მთავარი,სიახლეები • • •

დედა და 8 წლის ბავშვი მხედველობას კარგავენ – ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

16.11.2026
დედა და 8 წლის ბავშვი მხედველობას კარგავენ – ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

37 წლის ნესტან შაინიძეს და მის 8 წლის გოგონას – ელისაბედს, თვალის მძიმე დაავადება, კერატოკონუსი აქვთ, რის  გამოც, დედამ და შვილმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგეს.

ნესტან შაინიძე და მისი შვილი ახლა სტამბოლის კლინიკაში მკურნალობენ.

ნესტანი ამბობს, რომ სტამბოლში გამგზავრებამდე საქართველოში თითქმის ყველა კლინიკა მოიარეს, თუმცა მისი და ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

ნესტანს „ბათუმელები“ სტამბოლში ესაუბრა.

ის ამბობს, რომ მის დაავადებასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია წარდგენილი აქვს როგორც აჭარის, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, თუმცა დაფინანსებაზე ყველა უწყებამ უარი უთხრა.

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ გვჭირდებოდა ექსპერტების დასკვნა, მაგრამ ექსპერტებმა თქვეს, დასკვნას 3 თვე დასჭირდებაო და დაფინანსება არ მოგვცეს. ჩემი თვალი მოიცდის ამდენს? ბავშვის თვალი მოიცდის 3 თვეს? ჩვენი მდგომარეობა დღითი დღე მძიმდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით თურქეთში.

ნათესავები, ახლობლები, ოჯახის წევრები დაგვეხმარნენ, ერთადერთი საცხოვრებელი ბინა ჩავდეთ ბანკში და 50 000 ლარი სესხი ავიღეთ. ასე წამოვედით სტამბოლში.

თვალის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ რქოვანას გადანერგვის იმედი აღარ არსებობდა. ახლა კი, როგორც მითხრეს, მჭირდება ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, რომელიც აშშ-დან უნდა შემოიტანონ და თუ ეს ოპერაცია წარმატებით დასრულდება, მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდება რქოვანას გადანერგვა“, – ამბობს ნესტან შაინიძე.

მისი თქმით,  ღეროვანი უჯრედების გამოწერას 5000 დოლარი სჭირდება, შემდეგ კი ოპერაციისთვის 12 000 ევროა საჭირო. ოჯახს კი ფინანსები აღარ ჰყოფნის.

„აქამდე რა კვლევებიც ჩაგვიტარდა, ყველაფერი სესხით გაკეთდა. ამ კლინიკაში, სადაც მე და ჩემი შვილი ვწევართ, 1 დღე 220 დოლარი ჯდება. უკვე ხუთი დღე გავიდა, რაც აქ ვართ. 1 წვეთი წამალი, რომელსაც ვიწვეთებ თვალში, 8 000 ლირა ღირს. სულ 3 წვეთი მჭირდება დღეში. ერთიც თვალის მალამოა, რომლის თანხაც ჩვენი დასაფარია.

ვის არ მივმართე – განცხადება დავწერე პატარაძის სახელზე, ხულოს მერსაც მივმართე, რადგან ჩემი ოჯახი ხულოშია ჩაწერილი, ჩემმა მეუღლემ ორჯერ ნახა დეპუტატი ანზორ ბოლქვაძეც, რომელიც ჩვენით ზის პარლამენტში და გვინდოდა, რომ დაგვხმარებოდა, მაგრამ ყველამ უარი გვითხრა. მარტო ის გვითხრეს, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეთ და დაგაფინანსებენო. არ დაგვაფინანსეს.

დიდ თანხებზეა საუბარიო. დიდი თანხები რომ არის, ამიტომ გვჭირდება სახელმწიფოს დახმარება, თორემ მცირეს ჩვენც გადავიხდიდით“, – ამბობს ნესტან შაინიძე.

ნესტანის ოჯახი ხულოს სოფელ წაბლანიდანაა. იმ სოფლიდან, რომელიც წლების წინ დაიმეწყრა და მეწყერმა დიდი მსხვერპლიც გამოიწვია.

ოჯახმა კომპენსაციის სახით ბათუმში სოციალურ საცხოვრისში მიიღო ბინა, თუმცა ახლა ეს ბინა ბანკის იპოთეკაშია ჩადებული.

„თუ ეს თანხებიც ვერ გადავიხადეთ, ქუჩაში დავრჩებით. ამას ემატება ჩემი და ჩემი შვილის მდგომარეობა, ამიტომ გვჭირდება სახელმწიფოს გვერდით დგომა, რომ მე და ჩემმა შვილმა არ დავკარგოთ მხედველობა, გამოვჯანმრთელდეთ და ბინის დაბრუნებაც შეძლოს ჩემმა ოჯახმა“, – გვეუბნება ნესტანი.

მისი თქმით, საქართველოში, ერთ-ერთ კლინიკაში თვალის ამოღება ურჩიეს და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა თურქეთში მკურნალობა.

„ჯანდაცვის სამინისტრო მეუბნებოდა, რატომ მიდიხარ თურქეთში, რქოვანას გადანერგვა საქართველოშიც კეთდებაო, მაგრამ ექიმმა რომ თვალის ამოღება მითხრა, ეს არ დამიწერეს ფურცელზე, რომ სამინისტროსთვის მეჩვენებინა.

თურქეთში მითხრეს, რომ სისხლძარღვები არ მაქვს დაზიანებული და თვალის ამოღება როგორ შემოგთავაზესო. ამას რომ ვამბობ, უფრო ბრაზდებიან, მაგრამ ფაქტია, რომ აქ ექიმებმა გარანტია მომცეს თვალის და მხედველობის 40-50%-იანი შენარჩუნების, საქართველოში კი ვერა.

საქართველოში ჩემი შვილის შემთხვევაშიც არასწორი მკურნალობა ჩატარდა, რადგან კრემები საერთოდ არ იყო საჭირო, ამან გააღრმავა ინფექციაო. ჩემი შვილის მდგომარეობაც ძალიან მძიმეა დღეს. ჩირქდენა არ უჩერდება და თუ ეს არ შეწყდა, ვერანაირ მკურნალობასა და ოპერაციაზე ვერ გველაპარაკებიან ექიმები. როცა თვალი სტკივა ელისაბედს, თავიც სტკივდება, ახლაც გამაყუჩებლებზე ვართ ორივე.

ამ 7 თვეში ჯოჯოხეთი გამოვიარე. ახლა ჩემს შვილს ბიოფსია სჭირდება, რაშიც 2000 დოლარი მოგვთხოვეს, რომ დადგინდეს, საიდან გავრცელდა ეს ინფექცია, ჰაერწვეთოვანი თუ სხვა გზით. ეს თანხაც მოსაძიებელი გვაქვს“, – ამბობს ნესტან შაინიძე.

ვიდეო:

ვესაუბრეთ ნესტანის დედამთილს, მერი შაინიძესაც. ის სთხოვს სახელმწიფოს, რომ გულისხმიერება გამოიჩინონ მისი რძლისა და შვილიშვილის მიმართ და მათი მკურნალობა დააფინანსონ.

„მთელი საქართველო მოვატარეთ, სად არ ვიარეთ და ვერავინ უშველა. თვეების წინ განცხადებები შეიტანეს ჯანდაცვაში, რომ მივაკითხეთ, თაროზე დაგვხვდა შემოდებული. საჩქაროა ჩემი რძლისთვის თვალის ოპერაცია, რომ დაავადება არ გავრცელდეს მეორე თვალზეც.

ახლობლების და სესხის დახმარებით ეს პირველი თვეები გადავლახეთ, მაგრამ ფინანსები გვეწურება. ახლა მთავარია ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და შემდეგ რქოვანასი. დახმარება გვჭირდება.

7-სულიანი ოჯახი ვართ, სამი არასრულწლოვანი ბავშვი გვყავს, ოჯახში მხოლოდ ჩემი შვილი იყო დასაქმებული და ახლა ისიც არ ვიცით, როგორ უნდა დავფაროთ ბანკის ვალები, თუმცა ახლა ჩემი რძლის და შვილიშვილის განკურნებაა ყველაზე მთავარი და ამიტომ ვთხოვ ხელისუფლებას დაგვეხმაროს, დააფინანსონ მათი მკურნალობა.

ამდენი რამ გამოვიარეთ და 1 თეთრიც კი არ მიგვიღია არც ერთი უწყებიდან. იქნებ აწი მაინც გამოგვიყონ დაფინანსება“, – ამბობს მერი შაინიძე.

ნესტან და ელისაბედ შაინიძეების დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ გადარიცხონ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი – GE97BG0000000015333600

თიბისი ბანკი – GE62TB7556945064300082

მიმღები: ნესტან შაინიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: