ხვალ, 6 მაისს კი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები, წამლის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ.
დღეს კი მათ საპასუხოდ „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა: „გონივრული გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ყველა რისკ-ფაქტორი გათვალისწინებული, მათ შორის „ფარმაცევტული მაფიის“ ინტერესები. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი“.
მშობლები 15 დღეზე მეტია, მთავრობის კანცელარიის ეზოში მართავენ აქციას და მოითხოვენ მათი შვილების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების შემოტანას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მათი არასრულწლოვანი შვილების გადასარჩენად.
მშობლებს, შვილებთან ერთად უწევთ ქუჩაში დღე და ღამე ყოფნა იმისთვის, რომ წამალი მიიღონ. თუმცა, როგორც მშობლები აცხადებენ, „ოცნების“ ხელისუფლება სრულ გულგრილობას იჩენს, როგორც მშობლების, ასევე ბავშვების მიმართ.
ქუჩაში მყოფ მშობლებს პოლიცია არ აძლევს პუფების გამოყენების უფლებასაც კი. მშობლებს ბეტონის ბორდიურებზე უწევთ ყოფნა.
კახა წიქარიშვილიც სხვა მშობლებთან ერთად იბრძვის საკუთარი და სხვისი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად.
„ჩვენ დავიწყეთ აქცია ჯანდაცვის სამინისტროდან, შემდგომ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჯანდაცვის მინისტრი ვერ იღებს ამ გადაწყვეტილებას და გადავინაცვლეთ კანცელარიასთან, ვინაიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული მთავრობის ადმინისტრაციის მიერ და ვითხოვდით ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას უკვე ერთ თვეზე მეტია, მაგრამ ირაკლი კობახიძე არ გვხვდება.
შესაბამისად, შემდგომი ლოკაცია არის ბიძინა ივანიშვილი. ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი არის ფაქტობრივად გადაწყვეტილების მიმღები პირი, ამიტომ მის სახლთანაც ჩავატარებთ აქციას. ვისაც შეუძლია გადაწყვეტილებაზე მოახდინოს ზეგავლენა, ყველგან შეიძლება ჩავატაროთ აქცია.
გვინდა ივანიშვილს ვუთხრათ, რომ ის მოვიდა ხელისუფლებაში ქველმოქმედის სახელით. დღეს ასი ბავშვის სიცოცხლე საფრთხეშია და ამ ბავშვებს სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება. ივანიშვილი არის პირი, ვისაც სახელმწიფოს პოლიტიკურ ნებაზე ზემოქმედება შეუძლია.
მას შევახსენებთ, რომ „ოცნება“ ხელისუფლებაში მუდმივად ვერ იქნება და ვერც ივანიშვილი ვერ იქნება მუდმივად ხელისუფლებაში. ამიტომ, უმჯობესია თავისი რეპუტაცია, თუნდაც იმ კუთხით მაინც შეინარჩუნოს, რომ არ გაწიროს ეს ბავშვები დასაღუპად“, – ამბობს კახა წიქარიშვილი.
მშობლები ითხოვენ წამალს შვილებისთვის/ფოტო: ნეტგაზეთი
მისი თქმით, სწორედ მან შექმნა ასეთი სისტემა, ამიტომაც უწევთ მშობლებს ივანიშვილისთვის დახმარების თხოვნა.
„როდესაც ქვეყანაში არსებობს ჯანდაცვის სამინისტრო, პარლამენტი, არსებობს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაცია და სახელმწიფო ბიუჯეტი ამ უწყებების ხელშია, ივანიშვილთან არ უნდა გვიწევდეს მისვლა. მაგრამ სწორედ მან შექმნა სახელმწიფო სისტემა, რომელიც ძალიან შორს არის დემოკრატიისგან. ფაქტობრივად, ერთი კაცის ხელშია მოქცეული და ეს ყველამ იცის ამ ქვეყანაში. ამიტომ მივდივართ ამ ადამიანთან, რომ მოაგვაროს ეს პრობლემა.
გასაგებია, რომ ხელისუფლებას არ უნდა ხმაური, არ უნდათ, რომ ამ ფორმით მოახდინონ ადამიანებმა ზეგავლენა პოლიტიკურ ნებაზე, თუმცა არც ხმაურის გარეშე უნდათ ჩვენი შვილებისთვის წამლის შემოტანა.
მშობლებს გვქონდა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკება. ვინაიდან არანაირი შედეგი არ გამოიღო ამან, ამიტომ გადავედით საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებაზე, გადავედით ქუჩის აქციებზე. ჩვენი კონსტიტუციის თანახმად ხალხი არის ძალაუფლების წყარო, გადაწყვეტილებას თუ მიიღებს ხალხი, მაშინ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს.
შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება, რომ ხალხმა – მოქალაქეებმა ერთობლივად შემოუძახონ ხელისუფლებას და უთხრან, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რადგან ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხალხია დავალების მიმცემი და ხელისუფლება არის დავალების შემსრულებელი.
თუ ხალხმა მისცა დავალება, რომ ეს ბავშვები გადასარჩენია, მაშინ ხელისუფლებამ ეს დავალება უნდა შეასრულოს და თუ არ შეასრულებს, ის დაკარგავს ყველანაირ ძალაუფლებას“, – ამბობს დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი.







