მთავარი,სიახლეები

რა შანსი გაქვს სასამართლოში, როცა შენს აივანზე ავტობანი გაიყვანეს

15.10.2021 • 9253
რა შანსი გაქვს სასამართლოში, როცა შენს აივანზე ავტობანი გაიყვანეს

„შვილიშვილებიც გავასახლე უკვე, აღარ ვიტოვებ ჩემთან, იმხელა მტვერი ჩამოდის გზიდან და ხმაურია, აქ ცხოვრება ძალიან საშიშია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მერი ტაკიძე. ის სოფელ სალიბაურში ცხოვრობს და ერთ-ერთია მათ შორის, ვისი სახლის აივნებთანაც ავტობანი გადის.

გარდა იმისა, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს უკვე დაბზარულ სახლებში ცხოვრება უწევთ და ვერ ადასტურებენ, რომ ეს ზიანი ავტობანის მშენებლობისგან მიადგათ, პრობლემაა დისტანციაც – სახლები ავტობანიდან დაახლოებით 30 მეტრითაა დაშორებული.

სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ამ ადამიანების უფლებები არ ირღვევა და მათ რაიმე სახის კომპენსაცია ამ ეტაპზე არ სჭირდებათ. ამ დრომდე კანონით არ არის განსაზღვრული – რა დისტანცია უნდა იყოს ავტობანსა და საცხოვრებელ სახლებს შორის.

სალიბაურში მცხოვრებმა 15-მა ოჯახმა საპროტესტო აქცია ყურადღების მისაქცევად და პრობლემების მოსაგვარებლად რამდენჯერმე გამართა. ივლისის ბოლოს მშენებლობაც შეაჩერეს და ავტობანთან კარვები გაშალეს. 2 აგვისტოს დილით პოლიციამ სალიბაურელების კარვები დაშალა, ხოლო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას პრობლემების გარკვევას დაჰპირდა. სალიბაურელების თქმით, ამ დრომდე არაფერი გარკვეულა და ექსპერტიზის საბოლოო დასკვნებიც სახლების დაზიანებაზე არ მიუღიათ.

კარვები ბათუმის შემოვლით გზასთან, 2021 წლის აგვისტო

„არაფერი გარკვეულა. პირიქით, შვილიშვილები მეორე ბებია-ბაბუასთან წავიდნენ, რადგან მეზობლის ბავშვს ძალიან მაღალი ტყვიის შემცველობა დაუდგინდა, სულ წამლები სჭირდება, ჩვენც შევშინდით… აქ მხოლოდ მე და ჩემი ქმარი ვცხოვრობთ. მანქანები რომ მასალას ყრიან, იმხელა მტვერია, ვეღარ ვხედავთ ერთმანეთს.

წვიმა თუ გვიშველის ისევ, ისაა, მეტი არავინ, გაწვიმდება და მტვერი აღარაა, მერე ისევ მოდიან მანქანები. დღეს შეჩერებულია მუშაობა, რა ხდება, არ ვიცი, პოლიცია დგას მხოლოდ და ესაა. ჩვენ რომ არ მივიდეთ, ეტყობა, მაგას მწყესავენ,“ – გვიყვება მერი ტაკიძე.

ადამიანებს, რომლებსაც შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ექსპროპრიაცია არ შეხებიათ, სასამართლოსთვის არ მიუმართავთ. ისინი გასახლებას ითხოვენ ან ზიანის ანაზღაურებას, რაზეც სახელმწიფო უარს ამბობს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა შანსი ექნებათ ამ ადამიანებს, თუკი გაუარესებული საცხოვრებლის გამო, ამ შემთხვევაში სახელმწიფოსგან თავის დასაცავად, სასამართლოს მიმართავენ?

„მათ დავას აქვს შანსი, თუმცა მესაკუთრეებმა უნდა შექმნან მტკიცებულებები, რაც ძალიან რთულია,“ – ამბობს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე. მისი აზრით, მთავარი ექსპერტიზის დასკვნაა, სადაც უნდა შეფასდეს,  რამდენად გაუაფასურდა, მაგალითად, სალიბაურში მცხოვრები ადამიანების ქონება მას აქეთ, როცა იქ ავტობანი გაიყვანეს.

„შესაძლოა, დადგინდეს, რა იყო საბაზრო ფასი მანამდე და ახლა რა არის. ასევე შესაძლოა მტკიცებულებების შექმნა რამდენად გაუარესდა საცხოვრებელი გარემო მტვრის, ჰაერის დაბინძურების ან ხმაურის კუთხით. თუ ეს დადასტურდება, შესაძლებელია, მოქალაქეებმა ზიანის ანაზღაურება მოსთხოვონ სახელმწიფოს, რომელიც ამ შემთხვევაში არ დგას მოქალაქეების მხარეს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ იურისტმა მირზა მამულაძემ.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს ორ გარემოებაზე: პირველი არის ხელისუფლების ვალდებულება, რომელსაც ამ დრომდე საკანონმდელო დონეზე არ განუსაზღვრავს, რა მანძილი უნდა არსებობდეს საცხოვრებელ სახლსა და ავტობანს შორის, ხოლო მეორეა ის, რომ მსგავსი სიტუაციებისთვის დასავლურ გამოცდილებას კი არ ვიზიარებთ, არამედ ე.წ. რუსული სნიპები გვაქვს, რაც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

„ავტობანსა და საცხოვრებელ სახლებს შორის სავალდებულო დისტანცია ნორმატიულად დადგენილი არ არის,“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი ოფიციალურად იმის მიუხედავად, რომ სალიბაურის საპროტესტო აქციების დროს „ბათუმელებთან“ დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მიხეილ უჯმაჯურიძემ თქვა, რომ დისტანცია უნდა იყოს 25 მეტრი და მოქალაქეების პრეტენზია დისტანციის დარღვევაზე უსაფუძვლოა.

გზების დეპარტამენტის ოფიციალური განმარტებით, მათ იხელმძღვანელეს СНиП 2.07.01-89-ით, რომლის მიხედვითაც მანძილი ძირითადი სავალი ნაწილის კიდედან საცხოვრებელი განაშენიანების რეგულირების ხაზამდე უნდა იყოს არანაკლებ 50 მეტრი, ხოლო ხმისდამცავი ნაგებობების მოწყობის შემთხვევაში – არანაკლებ 25 მეტრი.

თქვენც მიაქცევდით ყურადღებას, რომ ე.წ. სნიპ-ით, ანუ რუსულენოვანი ტექნიკური რეგლამენტით, განსაზღვრულია მხოლოდ მანძილი ავტობანსა და საცხოვრებელ ზონამდე და არა კონკრეტულად სახლებამდე.

„აუცილებელია მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის დროს ნორმატიულად იყოს განსაზღვრული სავალდებულო მანძილი ავტობანსა და საცხოვრებელ სახლს შორის… ეს არის პარლამენტის პოლიტიკური პასუხისმგებლობა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე.

გზების დეპარტამენტში კი განმარტავენ, რომ პრობლემებს ამჩნევენ სახელმწიფო უწყებაშიც, მაგრამ ეს პრობლემები მოგვარებადია. მეტიც, დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ „აღნიშნული შეწუხება არის დროებითი, უმნიშვნელო და მართვადი“.

„ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საავტომობილო გზის მშენებლობით შეწუხებასთან (მტვერი, ემისიები, ხმაური) დაკავშირებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედება არის გარდაუვალი. თუმცა აღნიშნული შეწუხება კარგი სამშენებლო პრაქტიკის გამოყენების გამო არის დროებითი, უმნიშვნელო და მართვადი. ხოლო შემარბილებელ ღონისძიებებად შემოთავაზებულია: მტვრის კონტროლი წყლით მორწყვის საშუალებით, აგრეთვე სიჩქარის შეზღუდვით და ხმაურის კონტროლი – საყუჩების დამონტაჟებით აღჭურვილობაზე, მუშაობა დღის საათებში, რისი განხორციელების მონიტორინგიც მინდინარეობს რეგულარულად სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს,“ – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

„რა უნდა მოაწყონ ისეთი, რომ აქ ხმაური აღარ იყოს და მტვერი?“ – გზების დეპარტამენტის დაპირებების აღარ სჯერათ სალიბაურელებს და არც იმას გამორიცხავენ, რომ ისევ აქციები მოაწყონ.

ბათუმის შემოვლითი გზა, სალიბაურის მონაკვეთი

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დრომდე ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 2016 წლიდან დღემდე განსახლებას დაექვემდებარა 1451 უძრავი ქონება, მათ შორის 425 საცხოვრებელი სახლი.

ამ თემაზე:

ცხოვრება მაგისტრალის ქვეშ – როგორ უნგრევენ ადამიანებს საცხოვრებელ გარემოს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: