მთავარი,სიახლეები

თოჯინები და თიხა – როგორ აქცია ქობულეთელმა ქალმა ჰობი შემოსავლის წყაროდ

23.11.2023 •
თოჯინები და თიხა – როგორ აქცია ქობულეთელმა ქალმა ჰობი შემოსავლის წყაროდ

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი

__________________

ამ სტატიით 38 წლის ქობულეთელ მარიკა ართმელაძეს გაგაცნობთ, რომელმაც თავისი ჰობი შემოსავლის წყაროდ აქცია.

მარიკა წლებია კერამიკულ ჭურჭელზე პოლიმერული თიხისა და თოჯინებზე ტრიკოტაჟის ქსოვილის გამოყენებით, ადამიანების სურვილებსა და მოგონებებს აცოცხლებს.

„როდესაც დედა გავხდი და შვილისთვის თოჯინების შექმნა დავიწყე, მივხვდი, რომ ეს საქმე ძალიან მომწონდა და მისთვის უფრო რეალური სახე უნდა მიმეცა. თავის დროზე ჩემი შვილი გახდა ჩემი საქმის ინსპირაციის წყარო.

„როდესაც სამუშაო მაგიდასთან ვჯდები, ვკარგავ დროის შეგრძნებას და მუშაობის პროცესიც რამდენიმე დღე გრძელდება. ერთდროულად ათამდე თოჯინას ვკერავ, ვაცმევ ჩემ მიერ შეკერილ ფერად კაბებს და ვუგზავნი ადრესატებს. ეს პროცესი განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს“ – ამბობს მარიკა.

მარიკას ხელნაკეთი თოჯინა

მისი თქმით, მის მიერ შემქნილი თითოეული თოჯინა ერთმანეთისგან განსხვავებულია:

„მომხმარებლები ხშირად მიკვეთავენ პორტრეტულ თოჯინებს. ვცდილობ, დამკვეთის სურვილები რეალობად ვაქციო და ისინი ზუსტად გადმოვცე ხელნაკეთ ნივთებზე. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურთან ერთად რთული და შრომატევადია ეს საქმიანობა, დროს ამ საქმისთვის ყოველთვის ვპოულობ, თუნდაც ღამის გათენება გახდეს საჭირო“.

როგორც თავად ამბობს, შეკვეთები ახალ წელსა და დედის დღეს განსაკუთრებით იზრდება.

მარიკა 17 წლის იყო, როცა თოჯინების შექმნა დაიწყო, მაგრამ შემოსავლის წყაროდ ეს ჰობი მისთვის უფრო გვიან იქცა.

„როდესაც ჩემი ნამუშევრების ფოტოები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში პირველად განვათავსე, მივხვდი, ეს საქმე ბიზნესად უნდა მექცია. ჩემი გვერდი დღეს ძალიან აქტიურია, 150-მდე ჯგუფზეა მიბმული და შესაბამისად, ნამუშევრებს ძალიან დიდ აუდიტორიას ვაცნობ – მათ მთელ საქართველოში ვყიდი“ – გვიყვება მარიკა.

მარიკას დეკორირებული ჩაიდნები

მარიკა ართმელაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამის გამარჯვებულიც გახდა და თანადაფინანსებით შეიძინა საკერავი მანქანები, რომელთა დახმარებითაც თავის ნამუშევრებს სრულყოფილ სახეს აძლევს.

ნამუშევრების გარდა მარიკა თავის ძაღლებსაც გვაცნობს და თითოეულ მათგანზე განსაკუთრებულ ისტორიას გვიყვება.

„ჩორნა“, „რიჟიკა“, „ფუნცო“, „სუჩო“, „მასიონი“, „ზარა“, „პიზი“ … – მარიკა ამჟამად ქობულეთში ქუჩის 28 ძაღლს უვლის, საკუთარი ხარჯებით უკეთებს აცრებსა და სტერილიზაციას, ყიდულებს საკვებსა და წამლებს.

„მოიყვანენ გაძვალტყავებულ ძაღლებს და ტოვებენ ჩემს სახლთან. ყველამ იცის, სადაც ვცხოვრობ და ისიც იციან, რომ მათ მიტოვებულ ძაღლებს მოვუვლი და ვუპატრონებ. თავშესაფრებს არ ვენდობი, არ ვიცი, იქ რა ხდება. ამ მხრივ, ნამდვილად უმართავია სიტუაციაა“ – ამბობს მარიკა.

მარიკა ართმელაძე

იგი წუხს, რომ ქობულეთში არ არსებობს ვეტერინარული კლინიკა და ხშირად ტაქსით უწევს ნაავარიები ძაღლების ბათუმში გადაყვანა.

„მწერენ, მეხმიანებიან, სად რომელ ძაღლს უნდა დახმარება, იციან, რომ უარს ვერ ვამბობ. მძღოლებთანაც შეთანხმებული ვარ და იმათაც უპრობლემოდ გადაჰყავთ ბათუმის კლინიკებში. ერთხელ ქობულეთის ერთ-ერთი სოფლიდან თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარშიც გავგზავნეთ ძაღლი.

ხშირად მეუბნებიან, მოცლილი ხარ, ამდენ ადამიანს უჭირს და შენ ძაღლებთან რა გინდაო. ასეთ ადამიანებს არც ვეკამათები, რადგან აზრი არ აქვს“ – ამბობს მარიკა.

მარიკა გვიყვება, რომ ქველმოქმედებაში ჩართვა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პანდემიის დროს თავის მეგობრებთან ერთად აგროვებდა საოჯახო პროდუქტებს და ეხმარებოდა მარტოხელა მოხუცებსა თუ სოციალურად დაუცველებს. მაშინ, როცა მანქანებით მოძრაობა იკრძალებოდა, იგი ველოსიპედით კილომეტრებს ფარავდა და ისე აწვიდიდა მათ პირველადი მოხმარების ნივთებს.

მარიკას მიერ დეკორირებული ჭიქა პანდემიის თემაზე

,,ჩემ მიერ შექმნილ ფეისბუქ ჯგუფში, რომელიც 16 ათასს ადამიანს აერთიანებს, ყოველთვიურად ვაგროვებთ თანხას, ვისაც რამდენი შეუძლია, ვყიდულობთ საჭირო პროდუქტებსა და ნივთებს. მართალია, ხშირად არ გროვდება საკმარისი რაოდენობის თანხა, თუმცა, როდესაც ადამიანს ჰპირდები, რომ მცირედით მაინც დაეხმარები, აკეთებ შეუძლებელს და მათ მაინც აბედნიერებ“ – ამბობს ის.

მარიკა აქტიური ცხოვრების წესით რომ გამოირჩევა, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ თურქეთში, ანკარას უნივერსიტეტში თარჯიმნობის შემსწავლელი კურსები გაიარა და ახლა ერთ-ერთ კერძო თურქულ კომპანიაშია დასაქმებული.

მუშაობასა და საყვარელ ხელსაქმეს, ახალ პროფესიასაც უთავსებს. 38 წლის მარიკა კოლეჯ „ახალი ტალღის“ სტუდენტია და კონდიტერის პროფესიას ეუფლება. როგორც თავად ამბობს, თავისი სამომავლო გეგმები სწორედ ამ სფეროს უკავშირდება:

„არასდროს ვჩერდები ერთ ადგილას და მუდმივად ვცდილობ განვითარებას. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიმერული თიხის ტექნიკას ვფლობ და შემიძლია სხვადასხვა ფორმის გამოყვანა, გადავწყვიტე, რომ კონდიტერის მიმართულებითაც გამომეცადა ჩემი თავი. ამ მხრივ, სამომავლოდ ძალიან დიდი გეგმები მაქვს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: