სირიის სასამართლომ ყოფილი დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ ქვეყნის სამოქალაქო ომის დროს ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენაში და მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
ამავე საქმეზე სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ატეფ ნაჯიბსაც — ასადის ბიძაშვილს და სამხრეთ სირიის დერას პროვინციის პოლიტიკური უსაფრთხოების ყოფილ ხელმძღვანელს. იგი სასამართლო დარბაზში, გალიაში იმყოფებოდა, როდესაც მოსამართლემ განაჩენი წაიკითხა.
სირიის დროებითმა მთავრობამ ასადის რეჟიმთან დაკავშირებული იმ მაღალჩინოსნების გასამართლება, რომლებიც ქვეყანას 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდნენ, ამ წლის დასაწყისში დაიწყო.
ნაჯიბი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის მოხელეა, რომელიც სასამართლოს წინაშე წარსდგა.
2024 წლის დეკემბერში, სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ასადი ოჯახთან ერთად დამასკოდან მოსკოვში გაიქცა.
მან რუსეთს მას შემდეგ შეაფარა თავი, როცა სირიის მოქმედი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას ძალებმა სწრაფად აიღეს მართვის სადავეები და ასადების დინასტია დაამხეს.
სირიის ახალმა მთავრობამ ყოფილი ოფიციალური პირები და უსაფრთხოების სამსახურის მრავალი თანამშრომელი დააკავა, თუმცა ასადის რეჟიმის მაღალჩინოსნების უმეტესობა, მათ შორის თავად ასადი, რუსეთში გაიქცნენ.
სირიის სამოქალაქო ომს, რომელიც ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ძალებსა და მათ მოწინააღმდეგეთა შორის 13-ზე მეტი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ასობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა და მოსახლეობის ნახევარი დევნილი გახდა.
დასავლეთის ქვეყნები, არაბული სახელმწიფოები და თურქეთი თავდაპირველად მხარს უჭერდნენ ამბოხებულებს, ხოლო რუსეთი და ირანი — ასადის რეჟიმს.
________
ფოტოზე: ბაშარ ალ-ასადი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/LUCAS DOLEGA






