განათლება,მთავარი,სიახლეები

როცა ბავშვები სკოლის გარეთ ჩხუბობენ, ეხება ეს მასწავლებელს? – ინტერვიუ ლადო აფხაზავასთან

20.10.2022 • 6310
როცა ბავშვები სკოლის გარეთ ჩხუბობენ, ეხება ეს მასწავლებელს? – ინტერვიუ ლადო აფხაზავასთან

მთავრდება თუ არა მასწავლებლის, კლასის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა სკოლის კართან. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტი ამოიწურა და პირიქით – იზიარებს სკოლა პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი სკოლის გარეთ, მძიმე შედეგით სრულდება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლადო აფხაზავას ესაუბრა.

  • ბატონო ლადო, ბათუმში ახლახან იყო შემთხვევა, როცა ბავშვებს შორის კონფლიქტი დაიწყო კლასში, შემდეგ კი, სკოლის გარეთ მძიმე შედეგით დასრულდა. თუმცა სკოლა ამბობს, რომ მან კონფლიქტი ამოწურულად მიიჩნია და პრობლემას არ მიჰყვა ბოლომდე. როგორ უნდა გავიგოთ, რომ კონფლიქტი ამოიწურა?

იყო შემთხვევა, როცა ერთი ბავშვი აწერდა მერხებს უშვერ სიტყვებს და მეორე მოსწავლე ეუბნებოდა, რომ ნუ წერ, რადგან ამ მერხზე ჩემი დაც ჯდებაო. შეწყვეტის ნაცვლად, მეორემ გააძლიერა წარწერების კეთება და ორ ბავშვს შორის ძალიან დაიძაბა ურთიერთობა.

მე ეს კონფლიქტი არ მივატოვე შუა გზაზე და მათ მივეცი ამ კონფლიქტზე საუბრის საშუალება. თუმცა ერთი კვირა დაგვჭირდა პრობლემის მოსაგვარებლად. ერთი კვირის შემდეგ ეს ორი ბავშვი ახალი ინიციატივით გამოვიდა და გააკეთეს პროექტი სახელწოდებით – „მერხს ტატუ არ სჭირდება“ და კონფლიქტიც გადაიჭრა.

მე, პირადად, ერთი კვირა დამიკარგია მარტო იმის ფიქრში, თუ რა გამეკეთებინა, რომ ორ ბავშვს შორის არსებული კონფლიქტი ამოწურულიყო. ყველაზე კარგი შედეგი მაინც იმან მოიტანა, როცა კონფლიქტში მყოფი ბავშვები შევიყვანე ცალკე ოთახში და ორივეს მივეცი ამაზე საუბრის შესაძლებლობა.

შევეცადე, არც ერთი მოსწავლის მხარე არ დამეჭირა და კონფლიქტის ორივე მხარეს თავისი ორთქლი გამოეშვა.

სკოლაში შეიძლება ძალიან პატარა ნაპერწკალი გახდეს კონფლიქტის მიზეზი და როცა უფროსები ვფიქრობთ, რომ ეს ნაპერწკალი არის პატარა, მაინც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამ ნაპერწკალს აუცილებლად მოჰყვება სხვადასხვა მხარის ჩართულობა. ერთ მხარეს თავისი მომხრეები ეყოლება, მეორეს – თავისი და შემდეგ, კონფლიქტი დროთა განმავლობაში უფრო ღვივდება, დიდ მასშტაბებს აღწევს, რაც ცუდი შედეგებით მთავრდება.

როცა მასწავლებელი ხედავს კონფლიქტს, შეცდომაა იმის თქმა – „აბა, ჩამოართვი ხელი“ , „გადაეხვიეთ“, „რა გაქვთ კაცო საჩხუბარი“, კი, ეს შეიძლება კარგი სიტყვებია, მაგრამ ამაზე მეტად საჭიროა მედიაციის კურსები ჩაუტარო ან რაღაც შეხვედრა მოუწყო ბავშვებს და ორივე მხარეს მისცე სალაპარაკო. მიიყვანო შეთანხმებამდე.

  • კონფლიქტს რომ უნდა გაჰყვეს ბოლომდე, ეს მასწავლებლის, დამრიგებლის კეთილი ნებაა, თუ ვალდებულება?

თუ ჩვენ ვამბობთ, რომ სკოლა არის ბავშვზე ორიენტირებული, მაშინ ჩვენი, მასწავლებლების ცხოვრებაც ბავშვზე უნდა იყოს ორიენტირებული. თუ მსგავს კონფლიქტურ შემთხვევებს წავაწყდებით, მეტი დრო უნდა დავუთმოთ მათ აღმოფხვრას.

ჩემი აზრით, რაც უფრო მეტ ადამიანს ჩართავ საქმეში, მით უფრო შეიძლება გამწვავდეს კონფლიქტი. ამიტომ, სჯობს, რომ ეს საკითხი ერთმა მასწავლებელმა გადაწყვიტოს კლასში ან მიჰყვეს ამბავს ბოლომდე.

  • თუ მასწავლებელს არ ჰყოფნის ან კომპეტენცია, ან უნარი? ჩვენ დავინახეთ, რომ ბათუმის შემთხვევაში, ვერ შეძლო მასწავლებელმა (და შესაძლოა სკოლამაც) კონფლიქტის სიმძიმის შეფასება.

ჩემი გამოცდილებით, ბავშვებს შორის კონფლიქტის მოგვარებას ყველაზე კარგად ხელს უწყობს ჯგუფური მუშაობა. ეს ყველაზე კარგი გამოსავალია როგორც სიტუაციის შესასწავლადაც, ასევე კონფლიქტის აღმოსაფხვრელად.

ჯგუფური მუშაობა იმიტომ, რომ რამდენიმე ბავშვია ჩართული და რა თქმა უნდა, მათ ერთად რაღაც პრობლემა აქვთ გადასაწყვეტი. ამ დროს პატარ-პატარა კონფლიქტები ყოველთვის არსებობს, ამიტომ ეს კონფლიქტები მასწავლებელმა უნდა აბალანსოს.

ჯგუფური მუშაობის დროს შეიძლება რომელიმე მოსწავლემ თქვას, რომ მე სხვანაირად მინდა პრეზენტაცია გავაკეთო, მეორეს კიდევ სხვანაირად უნდოდეს და ასე, არსებობდეს ხუთი სხვადასხვა აზრი.

თუ 5 ჯგუფი გყავს, ხუთივესთან ახლოს უნდა მიხვიდე, გაერკვე, რა გაუგებრობა წარმოიშვა და ხელი შეუწყო მის მოგვარებას. როცა ხუთივე ჯგუფი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ყველას აზრი იქნება გათვალისწინებული და შეთანხმდებიან, კონფლიქტიც ჩაცხრება.

თუ ასეთი პატარა სავარჯიშოებით არ ვამეცადინეთ ბავშვები და საგაკვეთილო პროცესებში არ მივეცით ამის სწავლის საშუალება, ისე ძალიან რთული იქნება.

ჯგუფური მუშაობა მოსწავლის უნარ-ჩვევებზე მუშაობაა, ამიტომ არის კონფლიქტების მართვის კარგი საშუალებაც.

  • როდის იწყებს ამაზე მუშაობას სკოლა?

სკოლამ ამ საკითხზე ჯერ კიდევ პირველი კლასიდან უნდა იმუშაოს. წარმოიდგინეთ, როცა ბავშვი ათი წელი ჯგუფურ მუშაობაშია და მუდმივად უვითარებ სხვა ადამიანებთან ერთად მუშაობის, აზრთა გაზიარების უნარებს, მაღალ კლასებში უკვე ნაკლებად იჩენს თავს კონფლიქტები.

რა თქმა უნდა, ჯგუფური მუშაობა რთულია, რადგან იწვევს ხმაურს, მაგრამ მასწავლებელს მარტო წიგნი თუ უჭირავს და ასე ხსნის გაკვეთილს, არ უთმობს დროს ჯგუფურ სამუშაოებს, ასეთ შემთხვევებში ღვივდება სხვადასხვა კონფლიქტი ბავშვებში.

თუმცა ჯგუფური მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ მისცე რაღაც დავალება ბავშვებს, უთხრა „20 წუთში ეს დამახვედრე“ და მიუშვა, ასე არ გამოვა.

თუ მასწავლებელი არ მივიდა ყველა ჯგუფთან და არ ჩააქრო პატარა კონფლიქტები, არ უჩვენა მოგვარების  სწორი გზა, მაშინ ვეღარ ასწავლი. შეიძლება პრეზენტაცია ვერცერთმა ჯგუფმა ვეღარ გააკეთოს და დაჭამონ ერთმანეთი.

ჩვენ მარტო საგნის ცოდნას ხომ არ ვაძლევთ ბავშვებს, ვასწავლით თანამშრომლობას, კონფლიქტების მოგვარებას და სხვადასხვა უნარ-ჩვევაზე გაგვყავს ბავშვები.

სკოლა ისეა აწყობილი, რომ თუ მასწავლებელი ყველაფერს თანმიმდევრულად მიჰყვება – როცა საჭიროა ჯგუფურ მუშაობას აკეთებს, როცა საჭიროა პრეზენტაციებს აკეთებს და ასე შემდეგ, კონფლიქტი არ უნდა ხდებოდეს, წესით.

  • ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლა საფუძველშივე არ იწყებს კონფლიქტების მოგვარებაზე ზრუნვას?

ჩვენს სკოლაში ჩავატარეთ ასეთი ექსპერიმენტი. მოსწავლეებსა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებს მივაწოდეთ ჭიკარტი და ვუთხარით, რომ ამ ჭიკარტისთვის რამდენიმე ფუნქცია უნდა მიენიჭებინათ.

ბავშვებმა ამ ჭიკარტს მიანიჭეს 37 ფუნქცია, გამოიყენეს სხვადასხვა სახით, მასწავლებლები კი 7 ფუნქციას ვერ გასცდნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივხვდით, რომ მოსწავლეებს გაცილებით დიდი ფანტაზიები აქვთ დაწყებით კლასებში და შემდეგ. ამ მასწავლებლებს ბავშვების ინიციატივებზე, გამოთქმულ იდეებზე ნერვები ეშლებათ და ამიტომ ეუბნებიან ხოლმე –  „გაჩერდი, ტვინი ნუ მატკინე“. აი, ამ დროს ბავშვი თრგუნავს ფანტაზიებს და შემდეგ უფრო ცუდ რამეებში ავლენს.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დაწყებით კლასებში ბავშვები ვათამაშოთ, მხიარულება შევძინოთ გაკვეთილს, დავამეგობროთ ბავშვები ერთმანეთთან, რომ შემდეგ, უფროს კლასებში, მათ ჰქონდეთ ისეთი ღირებულებები, რომ შესაძლოა პატარა შენიშვნებით შემოვიფარგლოთ მათთან.

  • არის შემთხვევები, როდესაც სკოლა ცდილობს თავიდან მოიშოროს „კონფლიქტური“ ბავშვი. „სადაც გინდა, იქ წაიყვანე“, სხვა სკოლაში გადაიყვანეთ – ეუბნებიან მშობლებს. რა ტიპის პრობლემას აჩვენებს ეს?

არც ერთ მასწავლებელს, არც ერთ დირექტორს არ აქვს კონსტიტუციის დარღვევის უფლება, ანუ ყველა ბავშვს აქვს უფლება განათლების. მე, პირადად, არ მქონია ასეთი შემთხვევა, ისე შემძულებოდეს ბავშვი, რომ მისი სკოლიდან გასვლა მდომოდა, მაგრამ თუ ეს ოდესმე მომინდება, მაშინ მირჩევნია მე წამოვიდე სკოლიდან.

ზოგიერთ დირექტორს უნდა, რომ არ ჰყავდეს მოსწავლეები, რომლებიც რაღაც ტიპის პრობლემებს ქმნიან, რადგან არ სცალიათ ამ პრობლემების მოსაგვარებლად, არ აქვთ უნარი, დამოკიდებულებები შეუცვალონ ბავშვს და ურჩევნიათ, რომ გარიცხონ.

მინახია მოსწავლე, რომელიც გარიცხეს სკოლიდან ცელქობის გამო, ჩვენთანაც გადმოვიდა ასეთი გარიცხული ბავშვი, მაგრამ შემდეგ ისეთი კარგი შედეგები აჩვენა და ისეთი კარგი ადამიანი დადგა, რომ არ ვიცი.

  • როცა ბავშვი არ მიდის სკოლაში, სკოლა ამბობს, რომ ატყობინებს ამის შესახებ მშობელს, თუმცა ეს ამბავი მთავრდება ცუდი ან ტრაგიკული შემთხვევითაც, სკოლა უნდა ინაწილებდეს პასუხისმგებლობას მშობელთან ერთად თუ არა?

მე კლასის ხელმძღვანელი არ ვარ, მაგრამ მყავს ისეთი კოლეგები, რომლებიც სახლამდეც კი მიჰყვებიან საჭიროების დროს ბავშვებს. შესაძლოა, სოფელში ეს ადვილია, მაგრამ თუ კლასის ხელმძღვანელი ატყობს, რომ დაძაბულია ბავშვებს შორის ურთიერთობა, სჯობს, რომ სკოლიდან გასვლის შემდეგ გაჰყვეს, ან მშობელი ჩააყენოს საქმის კურსში.

თუ კლასის ხელმძღვანელი ვარ, მაშინ ჩემი ზრუნვა ბავშვზე არ მთავრდება მხოლოდ სკოლის კართან. უნდა გავარკვიო მიზეზი, რატომ აცდენს გაკვეთილს ეს ბავშვი და მშობელთან ვითანამშრომლო. თუ მშობელი ინფორმირებულია, მაგრამ ის ვერ უზრუნველყოფს შვილის უსაფრთხოებას, უნდა ჩაერიოს სოციალური სამსახური, თუმცა მშობლები ხშირად ამაზეც ბრაზდებიან.

მე მქონდა შემთხვევა, როცა მშობელს ავუხსენი, თუ რა პრობლემები ჰქონდა მის შვილს, რომ არ იყო კარგ წრეში და გვეთანამშრომლა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ გამიბრაზდა და შემდეგ როცა დადგა ცუდი შედეგი, მერე მიხვდა, რომ მართალს ვეუბნებოდი.

…იცით, სკოლა არის პატარა სახელმწიფო და რაც სახელმწიფოში ხდება, იგივე ხდება სკოლაშიც. როცა ბავშვები გარეთ ხედავენ, როგორ დასცხებენ ხოლმე პოლიტიკოსები ერთმანეთს, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას ერთმანეთს, ბავშვებიც ფიქრობენ, რომ ეს არის ნორმა, რომ თუ გავბრაზდები, უნდა დავარტყა ხელი, თუ მე ვარ მართალი, უნდა „გავეჭიმო“ და ასე შემდეგ.

მოკლედ, ნურაფერი ნუღარ გვიკვირს, რადგან სკოლა არის სახელმწიფოს პატარა მოდელი და რაც გარეთ ხდება, იგივე ხდება ყველა სკოლაში.

  • მაგრამ მართვის, აღზრდის ბერკეტები ხომ სკოლის ხელშია?

კი, ძალიან კარგია, რომ მასწავლებელი აღჭურვილია ბევრი უფლებით, მაგრამ უკვე ძალიან გამოცდილი მასწავლებელიც კი ვეღარ შეაკავებს პროცესს. ამიტომ, თუ სახელმწიფოში დამშვიდდება ყველაფერი, მაშინ დამშვიდდება სკოლაც. ასე, რომ მთლად მასწავლებლებიც არ არიან დამნაშავე ამ პროცესებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: