შეცდომა, ტექნიკური ხარვეზი,“ – აღნიშნა სხდომაზე იურისტმა რეზო ფუტკარაძემ.

საბჭოს წევრებს კი, პროფესიული სასწავლებლის იურისტისთვის შეუხსენებიათ, რომ პროფესიულ განათლებაში ცნება „თავისუფალი მსმენელი“ არ არსებობს და „როცა სასწავლებელი ცნობაში წერს, რომ პირი სწავლობს აღნიშნულ დაწესებულებაში, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ პირი არის პროფესიული სტუდენტი,“ – აღნიშნულია სხდომის ოქმში.

ფაქტობრივად, ამ დისკუსიის შემდეგ ადასტურებს საბჭოს თავმჯდომარე სისტემის შეცდომას. მისი შეფასებით, დასტურდება ავტორიზაციის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე სტანდარტის დარღვევა.

საბოლოოდ, საბჭოს რვა წევრს ერთხმად დაუჭერია მხარი გაუუქმდეს ავტორიზაცია „ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელს“. ამ სასწავლებელს ავტორიზაცია 2019 წელს აქვს გავლილი.

„დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე  მეტს ვერაფერს გეტყვით, ეს იყო დაუსაბუთებელი და უკანონო ადმინისტრაციული აქტი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ იურისტმა რეზო ფუტკარაძემ, რომელიც „ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ ინტერესებს იცავს. მისი თქმით, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს და სასწავლებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება.

სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა განიხილოს უზრუნველყოფის ღონისძიებაც – სადავო ადმინისტრაციული აქტის შეჩერება. თუ ეს შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, იურისტის განმარტებით, ამ შემთხვევაში გაუქმებული პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები მობილობით სხვა სასწავლებლებში გადავლენ.

რა ელით მათ, რომლებსაც სასწავლებელი ეუბნებოდა, რომ სტუდენტები იყვნენ და დიპლომს ელოდნენ? – ამ და სხვა დეტალებზე რეზო ფუტკარაძე კომენტარს არ აკეთებს.

„სამოტივაციო ნაწილიც კი არ ახლავს ამ გადაწყვეტილებას… ჩვენ დავადასტურებთ, რომ ეს ადმინისტრაციული აქტი უკანონოა“, – დასძინა იურისტმა რეზო ფუტკარაძემ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: