სიახლეები

„ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება“ – გაეროს სპეცმომხსენებელი წამების საკითხებში BBC-ის გამოძიებაზე

01.12.2025 •
„ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება“ – გაეროს სპეცმომხსენებელი წამების საკითხებში BBC-ის გამოძიებაზე

გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა BBC-ის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებას ეხება და დღეს გამოქვეყნდა.

„ჩემთვის პატივია მონაწილეობა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში „როცა წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“. ფილმი შეეხება 2024 წლის პროტესტს, რომელსაც ასობით ადამიანის დაშავება მოჰყვა და ბრალდებას, რომ პოლიციამ წყლის ჭავლში უცნობი ქიმიური ნივთიერება გაურია.

ნივთიერება, რომელიც სავარაუდოდ გამოიყენეს, „კამიტია“, ბრომობენზილ ციანიდი, თუმცა ხელისუფლებას დღემდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული ყველა იარაღი და აღჭურვილობა გაკონტროლდეს და და საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია, ასევე ზემოთ აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება.

„ექსპერიმენტული იარაღის ადამიანებზე გამოყენება დაუშვებელია და ყველას, ვინც საქართველოში ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის – ჩემი პატივისცემა თქვენ!!“ – წერს ელის ედვარდსი.

BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა. BBC-ის თანახმად, აღმოჩენილი მტკიცებულებები მიუთითებს ისეთი ქიმიური აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროები „კამიტს“ (camite) უწოდებდნენ.

კამიტი საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის დროს. ამის შემდეგ მისი გამოყენების შესახებ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის 1930-იან წლებში ამოიღეს მიმოქცევიდან მისი ხანგრძლივი ზემოქმედების შესახებ არსებული შეშფოთების გამო. მის ნაცვლად დაიწყო CS გაზის გამოყენება, რომელსაც ხშირად „ცრემლსადენ გაზს“ უწოდებენ.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას დაიწყებს. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ დღეს, პირველ დეკემბერს, გავრცელებულ განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: