მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ ამოვიცნოთ მზის ალერგია? – ექიმის რჩევები

02.07.2021 • 11981
როგორ ამოვიცნოთ მზის ალერგია? – ექიმის რჩევები

ექიმები გვირჩევენ, რომ შუადღის მზის პირდაპირ სხივებს სჯობს მაქსიმალურად მოვერიდოთ. არიან ადამიანები, რომლებსაც მზის გამო ალერგიული რეაქციაც კი უვითარდებათ. ექიმი დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ ასეთ ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ზაფხულში.

  • ქალბატონო თათია, რა არის მზის ალერგია?

წყარო: mayoclinic

მზის ალერგია გახლავთ იმუნური სისტემის რეაქცია მზის სინათლეზე. მზეზე ყოფნისას, გარუჯვის შემდეგ, იმუნური სისტემა აქტიურდება და იწყება ე.წ.  იმუნური ანტისხეულების აქტივირება, რაც  გამოიხატება კანის შეწითლებით, იმავე ჰიპერემიით. შეიძლება იყოს შესივება, აგრეთვე კანის ზედაპირზე იყოს ნახეთქები, სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნა, ან შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიის სხვა ჩივილები, როგორიცაა: ურტიკარია ანუ ჭინჭრის ციება.

ურტიკარია მზის ალერგიის ყველაზე მძიმე ფორმაა – პაციენტს მზეზე გასვლისას მომენტალურად შეიძლება დაეწყოს სიმხურვალე, ანთებითი, ჰიპერემიული გამონაყარი. ამის ყველაზე ცუდი გამოსავალი შესაძლოა იყოს ანაფილაქსიური შოკი. ასეთ დროს აუცილებელია ადამიანი სასწრაფოდ მოშორდეს მზეს და მიმართოს ექიმს.

  • როგორ განვასხვაოთ მზის ალერგია მზისგან დამწვრობისგან?

ალერგია შეიძლება დაიწყოს მზეზე გასვლიდან მომენტალურად, 24 საათის, ან 2-3 დღის შემდეგ, ხოლო მზით დამწვრობის შემთხვევაში, როცა მოხდება აქტიურად მზეზე ინსოლაცია, გარუჯვა, საღამოსვე უკვე გაქვს ანთებითი რეაქცია კანზე,  სიმხურვალის შეგრძნება, დამწვრობა. ამით განსხვავდება მზის ალერგია მზით დამწვრობისგან.

შესაძლოა დამწვრობის დროს სხვა სიმპტომებიც შეგვხვდეს – გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა,  სისუსტე, რაც ახლავს მზის დაკვრას, ანუ მზეზე დამწვრობის მდგომარეობას და ამ დროს აუცილებელია სპეციალისტის ჩართულობა.

  • მზის ალერგია თვალებზეც ვლინდება?

მზის ალერგიის დროს შესაძლებელია განვითარდეს სიწითლე თვალებში, ანუ ხდება თეთრი სკლერებისჩასისხლიანება“. მზის ალერგიისას დამახასიათებელია ცრემლდენა და ქავილი თვალბუდის არეებში. ქავილი შეიძლება იყოს, როგორც გარედან კანზე, ანუ თვალბუდის ზედაპირზე, ასევე ლორწოვან გარსზე. ამ დროს აუცილებელია დამამშვიდებელი წვეთების გამოყენება.

როგორც წესი, ჯერ კანზე ვლინდება მზის ალერგია და შემდეგ გადადის თვალებზე.

  • თავისით გადადის მზიას ალერგია? და რამდენ ხანში?

ეს ინდივიდუალურია. მსუბუქი ფორმა შესაძლოა თავისითაც გადავიდეს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამ მდგომარეობას ახასიათებს პოლიმორფული გამონაყარი, შეიძლება იყოს ჰიპერემია, ბუშტუკოვანი გამონაყარი, ნახეთქები, წვის შეგრძნება, რომელიც შეიძლება თავისით არც გადავიდეს და საჭირო გახდეს ექიმის ჩართულობა.

როცა დავინახავთ, რომ არის გამონაყარი, აუცილებელია ექიმი – დერმატოლოგის ჩართულობა, რათა დაინიშნოს სიმპტომურად თერაპია, გარეგანი საშუალებები, შეიძლება ჩართული იყოს ანტიჰისტამინები და აუცილებელია, რომ მზის დამცავი საშუალებები იყოს გამოყენებული.

Mayoclinic: მზისგან დამცავი კრემი წაისვით ყოველ ორ საათში ერთხელ – ან უფრო ხშირად, თუ ცურავთ ან ოფლიანობთ.

  • ვინ არიან რისკ-ჯგუფში?

მზის ალერგია შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა მისი გამოვლენა უპირატესად დამახასიათებელია 20-დან 40 წლის ასაკამდე ჯგუფებში.

ზოგადად მზის ალერგიისადმი მიდრეკილნი არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც აქვთ ღია ფერის კანი, თმა ან/და მშრალი კანი და ასევე, ის პირები, რომლებიც ზოგადად არიან მიდრეკილნი ალერგიისადმი.

მზის ალერგიის ზუსტი ეტიოლოგია – რა იწვევს და საიდან მომდინარეობს – უცნობია, შეიძლება იყო გენეტიკური წინასწარგანწყობაც, შეიძლება იყოს შეძენილი, ან შესაძლოა პაციენტი იღებდეს ისეთ მედიკამენტებს (ანტიბიოტიკები, კონტრაცეპტივები), რომლებმაც შეიძლება გაართულოს და ხელი შეუწყოს ამ მდგომარეობას.

  • გამონაყარი და სხვა გამოვლინებები მზის ალერგიისას ვლინდება მხოლოდ იქ, სადაც მზის სხივები ხვდება?

უმეტესად ვლინდება ხილულ ნაწილებზე, სადაც მზე აქტიურად გვანათებს, თუმცა შესაძლებელია ისეთ ნაწილზეც შეგვხვდეს, რომელიც დაფარულია ტანისამოსით ან საცურაო კოსტიუმით, ასეთი შემთხვევებიც არის.

  • რა არის პრევენცია და პროფილაქტიკა?

პირველ რიგში უნდა შევამციროთ რისკი მზის ალერგიის განვითარების. რუჯის მიღება უნდა მოხდეს თანდათანობით, არა – ერთიანად.

მაგალითად, თავდაპირველად რამდენიმე წუთით უნდა გავიდეთ მზეზე, შემდეგ ნელ-ნელა უნდა გავზარდოთ ეს დრო, ოღონდაც აუცილებლად სწორ დროს – დილის 10 საათამდე და შემდეგ 4-ის მერე. ამავდროულად, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული მზისგან დამცავი საშუალებები, აგრეთვე მზის ქუდი და მზის სათვალე.

რაც შეეხება კვების ნაწილს, რადგან პაციენტს ალერგიისადმი აქვს მიდრეკილება, რა თქმა უნდა, კვების რაციონში მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს ალერგიული პროდუქტები (მაგალითად მარწყვი და სხვა წითელი ფერის პროდუქტები), რომლებმაც შესაძლოა უფრო გაართულოს ალერგიის ფონი.

Mayoclinic: გრძელმკლავიანი პერანგები და ფართოპირიანი ქუდები დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი კანი მზისგან. ამავდროულად მოერიდეთ ქსოვილებს, რომლებიც ზედმეტად თხელია ან დიდი ნასვრეტები აქვს.

  • როგორია მკურნალობა?

ეს დამოკიდებულია მზის ალერგიის ფორმასა და სიმპტომატიკაზე. ამ დროს ინიშნება სიმპტომური მკურნალობა, იმის მიხედვით, თუ რა ჩივილები აქვს პაციენტს. ანუ ქავილის შემთხვევაში ქავილის მოსახსნელი, ანთების შემთხვევაში – ანთების მოსახსნელი საშუალებები.

რაც შეეხება განკურნებას, ჯერჯერობით მზის ალერგია ქრონიკულია, მაგრამ ხშირი რეციდივები (გამეორება) რომ არ გვქონდეს და ხშირად რომ არ გამოიწვიოს ასეთი რეაქცია კანზე, აუცილებელია მზის სხივებზე ყოფნა ზომიერი დროით და მზისგან დამცავი საცხების გამოყენება.

გაითვალისწინეთ, მზისგან დამცავი კრემი მზის ალერგიის დროს ეფექტურია, თუ ადამიანს იმ კონკრეტულ ნივთიერებებზეც არ აქვს ალერგია, რაც ამ კრემის შემადგენლობაშია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: