მთავარი,სიახლეები

რას უპირებს ხელისუფლება თავისუფალ ტერიტორიას ქალაქის ცენტრში

13.04.2016
რას უპირებს ხელისუფლება თავისუფალ ტერიტორიას ქალაქის ცენტრში

„აქ უნდა მოწყობილიყო სკვერი და ავტოსადგომი, მაგრამ არჩილ ხაბაძესთან დაახლოვებული პირები მაღალსართულიანი, საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავენ,“ – აცხადებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები: ასმათ დიასამიძე, ფრაქცია „თანასწორობა“ და პეტრე ზამბაძიძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატებმა 6 წლის წინ ბათუმის მერიის მიერ შესყიდული პროექტი წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში [პირველი სკოლის წინ, ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ] საზოგადოებრივი სკვერი და მიწისქვეშა ავტოსადგომი უნდა მოწყობილიყო. პროექტის თანახმად, ავტოპარკი მუნიციპალური საკუთრება უნდა ყოფილიყო.

IMG_0005„ამ პროექტში დაახლოებით 80 ათასი ლარი გადაიხადა მერიამ. ტერიტორია უკვე შემოღობილია და მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება, რაც ქალაქისადმი მავნებლური დამოკიდებულების კიდევ ერთი შემთხვევაა. ამ უბანს განსაკუთრებით სჭირდება სკვერი და ავტოსადგომიც, რადგან აქვეა სკოლა, უნივერსიტეტი და ქუჩებში ავტომანქანების მოძრაობა გადატვირთულია,“ – ამბობს ასმათ დიასამიძე.

თავისუფალი ტერიტორიის ნაწილი ქალაქს ეკუთვნის, ნაწილი – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ტერიტორიაზე სკვერი მოეწყობა და ამჟამად ზუსტდება ტექნიკური დეტალები. ბათუმის მერიას არ აქვს პასუხი, არსებობს თუ არა ახალი პროექტი სკვერისთვის, რატომ თქვა მერიამ უარი უკვე შესყიდულ პროექტზე, ან მოეწყობა თუ არა მიწისქვეშა ავტოსადგომი.

ამ თემაზე დღესვე კომენტარი გააკეთა არჩილ ხაბაძემ. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძემ დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია კორპუსის მშენებლობაზე სიცრუედ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანად შეაფასა და განაცხადა, რომ გამოუყენებელ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერი მოეწყობა.

ე.წ. „გამოუყენებელი ტერიტორია“ საჯარო რეესტრის მიხედვით გაერთიანებულია იმ ნაკვეთთან, რომელზედაც ხელოვნების უნივერსიტეტია განთავსებული და ერთი საკადასტრო კოდი აქვს [საერთო ფართობია 7 814 კვ/მ]. სწორედ ამ ფართობისა და შენობის მესაკუთრეები არიან სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ბათუმის მერია, თუმცა საკუთრება არ არის გამიჯნული. რეესტრის დოკუმენტებით ამავე ტერიტორიასთან ცალკეა გამოყოფილი კიდევ ორი ნაკვეთი [თავდადებულისა და ზუბალაშვილის კვეთაში – 238 კვ/მ და მის გვერდით ზუბალაშვილის ქუჩის მიმდებარედ – 201 კვ/მ], ორთავე ამ ნაკვეთის უშუალო მესაკუთრე კი ქალაქ ბათუმის მერიაა.

tttttttttttttttt

საკადასტრო გეგმა მიწის ნაკვეთის, რომელზედაც ხელოვნების უნივერსიტეტია განთავსებული. უნივერსიტეტის შენობასა და ზუბალაშვილის ქუჩას შორის ნაკვეთი მერიის მიერ შემოღობილია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხელოვნების უნივერსიტეტიც მისამართს იცვლის და ის გორგილაძის ქუჩაზე, ყოფილი კოლეჯის შენობაში უნდა განთავსდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: