სიახლეები

ოცნების ქალაქში მცხოვრები 13 წლის გიორგის ოპერაციისთვის დედა დახმარებას ითხოვს

02.02.2024 • 6185
ოცნების ქალაქში მცხოვრები 13 წლის გიორგის ოპერაციისთვის დედა დახმარებას ითხოვს

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მოზარდის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. თითქმის ერთი თვეა 13 წლის გიორგის დედა, მარინა ბერიძე ცდილობს შვილს საქართველოს კლინიკებში უმკურნალოს. თუმცა, მისივე თქმით, მოზარდის მდგომარეობა უკეთესისკენ არ იცვლება, ახლა მოზარდს რთული ოპერაცია სჭირდება.

სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, 13 წლის გიორგის დიაგნოზი ახლა პნევმონია და პიოთორაქსია – ჩირქის დაგროვება პლევრულ ღრუში. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ სჭირდება თორაკოქირურგიული ჩარევა. 

გიორგის დედა, მარინა ბერიძე, წლებია „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. იგი „ოცნების ქალაქში“ ერთ-ერთი აქტივისტია. მარინა ბერიძე „ბათუმელებთან“ დეტალურად განმარტავს, თუ რატომ მიაჩნია საჭიროდ შვილის თურქეთში გადაყვანა ოპერაციისთვის:

„4 იანვარს მივედით ბათუმში, იაშვილის კლინიკაში. ბავშვს სიცხე ჰქონდა. გვითხრეს, რომ ფილტვში იყო სითხე და უნდა ამოეღოთ. 5 დღე ვიყავით რეანიმაციაში, შემდეგ გადმოიყვანეს პალატაში და გაგვწერეს. დაგვიბარეს 10 დღის შემდეგ კონტროლზე. როცა მივედით, გადაიღეს ეხო და გვითხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა წავსულიყავით თბილისში, რადგან სიტუაცია დამძიმებული იყო.

როგორც კი თბილისში ჩამოვედით, იმ დღესვე დააწვინეს კლინიკაში, მწვავე ანთება – ასე გვითხრეს. მოგვიანებით თქვეს, რომ შესაძლოა საჭირო გამხდარიყო ქირურგიული ჩარევაც. ვიფიქრე, საუბარი იყო ისევ სითხის ამოღებაზე, თუმცა კვლევების შემდეგ ქირურგმა ამიხსნა, რომ საჭირო იყო რთული ოპერაცია, უნდა გაეჭრათ გულ-მკერდი. ფილტვი უნდა გავფცქვნათო“, – ასე ამიხსნეს.

ვუთხარი, რომ ამ ოპერაციას შვილს თურქეთში გავუკეთებდი, რაზეც მითხრეს, რომ ეს ოპერაცია მხოლოდ სტამბოლში კეთდება.

დავუკავშირდი კლინიკას, გავარკვიე, რომ 12 000 დოლარი ღირს ეს ოპერაცია. მივმართე ჯანდაცვას, აჭარის მთავრობას, ვთხოვე, რომ დაეფინანსებინათ მხოლოდ ოპერაცია თურქეთში და დანარჩენს, გზას, თანმხლებს, მე გადავიხდიდი. ახლა ვცდილობ სწორედ იმ თანხის შეგროვებას“, – ამბობს მარინა ბერიძე.

მარინა ბერიძე ამბობს, რომ დაახლოებით 2600 დოლარი სჭირდება შვილის სტამბოლში ტრანსპორტირებისა და თანმხლები სამედიცინო პერსონალისთვის. იგი ახლა სწორედ ამ თანხის შესაგროვებლად სთხოვს დახმარებას საზოგადოებას. 

„ახირებული დედის როლში არ ვარ. ეს რომ არ იყოს მძიმე ოპერაცია, მე არავის არ ვთხოვ. 4 იანვრის შემდეგ კლინიკებში ვათენებ და ვაღამებ, მაგრამ ბავშვი დღითიდღე სუსტდება. დროც აღარ გვაქვს. პასპორტს ველოდებით, რომ ბილეთები შევიძინოთ და გავფრინდეთ, ბავშვის მდგომარეობა რომ კიდევ არ დამძიმდეს“, – ამბობს მარინა ბერიძე.

_____________

13 წლის გიორგი დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

TBC ბანკი:

ანგარიშის ნომერი: GE54TB7418745064300055

დანიშნულება: გიორგისთვის 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: