სიახლეები

„ქართველი ვარ, მაგრამ მოქალაქეობას არ მაძლევენ“ – 32 წლის ქალი

01.07.2022 • 3641
„ქართველი ვარ, მაგრამ მოქალაქეობას არ მაძლევენ“ – 32 წლის ქალი

„უკვე 4 წელია საქართველოს მოქალაქეობას ვითხოვ, ეროვნებით ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე, ბოლნისში, საქართველოში გავიზარდე,“ – ამბობს თამარ გოქჩებელი. მისი დაბადების გვარი დალაქიშვილია, თუმცა 2018 წელს, როცა ის დაქორწინდა თურქეთის მოქალაქეზე,  თურქეთის მოქალაქეობის მიღებასთან ერთად გვარის შეცვლაც მოუხდა.

2018 წლიდან თამარ გოქჩებელი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას ითხოვს საგამონაკლისო წესით, ანუ „ორმაგ მოქალაქეობას“, თუმცა უშედეგოდ.

  • „მითხრეს, რომ არ იქნებოდა ეს პრობლემა და სხვებს აქვთ ორმაგი მოქალაქეობა, ორჯერ მივმართე იუსტიციის სამინისტროში კომისიას და ორივეჯერ უარყოფითი პასუხი მივიღე. კომისიის წევრებმა გასაუბრებაზე მითხრეს, გადაჯიშებული ხარ, გვარი რატომ შეიცვალე, მამამ ამის უფლება როგორ მოგცაო. ატირებული გამოვედი იქიდან, ვერ აღგიწერთ, როგორ ცუდად გვახდი,“ – გვიყვება თამარ გოქჩებელი.

თამარ გოქჩებელმა სახელმწიფო სერვისების სააგენტოში ჩაბარებული გამოცდის შედეგებიც გვაჩვენა – თამარს ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში მაქსიმალური – 10 – 10 ქულა მიუღია, სამართალში კი, მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვია. თამარ გოქჩებელი ამჟამად თურქეთში ცხოვრობს.

„საქართველოში ხშირად ჩამოვდივართ, ჩემი სამშობლო საქართველოა, ნასამართლევი არ ვარ და არც ჩემს ქმარს ჩაუდენია რამე დანაშაული. არ ვიცი, რის გამო მეუბნებიან უარს მოქალაქეობაზე,“ – ამბობს თამარ გოქჩებელი.

ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნის შემთხვევაში, მოქალაქემ ჯერ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს უნდა მიმართოს, გამოცდები ჩააბაროს და შემდეგ სპეციალურ, მუდმივმოქმედ კომისიას გაესაუბროს. კომისიამ სხვადასხვა კრიტერიუმის შესაბამისად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. კომისიის მიერ დასკვნის მომზადების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს. მას შეუძლია კომისიის გადაწყვეტილება გაიზიაროს ან მასზე უარი თქვას და მაინც მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობაც.

თამარ გოქჩებელს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს კომისიამ მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა 2019 წელს. კომისიამ დაბადებით საქართველოს მოქალაქეს უარი უთხრა 2021 წელსაც. ამის შემდეგ თამარ გოქჩებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

„არ შეიცავს რეალურ დასაბუთებას“, – ესაა ხაზგასმული თამარ გოქჩებელის სარჩელში, რომლის დაკმაყოფილებაზე სასამართლომაც უარი თქვა.

ადვოკატი ლაშა ბექიშვილი, რომელიც სასამართლოში თამარ გოქჩებელის ინტერესებს იცავს, განმარტავს, რომ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს კომისია იღებს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს და როგორც ნებისმიერი დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება, აქაც კომისია ვალდებულია, დაუსაბუთოს მოქალაქეს, რატომ არ უნდა მიენიჭოს მას საქართველოს მოქალაქეობა.

„კომისიის დადებითი დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პრაქტიკის მიხედვით, როცა კომისია იღებს დადებით გადაწყვეტილებას, მას უმრავლეს შემთხვევაში იზიარებს პრეზიდენტი. პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში გაიზიარა კომისიის გადაწყვეტილება და უარი გვითხრა, თუმცა კანონის მიხედვით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვერ გავასაჩივრებთ… კომისიის ხუთი წევრიდან ორმა კი, განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა, მათ მიიჩნიეს, რომ თამარს უნდა მინიჭებოდა საქართველოს მოქალაქეობა და უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარე ამბობდა, რომ კომისიის წევრები შინაგანი რწმენით იღებენ გადაწყვეტილებას,“ – გვითხრა ადვოკატმა ლაშა ბექიშვილმა.

თუ სასამართლო თამარ გოქჩებელის სარჩელს დააკმაყოფილებდა, სახელმწიფოს სერვისების სააგენტოს სპეციალური კომისია ვალდებული იქნებოდა, მიეღო დადებითი გადაწყვეტილება, ან ხელახლა ემსჯელა ამ საქმეზე.

თამარ გოქჩებელი აპირებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივროს.

„ბოლომდე ვიბრძოლებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ფრთების გარეშე დავრჩი, ეს არ არის სამართლიანი,“ – ამბობს თამარ გოქჩებელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: