მთავარი,სიახლეები

რა ღირს გომისმთასა და ბახმაროში დასვენება – მგზავრობა, კოტეჯი, კვება

08.07.2021 • 9566
რა ღირს გომისმთასა და ბახმაროში დასვენება – მგზავრობა, კოტეჯი, კვება

გომისმთაზე მასპინძლები უკვე დაბრუნდნენ, კოტეჯების ფანჯრები შეაღეს, დასასუფთავებელი დაასუფთავეს და შესაკეთებელი შეაკეთეს, ხელი შეავლეს ყველაფერს, რომ დამსვენებელს მომზადებულები დახვდნენ.

მასპინძლების თქმით, ტურისტები გამოჩნდნენ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი კოტეჯია თავისუფალი. სეზონი გომისმთაზე  აქტიურად ახლა იწყება.

კოტეჯები 2-3 საძინებელს, მისაღებ ოთახს, სამზარეულოს და სველ წერტილებს მოიცავს, არის სამსაძინებლიანი სახლებიც, თუმცა ფართობი არ გულისხმობს, რომ სახლის დაქირავების შემთხვევაში დამსვენებელთა რაოდენობა ლიმიტირებული არ იქნება.

გომის მთაზე ოთახის დღიურად დაქირავების ფასი ერთ ადამიანზე 20-30 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ კოტეჯს ოჯახი ხანგრძლივად ქირაობს, ოთხ ადამიანზე დღიური ფასი 150 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს. ზოგჯერ ღირებულება იმაზეცაა დამოკიდებული, რამდენად დიდ და კომფორტულ გარემოს ახვედრებს მასპინძელი დამსვენებელს.

ფიქრია ხოროზანიშვილი გომის მთაზე ორსართულიან სახლს აქირავებს:

„კოტეჯი არ არის, სახლია. შესაბამისად, საძინებლებიც დიდია – 20 კვ.მ-ია ერთი საძინებელი. არის ცხელი წყალი, გაზი, ჭურჭელი და თეთრეული“. ამ კოტეჯის ფასი 4 დამსვენებლის შემთხვევაში დღიურად 150 ლარია, ხოლო 4-ზე მეტის შემთხვევაში – 200 ლარი ან მეტი [დამსვენებლების რაოდენობის მიხედვით].

თითქმის იდენტური პირობებით აქირავებს ორსართულიან სახლს ნონა გოგმაჩაძე. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ საძინებლები იზოლირებული არ არის და მეორე საძინებელში გასასვლელად საძინებლის გავლა გიწევს. „ასევე მაქვს ძალიან დიდი ეზო, ლამაზი ხედებით.“

ნონას თქმით ერთი დღით ჯგუფის მიერ კოტეჯის დაქირავების შემთხვევაში ფასი ერთ ადამიანზე 20 ლარია, ხოლო ოჯახი თუ იქირავებს,  ათი დღით ფასი 300 ლარია ივლისში, აგვისტოში კი – 500 ლარი.  ეს ფასი მოქმედებს 4-5-წევრიანი ოჯახის შემთხვევაში.

„ათი თუ შევა, 300 ლარად ვერ მივცემ, რადგან იზრდება წყლის, ელექტროენერგიის მოხმარება, რასაც ჩვენ ვიხდით“, – ამბობს ნონა.

გომისმთა

ფასები თითქმის იდენტურია ბახმაროში. 1 ღამით კოტეჯის დაქირავება, სადაც ორი საძინებელი, ცხელი წყალი, სამზარეულო, მისაღები ოთახი და სველი წერტილი და ასევე, სარეცხი მანქანა დაგხვდებათ, 1-3 ადამიანზე 150 ლარია. ბახმაროში იმავე პირობების დაქირავება ორჯერადი კვებით ერთ ადამიანზე 40 დოლარი დაგიჯდებათ.

მზია აფრასიძის თქმით, წელს ბახმაროს კოტეჯებზე მოთხოვნა მაღალია: „უკვე ორჯერ მქონდა გაქირავებული. ბოლოს 2 ღამით 400 ლარად მქონდა გაქირავებული 4 ადამიანზე. 21-22 დღით 2000 ლარად ვაქირავებ“.

გომისმთისგან განსხვავებით ბახმაროში ავტოტრანსპორტი ყოველდღე მოძრაობს, არის ბაზარი და მაღაზიებიც. ბათუმიდან ბახმაროში სამარშრუტო ტაქსის ფასი 20 ლარია, თბილისიდან კი – 35 ლარი.

ბახმარო

  • ინფრასტრუქტურა – გზა, გადაადგილება ფასები

გომისმთაზე მასპინძლები ჩივიან, რომ „წელს დამსვენებელი ჭირს“, ამის ერთ-ერთ მიზეზად კი გადაადგილების პრობლემას ასახელებენ. გომისმთაზე ასვლა ორი გზით შეიძლება – ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან და შუახევიდან.

ოზურგეთიდან მიმავალ გზაზე ახლა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ამ გზაზე გადაადგილება დამსვენებლისთვის მხოლოდ შაბათ-კვირას არის შესაძლებელი.

„წლის განმავლობაში ერთი თვეა, როცა ჩვენთან დამსვენებელი ამოდის, არ შეიძლებოდა მთავრობას ეს არ  გაეთვალისწინებინა, რომ რაღაც შემოსავალი ჩვენც მიგვეღო?! 25 დღე მაინც გაჩერებულიყვნენ“, – ამბობს ფიქრია.

დედაქალაქიდან გომისმთამდე მანძილი 340 კმ-ია, ოზურგეთის ცენტრიდან კი – 33 კმ.  ოზურგეთიდან გომის მთის მიმართულებით კერძო ტრანსპორტი მხოლოდ შაბათ-კვირას მოძრაობს და ღირებულება 250 ლარია, ამ ფასად მძღოლს გომისმთაზე მიჰყავს ოჯახი და მიაქვს ტვირთიც, რომელიც დამსვენებელს სჭირდება.

შუახევიდან კი ფასი 300 ლარია. ეს გზა არ არის მოასფალტებული, თუმცა როგორც მძღოლები ამბობენ „ნორმალური გზაა“.

  • სამედიცინო პუნქტი

გომისმთაზე ამბობენ, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა სამედიცინო პუნქტის ამოქმედება იმ ერთ თვეს მაინც , როცა კურორტზე დამსვენებელია. ამბობენ, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში აქ ექიმი მხოლოდ ერთ სეზონზე მუშაობდა: „ ვერ მისცეს ალბათ ექიმს ისეთი ხელფასი, რომ 1 თვე მაინც აქ სპეციალისტმა იმუშაოს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენც მშვიდად ვართ და დამსვენებლისთვისაც იმედია.“

ბახმაროში კი სამედიცინო პუნქტი მოქმედია.

მზის ჩასვლა ბახმაროს მთაზე

  • მაღაზიები

გომისმთაზე ორი მაღაზია მოქმედებს, აქ მხოლოდ ძირითადი პროდუქტი იყიდება, არის ტკბილეული, სასმელები და ნაყინიც, თუმცა ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირია. დასასვენებლად ჩამოსული ოჯახები აქ თავიანთი პროდუქტით ადიან.

 

ნისლი გომისმთაზე დღეში რამდენჯერმე შეიძლება ჩამოწვეს, ან სულაც მთელი დღე ნისლიანი იყოს. ამ დროს ზოგ ქოხში ღუმელს ანთებენ

  • პრობლემები დამსვენებელთან 

„დამსვენებლის დატოვებული სახლის დასუფთავებას 3 დღე სჭირდება“ – გვიყვება ფიქრია ხოროზანიშვილი. ის ამბობს, რომ ბედნიერია თუ დამსვენებელი უცხოელია, რადგან არც სახლში და არც ეზოში უცხოელები არც ნაგავს ახვედრებენ და არც დამტვრეულ ნივთებს. ფიქრია ძალიან სწუხს, რომ დამსვენებელი არ უფრთხილდება გარემოს, რომელსაც ქირაობს:

„რადგან ქირაობენ, ჰგონიათ, რომ თავზე უნდა დაიმხონ ყველაფერი. მხოლოდ ეზოს ნახევარ დღეს ვანდომებ, საზამთროს კანის ჩათვლით ყველაფერს ეზოში ტოვებენ.

ვერ წარმოიდგენთ რა მდგომარეობაში ტოვებენ სახლებს. ხანძარიც კი გააჩინეს ერთხელ კოტეჯში უყურადღებობის გამო. ამიტომ ვცდილობ ყოველთვის ახლოს კოტეჯში დავრჩე მე და მეთვალყურეობა გავუწიო. გვქონდა შემთხვევა, როცა დამსვენებლები მარშრუტკით ჩამოვიდნენ, აქვე ახლო კოტეჯში გაჩერდნენ ერთი ღამით, მეორე დღეს დილით წასულან ისე, რომ მესაკუთრეს არაფერი უთხრეს, ადგილზე რაც მოეწონათ, ყველაფერი წაიღეს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: