მთავარი,სიახლეები

ეზოში შემოსასვლელი მანქანებით იკეტება, ამიტომ ყოველდღე გვიწევს ჩხუბი- მოქალაქე მერიას და პოლიციას

05.05.2024
ეზოში შემოსასვლელი მანქანებით იკეტება, ამიტომ ყოველდღე გვიწევს ჩხუბი- მოქალაქე მერიას და პოლიციას

მოქალაქემ ბათუმის მერიას და საპატრულო პოლიციას მისწერა, რომ ვალენბერგის #4-ში, მრავალბინიანი კორპუსის ეზოში შესვლა წესების დარღვევის გარეშე შეუძლებელია. მოქალაქის წერილის მიხედვით შესასვლელები კონკრეტულ საათებში სრულად იკეტება, რადგან ახლოს მეჩეთია, სადაც მოქალაქეები სალოცავად ავტომანქანებით მიდიან და იქვე აჩერებენ. ამ პერიოდს ემთხვევა რიგი მოქალაქეების სამსახურიდან დაბრუნებისა და მეორე ცვლაში წამსვლელთა გადაადგილებაც, რაც 85 ბინიან კორპუსს სრულად უკეტავს კორპუსში შესვლის შესაძლებლობას.

მოქალაქე მერიას, ისევე როგორც საპატრულო პოლიციას ატყობინებს, რომ აქ პიკის საათებში შეუძლებელი იქნება როგორც სასწრაფოს, ასევე სახანძრო მანქანის შეყვანა.

„ყოველდღე გვიწევს ჩხუბი. გვესმის გამაყრუებელი სიგნალები გზის ჩაკეტვის გამო“ – წერს გოჩა თურმანიძე და იქვე მიუთითებს, რომ იმავე კორპუსშია განთავსებული პოლიციის მესამე განყოფილებაც.

ამონარიდი მოქალაქის წერილიდან

2014 წლის 4 აპრილს ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა გოჩა ხურციამ ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს ოფიციალურად აცნობა, რომ  საკითხი შეისწავლა და მიზანშეწონილად მიიჩნია ვალენბერგისა და ამირეჯიბის ქუჩებზე დაუშვას ცალმხრივი მოძრაობა  და ამ ქუჩებზე შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსება.

საპატრულოს უფროსმა მერს რეკომენდაცია მისცა ასევე, რომ  ამ ქუჩებზე მხოლოდ ერთ მხარეს დაუშვას პარკირება.

ბათუმის მერიამ შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოს გადაუგზავნა დასამტკიცებლად, სადაც ვკითხულობთ:

„ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობების თავიდან აცილების მიზნით დაიგეგმოს ცალმხრივი მოძრაობა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის რაულ ვალენბერგისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩებზე.“

საკრებულომ განკარგულება დაამტკიცა 30 აპრილს და მერიას 15 დღიანი ვადა აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

მონიშნულია ქუჩები, რომლის გაცალმხრივებაც მერიამ უსაფრთხოების მიზნით გადაწყვიტა

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: