მთავარი,სიახლეები

„წამლებში ბათუმში 264 ლარი უნდა გადამეხადა, თურქეთში 128 ლარად ვიყიდე“ – ძვირი ჯანდაცვა

20.09.2022 • 1499
„წამლებში ბათუმში 264 ლარი უნდა გადამეხადა, თურქეთში 128 ლარად ვიყიდე“ – ძვირი ჯანდაცვა

„თურქეთიდან საქართველოში მედიკამენტების შემოტანა იმპორტიორებს უფრო იაფი დაუჯდებათ, რაც ქვეყანაში შეამცირებს მოსახლეობისთვის წამლების ფასებს“ – ეს დაპირება საქართველოს მოქალაქეებმა მიმდინარე წლის იანვარში მიიღეს.

დღეისათვის თურქეთიდან 80 დასახელების მედიკამენტი შემოდის და მათი ფასები თურქეთში არსებულ ფასებს ემთხვევა. ეს მედიკამენტები ძირითადად ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი და საკმაოდ დიდ შეღავათსაც იღებენ მოქალაქეები.

თუმცა გაცილებით დიდია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვისაც წამლებში ისევ მაღალი ფასის გადახდა უწევს, რადგან მედიკამენტები, რომლებიც ესაჭიროებათ, თურქეთიდან იმპორტირებული წამლების სიაში არ არის.

თამარი საშუალო შემოსავლის მქონე საქართველოს მოქალაქეა. მას თურქეთში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ ექიმმა 7 სახეობის წამალი დაუნიშნა – პროტონექსი, ფამოდინი, გავისკონი, ქოლიდური, მოტილიუმი და მეტიგასტი.

თითოეული დასახელების წამალი ორ-ორი კოლოფი იყიდა. ჯამში 14 კოლოფ 7 დასახელების მედიკამენტში 128 ლარი (830 ლირა) გადაიხადა.

იგივე წამლები, იგივე ოდენობით საქართველოში რომ ეყიდა 264,8 ლარი უნდა გადაეხადა.

ამ წამლებში მოქალაქემ 128 ლარი გადაიხადა თურქეთში, საქართველოში რომ ეყიდა, 264 ლარი უნდა გადაეხადა

„ბათუმელებმა“ ექსპერიმენტი ჩაატარა. ერთ-ერთ ქართულ აფთიაქში მივედით და იგივე დასახელების მედიკამენტების ყიდვა სცადა.

ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტიდან მხოლოდ ორი დასახელების მედიკამენტი ჰქონდათ. აქედან მხოლოდ ერთი – მოტილიუმი იყო თურქული წარმოების და 1,85 ლარი ღირდა. იგივე დასახელების წამალი, ფრანგული წარმოების კი 9,20 ლარი. კიდევ ერთი წამალი, მეტიგასტი საქართველოში 13,25 ლარი ღირდა. ეს მედიკამენტი თურქეთში 9.40 ლარი ღირს.

რაც შეეხება დანარჩენ წამლებს, ყველა მათგანზე შემცვლელი შემოგვთავაზეს და ყველა ორჯერ ძვირი ღირდა.

მაგალითად, წყლულის სამკურნალო პრეპარატი პროტონექსი (40 მგ) თურქეთში 5.45 ლარი ღირს. საქართველოში აფთიაქში მის შემცვლელად პანტო-დენკი შემოგვთავაზეს, რომლის ღირებულება 24,35 ლარია.

საქართველოში რომ გვეყიდა, გაცილებით ძვირის გადახდა მოგვიწევდა ტრიბუდატ ფორტეში, რომელიც თურქეთში 9 ლარი ღირს, აქ კი მის შემცვლელად ტრიბუქსი ფორტე შემოგვთავაზეს, რომელიც 43,60 ლარი ღირს.

ნახევარი წელია საქართველოში პარალელური იმპორტის სისტემა მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ მედიკამენტები, რომლებიც თურქეთშია რეგისტრირებული, საქართველოში დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, ავტომატურად იქნება აღიარებული.

პარალელური იმპორტით ქვეყანაში 80 დასახელების მედიკამენტი შემოდის და სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში ნაწილდება.

რა შეცვალა 2022 წლის იანვარში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ვკითხეთ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორს, ირაკლი მარგველაშვილს. მისი თქმით, დადებითი, რაც მოიტანა ამ ცვლილებამ და მოსახლეობაზეც აისახა, არის ის, რომ შესაძლებელი გახდა გარკვეული მედიკამენტების დაბალ ფასად შეძენა. ასევე განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ ამ სისტემას აქვს ხარვეზი, რაც მიწოდების არასტაბილურობაში გამოიხატება.

„პირდაპირი მოწოდების დროს ფასი შედარებით მაღალია, პარალელური იმპორტის დროს – დაბალი. მაგრამ რამდენად უზრუნველყოფს პარალელური იმპორტი იმ რაოდენობით და იმ რეგულარობით მედიკამენტის მოწოდებას, რომელიც სჭირდება საქართველოში პაციენტს.

რა არის მთავარი?

რა თქმა უნდა, მთავარია ფასი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტი აფთიაქში იყოს რეგულარულად. განსაკუთრებით მედიკამენტები, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მათი მოწოდება უნდა იყოს უწყვეტი და არ უნდა იყოს მოწოდებაში დეფიციტი. ამისათვის საჭიროა რეგულარული მოწოდების ჯაჭვები, რომელიც ჯერჯერობით არაა ჩამოყალიბებული. ამიტომაა, რომ როდესაც ჩვენი თანამემამულეები მიდიან აფთიაქში და კითხულობენ იაფ, თურქულ მედიკამენტს, აღმოჩნდება ხოლმე, რომ არ არის. მაგრამ არის იგივე დასახელების, სხვა ქვეყნის წარმოებული, უფრო ძვირად.

მომხმარებელს თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტი უნდა, მაგრამ მას ვერ იღებს. მოწოდების რაოდენობა, ხშირად არ შეესაბამება მოთხოვნას. ეს ხარვეზი გამოჩნდა,“ – ამბობს ირაკლი მარგველაშვილი.

მისივე თქმით, განვლილმა თვეებმა აჩვენა, რომ საქართველოში, ხარისხიან მედიკამენტებზე ფასების დაწევისთვის მთავარი მიმართულება, თურქეთიდან პარალელური იმპორტი არ არის.

„ეს არის ერთ-ერთი დამხმარე მოკლევადიანი ინსტრუმენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ მთავარი მიმართულება არის მივაღწიოთ ფასების დაწევას პირდაპირი მოწოდების დროს. ანუ როდესაც არის რეგულარული, კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული მოწოდების ჯაჭვი,“ – ამბობს ირაკლი მარგველაშვილი.

  • როგორ უნდა გახდეს ხარისხიან მედიკამენტზე ფასი ხელმისაწვდომი  

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ამბობს, რომ მედიკამენტზე ხელმისაწვდომ ფასს სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად რეფერენტული ფასთა სისტემაც უზრუნველყოფს.

„თურქეთში არსებობს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინსტიტუტი – ეს არის სტრუქტურა, რომელშიც გაერთიანებული არიან ექსპერტები და მუშაობენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ მწარმოებლებთან, მათ ქვეყანაში დაახლოებით რა ფასით უნდა შევიდეს მედიკამენტი. ჩვენ გვჭირდება მსგავსი.

ასევე, აუცილებელია ხარისხის კონტროლი. ამის შემდეგ მნიშვნელოვანი კონტროლია დასაწესებელი წამლის გამოწერაზე. უნდა შევამციროთ არაეფექტური და შეუსაბამო მედიკამენტების მოხმარება, შეუსაბამო რაოდენობით. აქ საუბარია ფარმაკოზედამხედველობაზე. კი, ნაბიჯი გადაიდგა, ელექტრონული რეცეპტის სისტემა უკვე შემოტანილია, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯები. ჩვენ მიერ მედიკამენტებზე გაწეული ხარჯის 25-30%, მოდის იმ მედიკამენტებზე, რომელიც ან არასწორადაა გამოყენებული, ან ჭარბი რაოდენობითაა.

ამის ნაწილია ელექტრონული დაავადების ისტორიებიც, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავაკონტროლოთ რამდენად სწორად ნიშნავს ექიმი კონკრეტულ წამალს. ასევე უმნიშვნელოვანესია საკანონმდებლო ბაზის გამართვა, ურთიერთობების დალაგება ფარმაცევტულ კომპანიებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის.

ბევრი არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანიის არასწორი მიდგომით, მათ შორის ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, ექიმებზე ზეწოლა ხდება, რომლებიც შემდეგ არაადეკვატურ მედიკამენტებს წერენ.

ეს ყველაფერი ძირითადად არის კომპლექსი ღონისძიებების, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველოში დავნერგოთ,“ – ამბობს ირაკლი მარგველაშვილი.

გასულ თვეში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა წამლებზე ე.წ. რეფერენტული ფასების შემოღებაზე ისაუბრა.

რეფერენტული ფასი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ზედა ზღვარი მედიკამენტის გასაყიდ ან საექსპორტო ფასზე. მისი გამოთვლა კი ხდება იმავე წამალზე სხვა ქვეყნებში არსებული ფასის მიხედვით.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნა არის მოდელი, რომელიც ბევრ ქვეყანაში გამოიყენება იმ მედიკამენტებზე, რომელთა დაფინანსება და შეძენა ხდება სახელმწიფო რესურსებით.

„საქართველოში ჩვენ ასეთი გვაქვს ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც მოცულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. აქედან გამომდინარე თუკი სწორად იქნება შემუშავებული რეფერენტული ფასწარმოქმნის მოდელი, გამოყენებული იქნება იმ მედიკამენტებზე, რომელსაც სახელმწიფო იძენს, ჩვენ ამას რა თქმა უნდა მივესალმებით. მთავარია, მოდელი მომზადდეს სწორად და თავიდან ავიცილოთ ყველა ის რისკი, რომელიც ანალოგიური სისტემის დანერგვას თან ახლავს, არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი მარგველაშვილმა.

რისკებზე საუბრისას ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ზღვარი, რომელსაც სახელმწიფო დააწესებს, იყოს ადეკვატური.

„უნდა იყოს საინტერესო მომწოდებლისთვისაც. თუ დაწესდება ფასი, რომელიც დაბალია იმ ფასზე, რომლითაც მომწოდებლები საქართველოში მედიკამენტების მოწოდებით არიან დაინტერესებული, ბუნებრივია არის რისკი რომ გარკვეული მედიკამენტების დეფიციტი გაჩნდება ქვეყანაში. ამის მაგალითები გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებში და ამის პრევენცია უნდა მოხდეს სისტემის მომზადების პერიოდში,“ – ამბობს ირაკლი მარგველაშვილი.

  • რატომ შემოდის მხოლოდ 80 დასახელების მედიკამენტი და არა მეტი

„სარგებლობა სხვა ქვეყნის კარგი სისტემით არის ხანმოკლე, სანამ საკუთარ სისტემას არ მივიყვანთ იქამდე, როგორც თურქეთშია,“ – ამბობს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი.

მისი თქმით, დღეს არც თურქეთში და არც საქართველოში არ არსებობს რაიმე საკანონმდებლო ბარიერი, რომელიც რომელიმე მედიკამენტის შემოტანას შეზღუდავს.

„ადგილობრივი რეგულაცია საქართველოში, პირიქით, თურქეთიდან იმპორტს აყენებს ნებისმიერ სხვა ქვეყნიდან იმპორტზე იოლ პირობებში. თურქეთიდან  შემოტანა მედიკამენტის და მისი რეგისტრაცია ყველაზე იოლია დღეს საქართველოში.

პრობლემა იმაშია, რომ თურქეთში ფიზიკურად არ არის მედიკამენტის ის რაოდენობა ხელმისაწვდომი, რამდენიც ჩვენ გვჭირდება. თურქეთში მიმოქცევაში არსებული მედიკამენტები არის თურქეთის მოსახლეობისთვის. იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის მოსახლეობაზეც განისაზღვროს, ამას სჭირდება ხელმისაწვდომობა. თურქეთში დაბალი ფასებს მიაღწიეს წლების განმავლობაში იმ ღონისძიებების თანმიმდევრული დანერგვით, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე.

თუკი ჩვენ საკუთარი სისტემა არ დავგეგმეთ და ვცადეთ სარგებლობა მხოლოდ თურქული მოდელით, ამით არაფერი არ გამოვა“.

___

აპრილიდან მხოლოდ გენერიკულ მედიკამენტებს გამოწერენ, ექიმი ვერ მიუთითებს ბრენდს – მინისტრი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: