სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც დღეს, 22 აპრილს გამოქვეყნდა, 2025 წელს 60+ ასაკის 766 ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი, 314 კი – კაცი.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ხანდაზმულებზე ძალადობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო 2024 წელს, როცა 860 ხანდაზმული ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი. კაცების შემთხვევაში კი ეს რიცხვი 298 იყო.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალთა რაოდენობა წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად აღემატება მამაკაცთა რაოდენობას, „რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხანდაზმული ქალები ძალადობის განსაკუთრებულად მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან“.
ამავე წყაროს მონაცემებით, მაგალითად, 2021 წელს, ქალებშიც და მამაკაცებშიც, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იკვეთება.
„ხოლო ბოლო წლებში გაზრდილია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ქალ მსხვერპლებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა. ყველაზე ხშირია ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიური და ფიზიკური სახეები“ – წერს ომბუდსმენი.
ამავე ანგარიშში წერია, რომ ოჯახში ძალადობის სახეების სტატისტიკა ასაკის მიხედვით არ არის ჩაშლილი, შესაბამისად, სრული სურათის დანახვა რთულია.

ხანდაზმულ ადამიანებზე ძალადობის სტატისტიკა წლების მიხედვით.
წყარო: ომბუდსმენის ანგარიში.
„სტატისტიკური მონაცემების სიღრმისეული ანალიზი შესაძლებელს გახდიდა დაგვენახა ხანდაზმულ პირებზე ძალადობის მახასიათებლები, ხოლო პასუხისმგებელ უწყებებს დაეხმარებოდა უფრო ეფექტიანი და სპეციალურად ხანდაზმულ პირებზე მორგებული პრევენციისა და დაცვის და დახმარების ღონისძიებების დაგეგმვაში“- ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
ანგარიშში ასევე წერია, რომ ხანდაზმულებისათვის, რომლებიც არ არიან მოთავსებულები მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელში, მაგრამ სჭირდებათ ძალადობისგან დაცვა, ფსიქოლოგიური, სოციალური რეაბილიტაცია და იურიდიული და სამედიცინო დახმარება, მომსახურება ხორციელდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.
ქვეპროგრამის მიზანია ხანდაზმულთა და შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, მათი სოციალური ინტეგრაცია, ალტერნატიული მომსახურებების განვითარება. ხანდაზმული იღებს შემდეგ სერვისებს – საცხოვრებელი და საკვები, სამედიცინო მომსახურება, სოციალური რეაბილიტაცია.
ასევე, ხანდაზმული, დადგენილი სტანდარტების მიხედვით, დაცულია დაწესებულებაში ძალადობისაგან. თუმცა სერვისი არ უზრუნველყოფს ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ხანდაზმულ მსხვერპლთა/დაზარალებულთა, ასევე სავარაუდო მსხვერპლთა დაცვას/დახმარებაზე მორგებულ დამოუკიდებელ და მიზნობრივ პროგრამას.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში ხანდაზმული ბენეფიციარების რაოდენობა, ზოგადად, დაბალია, თუმცა, „მიუხედავად ამისა, გამოვლინდა რიგი პრობლემები, რომლებმაც, შესაძლოა, წარმოქმნას ხანდაზმულ პირთა განსაკუთრებულ საჭიროებებთან დაკავშირებული სისტემური გამოწვევები“.
განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს თავშესაფრებში ისეთი ხანდაზმულების განთავსების საკითხი, რომლებსაც შეზღუდული აქვთ თვითმოვლის შესაძლებლობები.
კერძოდ, თავშესაფრებში არ არის გათვალისწინებული შესაბამისი სერვისები და საკმარისი რაოდენობის სპეციალიზებული პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფდა თვითმოვლის შესაძლებლობის არმქონე ბენეფიციარებზე ყოველდღიურ ზრუნვას.
„შედეგად, მნიშვნელოვნად იზრდება მედდის სამუშაო დატვირთვა, რაც უარყოფითად აისახება როგორც მომსახურების ხარისხზე, ისე პერსონალის პროფესიულ რესურსებზე“- წერია ანგარიშში.
ამავე წყაროს ცნობით, ზრუნვის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში – თავშესაფრის მომსახურებით 2024 წლის განმავლობაში თვითმოვლის შესაძლებლობის არმქონე ექვსმა ხანდაზმულმა ისარგებლა.
„სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბენეფიციართა უმეტესობას აღენიშნებოდა მოძრაობის ფუნქციური შეზღუდვები და სჭირდებოდა დამხმარე მომსახურება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პროცესში, რასაც ძირითადად უზრუნველყოფდა სამედიცინო პერსონალი (მედდა).
ბენეფიციართა თავშესაფრებში ყოფნის ვადა მერყეობდა 5-დან 10 თვემდე. ასევე, აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციით, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში (თავშესაფრები) დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს (მედდა) არ გააჩნია სპეციალიზებული კვალიფიკაცია გერიატრიული მოვლის მიმართულებით.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ თავშესაფრების ნაწილი უარს აცხადებს იმ ბენეფიციართა მიღებაზე, რომელთაც შეზღუდული აქვთ თვითმოვლის შესაძლებლობები, რაც პრაქტიკაში ზღუდავს ამ ჯგუფის ხელმისაწვდომობას შესაბამის სერვისებზე.
ამავე დროს, ცხელი ხაზის ოპერატორებისგან მიღებული ინფორმაციით, თავშესაფრის სერვისით სარგებლობა ფორმალურად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის; თუმცა თვითმოვლის შესაძლებლობების არმქონე ბენეფიციართა შემთხვევაში, პრაქტიკაში უპირატესობა ენიჭება მათ გადამისამართებას სპეციალიზებულ დაწესებულებაში.
დამატებითი პრობლემაა დემენციის მქონე ბენეფიციარების ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში განთავსება. ერთ-ერთი თავშესაფრის ხელმძღვანელის თქმით, დემენციის მქონე ძალადობის მსხვერპლი პირებისათვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია რთულია და მათი გაძლიერება წარმოშობს გარკვეულ დაბრკოლებებს.
ფაქტობრივად, ამ სახის სერვისები დემენციის მქონე ბენეფიციარებისთვის ნაკლებად ეფექტიანია და შესაძლოა არ იძლეოდეს მათი მდგომარეობის გაუმჯობესების ან რეალური მხარდაჭერის შესაძლებლობას.
ეს ყოველივე აჩენს შესაბამისი ალტერნატიული სერვისების ან არსებული სერვისის ფარგლებში სპეციალიზებული ზრუნვის საჭიროებას“.
ანგარიშის მიხედვით, ხანდაზმულ ბენეფიციარზე პერსონალის მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის, ან ერთმანეთის მიმართ ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები ხშირი არ ყოფილა, „თუმცა დაწესებულებებში ხანდაზმულთა ზრუნვის, ძალადობის პრევენციის, პროტოკოლირებისა და მართვის, ფსიქიატრიული შემთხვევის შეცნობისა და მართვის, ასევე, ხანდაზმულთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საკითხების მცოდნე თანამშრომელი არ ჰყოლიათ.
დაწესებულებებში დანერგილი არ ყოფილა რთული ქცევის, ძალადობის ან სტრესის მართვის ტექნიკები, ხანდაზმული ბენეფიციარების ზრუნვის სისტემა არ იცნობდა ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვის სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნებს.
მომსახურებაში შემუშავებული არ ჰქონიათ ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის შიდა რეგულაციები, „ადმინისტრაცია და პერსონალი უარყოფდა ძალადობის შემთხვევების არსებობას და „ძალადობის შემთხვევების რეგისტრირების ჟურნალები’’ არ იწარმოებოდა“- ვკითხულობთ ანგარიშში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2012 წელს შესული ცვლილების მიხედვით, ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა, თუმცა ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობა ცალკე არ არის გამოყოფილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხანდაზმული ადამიანები, როგორც ძალადობის მსხვერპლები, ცალკე მოხსენიებულები არ არიან.
მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში“ (2022−2030 წლებისთვის) პირველად გაჩნდა ჩანაწერი ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაძლიერების შესახებ და გაიწერა შესაბამისი მიზნები და ამოცანები.
მათ შორის, ერთ-ერთი ამოცანაა ხანდაზმულთა დაცვა მათზე ძალადობის ეფექტიანი გამოვლენის, რეაგირებისა და პრევენციის გზით“- ნათქვამია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.






