მთავარი,სიახლეები

რა კვებავს შიშს ბათუმში „თურქულ უბანზე“ – კვლევა

09.07.2021 • 12020
რა კვებავს შიშს ბათუმში „თურქულ უბანზე“ – კვლევა

„თურქული ქუჩები ხიბლს მატებს ჩვენს ქალაქს,“ – ეს ბათუმში მცხოვრებ ერთ-ერთ რესპონდენტს უთქვამს კვლევის დროს. ორგანიზაციამ „ლიბერალური აკადემია – თბილისი“ კვლევა ანტილიბერალურ განწყობებზე თბილისში, აჭარასა და სამეგრელოში ჩაატარა. კვლევის ერთ-ერთი საკითხი ესეც იყო, თუ როგორია დამოკიდებულება უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის, თურქების მიმართ.

კვლევის ავტორების დაკვირვებით, თურქების მიმართ აჭარაში კონტრასტული დამოკიდებულებაა. რესპონდენტების ერთი ნაწილის დადებითი შეხედულება ეფუძნება თურქების პოზიტიურ როლს აჭარის თანამედროვე ყოფაში, ხოლო მეორე – არაკეთილგანწყობილი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თურქების უმრავლესობას „აჭარის მიმართ იმპერიული ზრახვები აქვს“.

„თურქების მიმართ ნეგატიური განწყობა ფოკუსჯგუფის რესპონდენტებმა დიდწილად დაუკავშირეს რეგიონში მათ მომრავლებას, კომპაქტური დასახლებების გაჩენას, აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას. ღრმად არის ფესვგადგმული აღქმა, თითქოს ისინი გამომწვევად იქცევიან და აქვთ იმპერიალისტური ზრახვები, რაც ეფუძნება მათ მოსაზრებას, რომ ბათუმი თურქეთის ნაწილია. ფოკუსჯფუფების მონაწილეებმა მაგალითად მოიყვანეს ქუთაისის ქუჩა, სადაც „ფაქტობრივად, მინითურქეთია“, როგორც ბათუმისთვის უცხო, არაორგანული ელემენტი: „ქუთაისის ქუჩაზე მომუშავე ქართველებიც კი თურქულად ელაპარაკებიან ქართველებს. პატარა თურქეთია, რა“, – წერია კვლევაში.

აჭარაში ამ საკითხზე, კვლევის ფარგლებში, სულ 600 ადამიანი გამოკითხეს. კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ რესპონდენტების იმ ნაწილზეც, ვისი აზრითაც თურქები აჭარის რეგიონის მრავალფეროვნებასა და ეკონომიკურ განვითარებას უწყობენ ხელს.

„სულ არ მაწუხებს თურქული რესტორნები ქუთაისის ქუჩაზე. პირიქით, ძალიან მომწონს ეს ქუჩა და სტუმრებიც მიმყავს ხოლმე მანდ,“ – უთქვამს ერთ რესპონდენტს გამოკითხვის დროს ბათუმში.

რა იწვევს აგრესიას ბათუმში თურქების მიმართ? – კვლევის ავტორებმა ეს კითხვაც დასვეს – რამდენიმე არგუმენტი გამოიკვეთა, მათ შორის, ანტითურქული
პროპაგანდა ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომლებიც, ასევე მანიპულირებენ ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვით, რაც თითქოსდა თურქეთისთვის ტერიტორიული პრეტენზიის საფუძველი შეიძლება გახდეს, ასევე რელიგიური ფაქტორი, ვინაიდან „საქართველო ითვლება მართლმადიდებელ ქვეყნად“.

აქ წაიკითხეთ ინტერვიუ – „რა ელის აჭარას ყარსის ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 წლის თავზე“

რესპონდენტების ნაწილის აზრით, ანტითურქულ განწყობას რადიკალური პოლიტიკური ძალები კვებავენ, რომლებიც აგრესიულ აქციებს მართავენ ბათუმში.

„საგულისხმოა, რომ ამ რადიკალური ჯგუფების ყურადღების მიღმა რატომღაც რუსები რჩებიან, რომლებიც „ბევრად მეტნი არიან ბათუმში, ბევრად მეტს აქვს მიღებული მოქალაქეობა და ბევრად მეტი ფლობს უძრავ ქონებას,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

რესპონდენტები საუბრობენ ფინანსებზეც, რასაც, მათი მტკიცებით, თურქეთი გამოყოფს „რეგიონში გავლენების განმტკიცებისთვის“.

„თურქეთი გამოყოფს სახელმწიფო სტიპენდიას, თუ შეისწავლი თეოლოგიას. ეს თურქული პროპაგანდის ნაწილია,” „ბეჭდავენ ქართულ ენაზე წიგნებს. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, რას ასწავლიან ე.წ. მედრესეებში, არ ვიცით პროგრამები. თურქებს აქვთ კავშირი მუსლიმურ სამმართველოსთან,“ „მედრესეების სასწავლებლები ზედმეტად ბევრია. თურქეთი ფულითა და რელიგიით ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას,“ – უთქვამთ რესპონდენტებს ბათუმში.

ამ მხრივ კონტრარგუმენტები უთქვამთ ფოკუსჯგუფებში გამოკითხვის დროს მუსლიმ რესპონდენტებს. მათი მტკიცებით, მედრესეებში რელიგიურ რიტუალებს ასწავლიან კვირაში 2 – 3 საათი, ხოლო ძირითადად ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან.

კიდევ ერთი საინტერესო მიგნება:

„კვლევამ გამოავლინა მცირედი განსხვავება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, როცა საქმე ეხება თურქი ხალხისა და მათი საქართველოსადმი დამოკიდებულების შეფასებას. კერძოდ, თურქების უმრავლესობაზე უფრო ცუდი წარმოდგენა მუსლიმ ქართველებს აქვთ, ვიდრე – ქრისტიანებს, მაგრამ მოსაზრებას, რომ თურქებს საქართველოსთვის ცუდი უნდათ, უფრო მეტად ქრისტიანები ემხრობიან ვიდრე – მუსლიმები,“ – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, აჭარაში 50%-მდე მერყეობს მათი რაოდენობა, ვინც ნეიტრალურ ველში ავლენს საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოში სამ თვეზე მეტი ხნით დარჩენილი თურქების მიმართ. სამ რეგიონს შორის [თბილისი, სამეგრელო, აჭარა], აჭარაში ყველაზე დიდია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი დამოკიდებულება თურქების მიმართ: 16.3% დადებითად უყურებს ამ საკითხს (თბილისი – 15.4%, სამეგრელო – 11.7%), ხოლო 38.2% – უარყოფითად (თბილისი –
29.7%, სამეგრელო – 35.5%).

საქართველოში ჩამოსული თურქების მიმართ დადებითად განწყობილი უფრო მეტად მუსლიმები არიან (25.7%), ვიდრე – ქრისტიანები (10.9%). მეორე მხრივ, ნეიტრალურ დამოკიდებულებას ქრისტიანების 51.0% და მუსლიმების 32.2% ავლენს.

„გამოკითხულ რესპონდენტთა გამოკვეთილი უმრავლესობა (73.6%) მიიჩნევს, რომ თურქებს, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეობის მიღების უფლება. მათთვის მოქალაქეობის მინიჭების მომხრეთა რაოდენობა კი 23%-ია. ნეგატიურადაა ასევე განწყობილი რეგიონის ქრისტიანების 70.9% და მუსლიმების 78.6%,“ – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის ავტორების დაკვირვებით, თურქებისადმი ამ დამოკიდებულებებში განსაკუთრებულად კატეგორიული ქალი რესპონდენტები იყვნენ.

„თურქები კალიებივით არიან მომრავლებული, რაც მაღიზიანებს“, „ერთხელ გავიარეთ ქუთაისის ქუჩაზე და თურქი მამაკაცებისგან ისეთი მზერა ვიგრძენით, რომ იქ გავლა მეორედ აღარ მომინდება“, – უთქვამს გამოკითხვის დროს რესპონდენტს.

კვლევის მიხედვით, აჭარის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების უმრავლესობა უცხოელებისთვის და მათ შორის თურქებისთვის მოქალაქეობის გაცემის მომხრეა, თუმცა სხვადასხვა პირობით: გამოსაცდელი ვადა, კვოტები ცალკეული ქვეყნებისთვის და ასე შემდეგ.

„მოქალაქეობის მიღების უფლების მინიჭების ჭრილში, ახალგაზრდები გარკვეულ სიფრთხილეს მხოლოდ თურქებისა და რუსების მიმართ იჩენენ. გამოიკვეთა ამ ერების, განსაკუთრებით თურქების, საქართველოში მომრავლების შიშის განცდაც, რამაც შეიძლება მათი დომინირება გამოიწვიოს, ხოლო მოქალაქეობის მასობრივად მიღება იმ კუთხითაცაა საფრთხილო, რომ შესაძლოა, სამომავლოდ ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური საკითხები დადგეს,“ – აღნიშნულია კვლევაში.

ამ მაჩვენებლების პარალელურად რესპონდენტებს, თბილისისა და სამეგრელოს ფოკუსჯგუფებისგან განსხვავებით, უთქვამთ, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარია.

საქართველოს მთავარ მეგობრად აჭარაში უკრაინა დასახელდა. მეგობრებად შემდეგი თანმიმდევრობით, ასევე დასახელდნენ: ამერიკა, რუსეთი და თურქეთი.
სხვა რეგიონებთან შედარებით, რუსეთსა და თურქეთს საქართველოს მთავარ მეგობრად ყველაზე მეტად აჭარაში გამოკითხული რესპონდენტები ასახელებენ.

ამ თემაზე:

მითები და რეალობა „თურქულ უბანზე“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: