მთავარი,სიახლეები • • •

„არც სააკაშვილს არ აბრალებთ ომის დაწყებას ხომ?!“ – ენმ-ის კითხვები და „ქართული ოცნების” პასუხი

25.11.2026
„არც სააკაშვილს არ აბრალებთ ომის დაწყებას ხომ?!“ – ენმ-ის კითხვები და „ქართული ოცნების” პასუხი

2026 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვის სხდომაზე ენმ-ის წარმომადგენელმა ანი წითლიძემ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ათამდე შეკითხვა დასვა.

ანი წითლიძე დაინტერესდა, ხედავდა თუ არა „ქართული ოცნება“ აგვისტოს ომის დაწყებაში მაშინდელი ხელისუფლების ბრალეულობას.

„ერთხელ და სამუდამოდ, ამ საკითხზე უნდა დამთავრდეს სპეკულირება, რომ თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას. ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ამას ვამბობთ ხაზგასმით. რაც შეეხება რეზოლუციის მხარდაჭერას თუ არაერთ იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელსაც შემდეგ ოკუპანტი ქვეყანა იყენებდა და იყენებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ეს არის ფაქტები, რომელიც შექმნეს ამ ძალის წარმომადგენლებმა“, – ასე უპასუხა არჩილ გორდულაძემ ანი წითლიძეს.

არჩილ გორდულაძემ არ უპასუხა კითხვას, პრეზიდენტ სააკაშვილს (2004-2013) აბრალებს თუ არა „ოცნება“ ომის დაწყებას.

„ეს შეკითხვა არ შეეხება მიმდინარე სარჩელს და გთხოვთ, მოიხსნას“, – მიმართა სასამართლოს გორდულაძემ, რაც პლენუმის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გაითვალისწინა.

მოსამართლე ევა გოცირიძემ თავის მხრივ თქვა, რომ „სამართლებრივად არ აყენებენ ამ საკითხს“.

ანი წითლიძემ პროცესზე ასევე დასვა კითხვა, იმის შესახებ, 2008 წლის 6 აგვისტოს, იყო თუ არა მსხვერპლი ქართულ მხარეს. ანი წითლიძეს სურდა სასამართლოში ეჩვენებინა ვიდეო, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოსვლა 2012 წლის 8 აგვისტოს, როცა პუტინმა აღიარა, რომ რუსეთმა საქართველოში შემოჭრა ჯერ კიდევ 2006 წელს დაგეგმა.

ანი წითლიძეს ამ ვიდეოს ჩვენების უფლება სასამართლომ არ მისცა.

რა კითხვები დაისვა 24 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმის განხილვის სხდომაზე და რა პასუხები გასცეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ამის შესახებ გთავაზობთ ვიდეოფრაგმენტებს სასამართლო პროცესიდან.

„სარჩელში განვითარებულია მსჯელობა, ენმ-ს ერაცხება, რომ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პერსპექტივა დაარღვიაო.

რა არის ეს „ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პერსპექტივა“? რაიმე დოკუმენტია? სახელმწიფო პოლიტიკა არსებობს?“ – ჰკითხა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა „ოცნების“ წარმომადგენელს, არჩილ გორდულაძეს.

„მხარე რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ საქართველოს 2004-2012 წლებში საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პერსპექტივა ჰქონდა, ეს საერთოდ წარმოუდგენელია. სახელმწიფოს ჰქონდა და აქვს ვალდებულება, კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანად. ახლა მხარე კითხულობს ამასთან დაკავშირებით რაიმე დოკუმენტი არსებობს თუ არაო“, – უპასუხა მას არჩილ გორდულაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლო სხდომები 30 ნოემბრამდე გადაიდო.

სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, მოსამართლე გიორგი მოდებაძეს მამა გარდაეცვალა და ამ მიზეზით სხდომების ჩატარება გადაიდო.

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: