მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როცა ტაქსით მაგისტრალზე მოძრაობ, მძღოლი კი მობილურში „სლოტებს“ თამაშობს

21.11.2022 • 1560
როცა ტაქსით მაგისტრალზე მოძრაობ, მძღოლი კი მობილურში „სლოტებს“ თამაშობს

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა ტაქსით მაგისტრალზე მოძრაობთ, თქვენი მძღოლი კი მობილურ ტელეფონში „სლოტებს“ თამაშობს, მეც გამიჭირდებოდა წარმოდგენა, თავად რომ არ შევსწრებოდი. უკონტროლო სურვილი – ითამაშო აზარტული თამაში სამსახურში ან თუნდაც ისეთ სიტუაციაში, როგორიც ავტომანქანის მართვაა, ლუდომანიის – აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშანია. 

აზარტული თამაშებით ავადობისა და ზიანის გლობალური ზრდის, ასევე ფსიქიკურ აშლილობად კლასიფიცირების მიუხედავად, ლუდომანია იშვიათად განიხილება, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა ან პრიორიტეტი. საქართველოშიც ლუდომანებისთვის განკუთვნილ ფსიქოთერაპიის სეანსებს მენტალური ჯანმრთელობის რამდენიმე ცენტრი ატარებს. ერთ-ერთი ასეთი ფსიქოსოციალური ცენტრია „კლუბი სინერგია“, სადაც ამბობენ, რომ მიმართვიანობა ისეთი მაღალი არ არის, რამდენად მწვავედაც ეს პრობლემა დგას ქვეყანაში.

„მომართვიანობა არ არის ძალიან მაღალი, თუმცა ვიცით, რომ პრობლემა გაცილებით უფრო მწვავეა, ვიდრე მომართვიანობით ჩანს. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ამ მიმართულებით დახმარება გამოადგებოდათ, გაცილებით უფრო ნაკლები ადამიანი იღებს, ვიდრე სჭირდებათ“, – ამბობს სინერგიას ფსიქოლოგი მარიამ რაზმაძე.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება შესაძლოა ყველა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანს შეეხოს, თუმცა კვლევები და სტატისტიკაც მოწმობს, რომ დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე პირები ყველაზე დიდი რისკჯგუფია პრობლემური აზარტული თამაშებისთვის.

მაგალითად, პრობლემური გემბლინგის კვლევითი კანადური ორგანიზაცია GREO თავის კვლევაში – „პრობლემური გემბლინგი და სიღარიბე“ წერს, რომ კანადაში დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები (2.8%) თავიანთი ოჯახების შემოსავლის უფრო მეტ პროცენტს ხარჯავენ აზარტულ თამაშებზე, ვიდრე უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები (0.5%).

„საჭიროა მეტი ცოდნა სიღარიბესა და პრობლემურ აზარტულ თამაშებს შორის კავშირის შესახებ, ისევე როგორც სერვისები და მხარდაჭერა, რომლებიც მორგებულია მოსახლეობაზე, რომელსაც აქვს კომპლექსური საჭიროებები, მათ შორის, თანმხლები დარღვევები“, – ვკითხულობთ GREO-ს კვლევაში. 

ლუდომანიას – აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურად აღიარებს იმპულსის კონტროლთან დაკავშირებულ აშლილობად და ქცევითი ადიქციის კატეგორიას მიაკუთვნებს. მართალია, ის უშუალოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას არ აზიანებს, მაგრამ ახასიათებს მძიმე სოციალური შედეგები – ოჯახური კონფლიქტები, ფინანსური პრობლემები, კრიმინალური ქცევა და დეპრესია. ვითარება ზოგჯერ ისე მძიმდება, რომ ადამიანი შესაძლოა სუიციდამდეც მივიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ გემბლინგის სფერო მაღალი რისკების შემცველია, მისი დინამიკა სისტემატიურად მზარდია როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. 

საქსტატის ცნობით, 2020 წელს, მიუხედავად პანდემიისა, აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა 24%-ით გაიზარდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებელს – 32 მილიარდ ლარს მიაღწია. ცხადია, ზრდა ონლაინკაზინოების საშუალებით მოხდა, რადგან რეგულაციების გამო სამორინეებს ფიზიკურ სივრცეში საქმიანობა შეზღუდული ჰქონდათ. 2021 წლის მონაცემებით, აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობა კიდევ უფრო მეტად – 48 მილიარდ ლარამდეა [47 938.6] გაზრდილი.

გემბლინგით ძირითადად ახალგაზრდები ინტერესდებიან. როგორც გაეროს კვლევებმა აჩვენა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება მოზარდებს შორის როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო სერიოზული პრობლემა ხდება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხული თექვსმეტი წლის მოსწავლეთა 20% გადაჭარბებული აზარტული მოთამაშე იყო, ხოლო 12% – პრობლემური აზარტული მოთამაშე.

ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2022 წლის თებერვალში გამოქვეყნებული კვლევა გვაჩვენებს, რომ გამოკითხული მოზარდების 13% აზარტულ თამაშებს სხვადასხვა სიხშირით თამაშობს. აქედან ერთ მეოთხედზე მეტი აქტიური მოთამაშეა და აზარტულ თამაშებს ფულზე კვირაში რამდენიმე დღე ან უფრო ხშირად (27%) თამაშობს. ასევე, 5-დან ერთი მოზარდი თითოეულ ჯერზე თამაშს 2 საათს ან მეტს უთმობს.

ფოტო: 2022 წლის 12 ივნისი

2022 წლის პირველი მარტიდან საქართველოში ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის ნაწილობრივ შემზღუდავი რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც, აიკრძალა როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება, თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებულია.

თუმცა ონლაინკაზინოები მაინც პოულობენ გზას მათ საიტებზე მომხმარებლების მისაზიდად. მაგალითად, ერთ-ერთმა ონლაინკაზინომ, ე.წ. აქციის ფარგლებში ფეისბუქზე სპეციალური გვერდი შექმნა, სადაც 2022 წლის ივნისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით გრაფიკულად გაფორმებული QR კოდების ფოტოები ქვეყნდებოდა, კოდების დასკანერებით კი მომხმარებელი ონლაინკაზინოს აქციის გვერდზე გადადის.

აქციის ინსტრუქცია მარტივი და ამავდროულად იდუმალებით მოცულია – „დაასკანერე და დასაჩუქრდი“, ვისი აქციაა ან რისი, კოდიდან ბმულზე გადასვლის შემდეგ ხდება ცხადი. იგივე ფოტოებს, ჯერ კიდევ ივნისის თვეში, ფილმებისა და სერიალების ქართულ პორტალებზეც არეკლამებდნენ.

2022 წლის პირველი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს და 25 წლამდე პირებს; ასევე საჯარო მოხელეებს, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს.

2022 წლის პირველი მარტიდან 18 აგვისტომდე პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის მონაცემთა ბაზაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 23, ხოლო თავად პირის მიმართვის საფუძველზე – 1 907.

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ივნისის თვის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124  პირის შესახებ ინფორმაცია.

ამავდროულად, სათამაშო ბიზნესი დღემდე ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად რჩება. Forbse-ს ცნობით, 2022 წელს საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანიიდან 8 აზარტული თამაშების კომპანიაა (მათი შემოსავლები სიაში შემდეგ ადგილებს იკავებს: მე-18, 22-ე, 80-ე, 93-ე, 101-ე, 102-ე, 116-ე, 126-ე).

ამავე თემაზე:

„სოლიდარობა ლევან ზურაბაშვილს!“ – სასამართლოსთან აქცია იგეგმება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: