ნეტგაზეთი • RU

ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნაზე ბიუჯეტიდან 328 535 ლარი დაიხარჯება

ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება და ღონისძიება 20 ივნისამდე გაგრძელდება. ღონისძიებებისთვის მთლიანობაში 328 535 ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან, 90 ათასი ლარი ბათუმის, ხოლო 238 535 ლარი აჭარის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

თანხა ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით, დაიხარჯება. დოკუმენტების მიხედვით, ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება. აღნიშნული თანხებით გათვალისწინებულია საზაფხულო დეკორაციების – კერძოდ, ფერადი ტილოების, ყვავილების, ტოფოკუთხეების და ტოფოლოკაციების მოწყობა.

  • კვების ბლოკები და კვების კონსტრუქციები
  • მოწვეული ბენდები და DJ
  • საგამოფენო სივრცეები
  • ღამის დეკორაციები
  • საბავშვო გასართობი ლოკაციები და აქტივობები
  • ანიმატორები
  • ფეიერვერკი

ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, 90 ათასი ლარი გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებებისთვის:

  • ფრანების შოუ, დრამერების შოუ, მუსიკალური ბენედების და დიჯეის საკონცერტო პროგრამა
  • ბანერების ბეჭდვა
  • ვიდეოგადაღება
  • ფეირვერკის გაშვების უზრუნველყოფა

„აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიმდინარე წლის მთავარი სტრატეგია 2019 წლის ტურისტული ნაკადების აღდგენაა. დაგეგმილია 500 ჟურნალისტისა და ტუროპერატორის ვიზიტი რეგიონში, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების აღდგენასა და დამატებაზე.

ბათუმის აეროპორტში მაისის თვისთვის უკვე დაგეგმილია 250-ზე მეტი საერთაშორისო ფრენა 10 ქვეყნიდან, განახლდა ფრენები გალფის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ასევე, წელს პირველად შესრულდება რეისები რიგიდან და ტაშკენტიდან, განახლდება რეისები ტალინიდან და ვილნიუსიდან და ა.შ“, – ნათქვამია შესყიდვების პორტალზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტურისტული სეზონის გახსნის მთავარი მიზანი საზოგადოებაში საზაფხულო განწყობის შექმნაა, „მეორე მხრივ, ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა და მოწოდება, რომ აჭარა მზად არის ვიზიტორების მისაღებად“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com