მთავარი,სიახლეები

ცარიელი სკამი ზვიად რატიანისთვის თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე

18.09.2025
ცარიელი სკამი ზვიად რატიანისთვის თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე

თბილისის მეათე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე წელს, საქართველოში პირველად, გამოჩნდება ცარიელი სკამი მწერლისთვის, რომელიც ვერ ესწრება ღონისძიებას.

წელს ეს სკამი ზვიად რატიანის იქნება, პოეტისა და მთარგმნელის, რომელიც ახლა სინდისის პატიმარია.

ლიტერატურული ფესტივალი ფეისბუქზე, ღონისძიების გვერდზე განმარტავს, რომ ეს PEN International-ის [საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მწერლებს] ტრადიციაა:

„1980-ან წლებში PEN International-მა დააფუძნა „ცარიელი სკამის“ ტრადიცია. ცარიელი სკამი სიმბოლურად განასახიერებს მწერალს, რომელიც ვერ ესწრება ღონისძიებას, რადგან ციხეშია, იდევნება ან მუქარის გამო იძულებულია, დაიმალოს.

სამწუხაროდ, ხშირად ცარიელი სკამი გატაცებული ან მოკლული მწერლებისთვის არის განკუთვნილი. გარდა იმისა, რომ ეს ტრადიცია საფრთხეში მყოფი კონკრეტული ადამიანებისადმი სოლიდარობის გამოხატულებაა, ის მწერლისა თუ ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებული ცენზურის, შევიწროებისა და სხვადასხვა სახის ძალადობის ზოგადი შეხსენებაც არის, რათა არ დაგვავიწყდეს, თუ რასთან გამკლავება უწევთ ადამიანებს ქვეყნებში, სადაც თავისუფალი სიტყვა იზღუდება.

წელს პენ-საქართველო პირველად უერთდება ამ ტრადიციას“.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 19-23 სექტემბერს გაიმართება. წელს ფესტივალის თემაა – „კალამი დუმილის წინააღმდეგ“.

ფესტივალი 19 სექტემბერს გაიხსნება სასტუმრო „სტამბაში“, შაბათ-კვირას კი ფესტივალი „გოეთეს ინსტიტუტში“ გაიმართება.

ფესტივალი დასრულდება 23 სექტემბერს, მწერლისა და ლიტერატურათმცოდნის, ჟურნალ „არილის“ რედაქტორის, მალხაზ ხარბედიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოთი.

ფესტივალის სრული პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ აქ. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: