მთავარი,სიახლეები

თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია ორშაბათს, 10 საათზე დაიწყება – „ეს გადამწყვეტი დღეა“

11.04.2024
თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია ორშაბათს, 10 საათზე დაიწყება – „ეს გადამწყვეტი დღეა“

15 აპრილს, ორშაბათს, „ქართული ოცნება“ აპირებს უკან დაბრუნებული რუსული კანონი საკომიტეტო მოსმენაზე გაიტანოს.

იურიდიულ კომიტეტზე განხილვის და დამტკიცების შემდგომ, არსებობს იმის რისკის, რომ „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, რუსული კანონი გაიტანოს პლენარულ სხდომაზე და პირველი მოსმენით მიიღოს.

საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში დილის ათ საათზეა დაგეგმილი.

15 აპრილს, დილიდან, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას იწყებენ პარლამენტთან.

„ეს არის გადამწყვეტი დღე. თუ კანონპროექტი კომიტეტს გაივლის, გაწვევა შეუძლებელი გახდება.

ჩვენი უმთავრესი მიზანია, რუსული კანონი ვერ გასცდეს იურიდიულ კომიტეტს და არ გავიდეს პირველ მოსმენაზე, რადგან კანონის ინიციატორს კანონპროექტის გამოთხოვა შეუძლია მხოლოდ პირველ მოსმენამდე.

თუ რუსული კანონი იურიდიულ კომიტეტს გასცდა, ერთადერთი შანსი კანონის პლენარულ სხდომაზე ჩაგდებაა, რაც მკვეთრად ართულებს მდგომარეობას.

არ გავატანინოთ ქართულ ოცნებას რუსული კანონი პირველ მოსმენაზე.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს რუსული კანონი.

ყველა პარლამენტთან!“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამოქალაქო ორგანიზაციები ავრცელებენ.

15 აპრილს აქციას აანონსებენ ბათუმშიც. ბათუმელი სტუდენტების ჯგუფი 15 აპრილს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აპირებს აქციის გამართვას.

ამავე თემაზე: „ამ გზას თაობები სიცოცხლის ფასად იცავდნენ – არა რუსეთს! კი ევროპას!“ – სტუდენტების აქცია ბათუმში

______

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: