„6 მაისს, 18 საათზე შევიკრიბებით უნივერსიტეტის კიბეებთან და მდუმარე მარშით დავიძვრებით გმირთა მოედნისკენ, ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნის პატივსაცემად.“ – წერენ „მარტიანელები“.
სტუდენტები ხვალინდელი მსვლელობის შემდეგ პასკისა და ტკბილეულის დარიგებასაც გეგმავენ, „მათთვის ვისაც სჭირდება.“
„ხვალ ვისაც შესაძლებლობა გვაქვს წამოვიღოთ პასკა, კვერცხი, ტკბილეული და დავურიგოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ ვისაც სჭირდება.“ – წერენ საორგანიზაციო ჯგუფში.
აქცია მსვლელობა სტუდენტებს გუშინ, 4 მაისსაც ჰქონდათ. ისინი ჯერ ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად წმინდა ბარბარეს ეკლესიაში გადავიდნენ, აქედან კი საკათედრო ტაძარში გადაინაცვლეს.
ანტირუსული აქციის მონაწილეები აღდგომას ერთად შეხვდნენ თბილისშიც. ისინი ქაშვეთთან შეიკრიბნენ.
ხალხის რაოდენობის გამო გადაიკეტა რუსთაველის გამზირი. ადგილზე საინიციატივო ჯგუფები და მოქალაქეები არიგებდნენ წითლად შეღებილ კვერცხებს, პასკებს და სანთლებს.
მსგავსი სააღდგომო აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდსა და ქუთაისში.


