მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ძუძუს კიბოს ყველაზე ხშირი მიზეზი ალკოჰოლის მოხმარებაა – ჯანმო

21.10.2021 • 1326
ძუძუს კიბოს ყველაზე ხშირი მიზეზი ალკოჰოლის მოხმარებაა – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, დღეში თუნდაც ერთი ჭიქა ალკოჰოლის მიღება ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. „ძუძუს კიბო ყოველწლიურად 1579 ქალს უდგინდება.“- ამბობს ჯანმო და ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში მოუწოდებს ადამიანებს  გააცნობიერონ, რომ ძუძუს კიბოს რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება ალკოჰოლის მოხმარების შემცირებით.

ძუძუს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (International Agency for Research on Cancer – IARC) შეფასებით, 2020 წელს ალკოჰოლის მოხმარება ევროპის რეგიონში ძუძუს კიბოს თითქმის 40 000 ახალი შემთხვევის მიზეზი იყო.

იმავე მონაცემების მიხედვით, ძუძუს კიბო გახდა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობა. 2020 წელს 2 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან დაახლოებით 100 000 ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება.

როგორ ავიცილოთ თავიდან  ალკოჰოლთან დაკავშირებული ძუძუს კიბოს რისკები?

ალკოჰოლი კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მიერ კლასიფიცირებულია, როგორც პირველი ჯგუფის კანცეროგენი ადამიანებისათვის. ის მიზეზობრივად არის დაკავშირებული კიბოს 7 სახეობასთან. ძუძუს კიბოს გარდა, ის ზრდის პირის ღრუს, ყელის, საყლაპავის, ღვიძლის, ხორხის, მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.

არ არსებობს ალკოჰოლის უსაფრთხო რაოდენობა. ძუძუს კიბოს რისკი იზრდება მოხმარებული ალკოჰოლის თითოეულ ერთეულთან ერთად. რეგიონში ალკოჰოლით გამოწვეული კიბოს შემთხვევების 10%-ზე მეტი წარმოიშვება ყოველდღიურად მხოლოდ 1 ბოთლი ლუდის (500 მლ) ან 2 პატარა ჭიქა ღვინის (თითოეული 100 მლ) მოხმარებით. ძუძუს კიბოს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია: რეგიონში ალკოჰოლთან დაკავშირებული ძუძუს კიბოს 4 შემთხვევიდან 1 გამოწვეულია ალჰოკოლის ამ მცირე რაოდენობით.

„მარტივად რომ ვთქვათ, ალკოჰოლი შხამია. ის ზიანს აყენებს ყველა ორგანოს,“- ამბობს ექიმი კარინა ფერერა-ბორხესი, არაგადამდებ დაავადებათა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ალკოჰოლისა და აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების პროგრამის მენეჯერი WHO-ს ევროპის რეგიონულ ოფისში.

იმისათვის, რომ შემცირდეს ალკოჰოლით გამოწვეული ზიანი, ჯანმო რეკომენდაციას უწევს შემდეგი ზომების გატარებას:

  • ალკოჰოლის ფასის ზრდა (მაგალითად, აქციზის გაზრდით)
  • ალკოჰოლის რეკლამირების აკრძალვა ან მისი შეზღუდვა ყველა ტიპის მედიასაშუალებებში
  • ალკოჰოლის ხელმისაწვდომობის შემცირება (მაგალითად, გაყიდვის საათების რეგულირებით)

ჯანმო ასევე მკაცრად ურჩევს რეგიონის ყველა ქვეყანას, ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტზე განათავსოს გაფრთხილება მისი ჯამრთელობისთვის მავნე თვისებების შესახებ, რათა მომხმარებელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს იმის შესახებ, თუ რა მოიხმაროს.

ჯანმოს ევროპული სამუშაო პროგრამა 2020-2025 (EPW) და ინიციატივა „ერთობილივი ქმედება კიბოს წინააღმდეგ“ (Action Against Cancer) მიზნად ისახავს კიბოს აღმოფხვრას, როგორც სიცოცხლისათვის საშიში დაავადების,  ევროპის რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: