მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

წიგნებს შეუძლია ბავშვების გადარჩენა – დაეხმარე „მოგზაურ ბიბლიოთეკას“

03.07.2021 • 2155
წიგნებს შეუძლია ბავშვების გადარჩენა – დაეხმარე „მოგზაურ ბიბლიოთეკას“

დავიბადე სოფელ დიდაჭარაში და მესამე კლასამდე ადგილობრივ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ბაღში არასდროს მივლია. ჩემი პირველი წიგნები სკოლის სახელმძღვანელოები იყო. არ მახსენდება ჩემთვის ზღაპრები წაეკითხათ. ზღაპრის წიგნებიც არ გვქონდა.

გამუდმებით გავრბოდი სახლიდან – გავიპარებოდი და თვალის დახამხამებაში, სოფლის მეორე ბოლოში აღმოვჩნდებოდი ხოლმე. არ მიყვარდა სახლში ყოფნა. მეტიც – მძულდა! ჩემი გაპარვის ამბავი რომ მალე ვერ გაეგოთ, ფეხსაცმელს კართან ვტოვებდი ხოლმე, აქაოდა შინ ვარ-მეთქი და ფეხშიშველი მივდიოდი. სკოლაში სიარული რომ დავიწყე ეს იყო ერთი დღესასწაული.

რომ გითხრათ, წიგნების არქონა ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა იყო-მეთქი – მოგატყუებთ. მაგრამ მჯერა, მაშინაც კი წიგნებს შეეძლო ჩემი გადარჩენა. შეეძლო ძალადობის, გულგრილობისა და უსამართლობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების გადარჩენა, იმ ჩაკეტილი წრის გარღვევა, რომელზეც წლებია ვტრიალებთ.

PISA-ს კვლევის თანახმად, სოფლად მცხოვრები ბავშვები 44 ქულით ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს ქალაქებში. ეს სკოლაში სწავლის დაახლოებით 1,5 წელს უთანაბრდება. ჩვენ ვაპირებთ ეს სურათი შევცვალოთ აჭარაში.

ვისაც შეგიძლიათ და გსურთ, მხარი დაგვიჭირეთ ამ საქმეში: გადმოგვირიცხეთ 1 წიგნის თანხა ან სულაც 1 ლარი, რომ შევცვალოთ უთანასწორობა – სოფლად მცხოვრებ ბავშვებს აქვთ წიგნის წაკითხვის უფლება. გადმორიცხე:https://orbelianimeti.ge/…/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%92…

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, ბავშვების 44%-ს საქართველოში 3 საბავშვო წიგნიც კი არ აქვს.

არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც მე-3 კლასში, სოფლის სკოლის შემდეგ, ქალაქის სკოლის საკლასო ოთახში აღმოვჩნდი. ყველაფერი მაოცებდა. გაფართოებული თვალებით ვაკვირდებოდი სხვა ბავშვებს, თან ვემზადებოდი, რომ თავი გამომეჩინა, მე ხომ ფრიადოსანი მოსწავლე ვიყავი. გეგმაც ეს იყო – ყველა დაინახავდა, რა ჭკვიანი ვარ და ყველას მოუნდებოდა ჩემთან მეგობრობა.

სამწუხაროდ, კოვზი ნაცარში ჩამივარდა, როდესაც უცხო ენის მასწავლებელი შემოვიდა და ბავშვებმა ჩემთვის გაუგებარ ენაზე დაიწყეს საუბარი. ერთმანეთს არ აცლიდნენ მასწავლებლის მიერ ნათქვამი ქართული სიტყვების თარგმნას. შემდეგ ერთმა ლექსიც წაიკითხა და ბოლოს თქვა – „ეს ბაღში ვისწავლე“. შემძულდა ის საგანი. მძულდა ყველა წუთი, რომელსაც იმ გაკვეთილზე ვატარებდი. მძულდა, როცა იძულებული ვიყავი რამე მეთქვა, რადგან ყველას ეცინებოდა ჩემს გამოთქმაზე.

უთანასწორო გარემო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მომავალს იპარავს.

ერთადერთი გზა ამის შესაცვლელად, განათლებაა, კითხვა, წიგნები. სწორედ ამიტომ შეიქმნა „მოგზაური ბიბლიოთეკა“, რომელიც აჭარის მაღალმთიან სოფლებში იმოგზაურებს და ბავშვებსა და მოზარდებს ახალ წიგნებს ჩაუტანს.

სოფლებში, სადაც ხშირად ბაღი, კინო, წიგნის მაღაზია, ინტერნეტი და არაფორმალური განათლების მრავალფეროვან შესაძლებლობებზე წვდომა უბრალოდ არ არსებობს, ბავშვებსა და მოზარდებს არ აქვთ შანსი საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.

წიგნები და კითხვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა იმ უნარების შესაძენად, რაც მათ განვითარებისათვის კრიტიკულად სჭირდებათ, მაგრამ მაღალმთიანი აჭარის მხოლოდ რამდენიმე სოფელშია ბიბლიოთეკა და ამ ბიბლიოთეკების რესურსი მოძველებული და მწირია.

იქ კი, სადაც სასოფლო ბიბლიოთეკები არაა, სკოლამდელი ასაკის ბავშვების ოჯახებში საბავშვო ლიტერატურა, რაც ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი და ამავდროულად საკმაოდ ძვირია, თითქმის ვერ აღწევს. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა იმ სოფლებში, სადაც საბავშვო ბაღები არ არის.

წარმოიდგინეთ, რამდენჯერ ანახლებთ თქვენი ტელეფონის პროგრამებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტელეფონი ვერ ჰყვება განახლებულ, გაზრდილ და შეცვლილი ინფორმაციას, ჭედავს და უსარგებლო ხდება. სწორედ ასე, კრიტიკულად აუცილებელია შევქმნათ და განვაახლოთ ბიბლიოთეკები სოფლებში – ამ სივრცეებმა უნდა მოახერხოს იმ უთანასწორობის აღმოფხვრა, რაც დღეს არსებობს სოფლად და ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის.

გვინდა ბავშვებს შანსი მივცეთ უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად. ეს არის „მოგზაური ბიბლიოთეკის“ ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების მიზანი. ახლა შენ გვჭირდები.

დაგვეხმარეთ, რომ წიგნებით, განათლებით დავძლიოთ უთანასწორობა.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: